მზარდი უთანასწორობა: თანამედროვეობის მთავარი გამოწვევა

მზარდი უთანასწორობა: თანამედროვეობის მთავარი გამოწვევა

ავტორი: ზია ქურეში

გიორგი ყუშიტაშვილის თარგმანი

20 ნოემბერი 2024

მაღალი და მზარდი უთანასწორობა

უთანასწორობის ამჟამინდელი მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია. გლობალური უთანასწორობის დღევანდელი დონე ახლოსაა მეოცე საუკუნის ყველაზე მაღალ მაჩვენებელთან, რომელიც საუკუნის დასაწყისში მსოფლიო ომების წინა პერიოდში ფიქსირდებოდა და უთანასწორობის მკვეთრი ზრდით ხასიათდებოდა (ამ ეპოქას ისტორიოგრაფიაში Belle Époque-ად ან Gilded Age-ად მოიხსენიებენ).

 

უკანასკნელ ოთხ ათწლეულში არაერთ ქვეყანაში შემოსავლების უთანასწორობის ზრდის აშკარა ტენდენცია შეინიშნებოდა. შემოსავლების უთანასწორობის მაჩვენებელი გაიზარდა განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნების უმეტესობაში და ყველაზე დიდ განვითარებად ეკონომიკებშიც, რაც ჯამში მსოფლიო მოსახლეობის ორ მესამედსა და გლობალური მშპ-ის 85%-ს უტოლდება. (გრაფიკი #1) განვითარებული ეკონომიკებიდან უთანასწორობის ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევი იყო აშშ-ში, ხოლო განვითარებადი ქვეყნებიდან ჩინეთში, ინდოეთსა და რუსეთში.

 

გრაფიკი #1. უთანასწორობის მაჩვენებელმა მსოფლიოს უდიდეს განვითარებად ეკონომიკებსა და განვითარებული ეკონომიკების უმეტესობაში იმატა

უმდიდრესი 10%-ის შემოსავლების წილის ზრდა 1980-2020 წლებში:

წყარო: ავტორი, უთანასწორობის მონაცემთა მსოფლიო ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით

შენიშვნა: დაბეგვრამდელი შემოსავლები. ზოგიერთი მონაცემი ექსტრაპოლაციის შედეგადაა მიღებული.

 

ზემონახსენები განვითარებადი ქვეყნების გარდა, სხვა განვითარებად ქვეყნებში ტენდენცია უფრო შერეული იყო, თუმცა აქაც ბევრგანაა შესამჩნევი უთანასწორობის ზრდა. ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში,  ჩრდილოეთ აფრიკასა და სუბსაჰარულ აფრიკაში შემოსავლების უთანასწორობის დონე მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო, თუმცა ამ ქვეყნებში უთანასწორობა ისედაც მასშტაბური და მსოფლიოში ყველაზე მაღალია.

 

შემოსავლების უთანასწორობაზე კიდევ უფრო მაღალია ქვეყნებს შიგნით ქონებრივი უთანასწორობის დონე. 1980-იანი წლებიდან შემოსავლების უთანასწორობასთან ერთად ეს მაჩვენებელიც იზრდება. კაპიტალდაბანდებითა და მემკვიდრეობით მიღებული ქონების ხარჯზე მაღალი ქონებრივი უთანასწორობა სამომავლოდ შემოსავლების უთანასწორობასაც გაზრდის.

 

უთანასწორობის ზრდა განსაკუთრებით მოსახლეობის მაღალშემოსავლიანი სეგმენტის წილის ზრდით აღინიშნებოდა – განსაკუთრებით მკვეთრი იყო ყველაზე მაღალშემოსავლიანი 10%-ის შემოსავლების წილის ზრდა (და კიდევ უფრო მკვეთრი ყველაზე მაღალშემოსავლიანი 1%-ისა). ეს ტენდენცია ყველაზე თვალსაჩინო 2008-2009 წლების კრიზისამდე იყო. შემოსავლების წილი შემცირდა დაბალ და საშუალოშემოსავლიან სეგმენტში, განსაკუთრებით ქვედა 50%-ისთვის. ითვლება, რომ ეს ტენდენციები კავშირშია საშუალო კლასის გამოფიტვასთან და თაობათაშორისი მობილობის შემცირებასთან, განსაკუთრებით განვითარებულ ეკონომიკებში, სადაც უთანასწორობის ზრდის მაჩვენებლები უფრო მაღალია და დიდია პოლარიზაცია შემოსავლების განაწილებაშიც.

 

თუკი ქვეყნების შიგნით უთანასწორობა მზარდია, ქვეყნებს შორის უთანასწორობის მაჩვენებლები (ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალს შორის სხვაობა) პირიქით, შემცირების ტენდენციებს აჩვენებს. სწრაფად მზარდი ეკონომიკები, განსაკუთრებით ისეთი დიდი ქვეყნები როგორებიც ჩინეთი და ინდოეთია, განვითარებულ ეკონომიკებთან შემოსავლებს შორის სხვაობას ნელ-ნელა ამცირებენ. გლობალური უთანასწორობის მაჩვენებელი – ქვეყნებს შიდა და ქვეყანათშორისი უთანასწორობის ჯამი – 2000 წლიდან მეტ-ნაკლებად მცირდებოდა, თუმცა ეს უფრო ქვეყანათშორისი უთანასწორობის შემცირებით იყო განპირობებული, დიდწილად აღემატებოდა რა ეს უკანასკნელი ქვეყნების შიგნით უთანასწორობის ზრდის მაჩვენებელს. ქვეყნების შიგნით უთანასწორობის მაჩვენებელი დღემდე იზრდება და მასთან ერთად იზრდება მისი წილი გლობალურ უთანასწორობაში. თუკი 1980 წლისთვის ქვეყნების შიგნით უთანასწორობის მაჩვენებელი გლობალური უთანასწორობის მაჩვენებელის ნახევარსაც არ შეადგენდა, 2020 წლისთვის გლობალურ უთანასწორობაში მისი წილი დაახლოებით ორი მესამედია. თუ გავითვალისწინებთ რა სისწრაფით იზრდება ქვეყნებს შიგნით უთანასწორობა, სამომავლოდ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.

 

ქვეყნებს შიდა და ქვეყანათშორისი უთანასწორობის ეს ურთიერთქმედება, რასაც განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებს შორის ზრდის განსხვავებული ტემპებიც ემატება, საინტერესო სურათს ქმნის გლობალურ დონეზე საშუალო კლასის დინამიკაზე დასაკვირვებლად (ეს ტენდენციები კარგად ჩანს “სპილოს მრუდით“ ცნობილი გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებში). აქედან ვხედავთ, რომ 1980 წლიდან მოყოლებული განვითარებად ეკონომიკებში საშუალო კლასის წილი იზრდება, ხოლო მდიდარ ქვეყნებში პირიქით, საშუალო კლასი სულ უფრო იფიტება. ასევე ჩანს, რომ სიმდიდრე ძირითადად შემოსავლების განაწილების ყველაზე ზედა სეგმენტში გროვდება.

 

უთანასწორობის ზრდის გამომწვევი ფაქტორები

შემოსავლების გადანაწილების დინამიკას მნიშვნელოვნად ცვლის გლობალური ეკონომიკური პარადიგმების ძირეული გარდაქმნა. ტექნოლოგიური ცვლილებებით, პირველ რიგში, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებით გამოწვეული ცვლილებები ისე გარდაქმნიან ბაზრებს, ბიზნესის მოდელებსა და თავად შრომის ბუნებას რომ ქვეყნებს შიგნით უთანასწორობის ზრდა ლოგიკურ შედეგად იქცევა. ცხადია, სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკებში ცალკეული მახასიათებლები განსხვავებულია, თუმცა ეს პროცესი ძირითადად შემდეგი სამი გზით ხდება: შრომის ანაზღაურების არათანაბარი განაწილებით, რაც ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დაბალ და საშუალო კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნის შემცირებითა და მაღალკვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნის ზრდითაა გამოწვეული; შემოსავლების წილის გადანაცვლებით მშრომელი ძალიდან კაპიტალზე, რაც შრომის პროცესში ავტომატიზაციის ზრდითა და შრომის ანაზღაურების კომპანიის მოგებაზე ბმის წყვეტითაა გამოწვეული; და კაპიტალიდან მიღებული შემოსავლების გადანაწილების არათანაბარი ზრდით, რაც დომინანტური კომპანიების ხელში საბაზრო და ეკონომიკური ძალაუფლების მზარდი კონცენტრაციითაა გამოწვეული. ეს დინამიკა უფრო მეტად შესამჩნევია განვითარებულ ეკონომიკებში, თუმცა ასევე დიდი გავლენა აქვს განვითარებად ეკონომიკებზეც, სადაც კაპიტალის მხრიდან ახალ ტექნოლოგიებსა და მაღალკვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნის ზრდა ასევე ღრმა ნაპრალებს აჩენს შემოსავლების განაწილებაში.

 

გლობალიზაცია (საერთაშორისო ვაჭრობა, ოფშორიზაცია) უთანასწორობის მატების კიდევ ერთი განმაპირობებელი ფაქტორია, განსაკუთრებით განვითარებულ ეკონომიკებში, სადაც მისი შედეგები განსაკუთრებით მძიმედ დაბალკვალიფიციურ მუშახელზე აისახება. ფართოა იმ სექტორთა რიცხვი, რომლებზეც გლობალიზაცია ნეგატიურ გავლენას ახდენს – ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, გარდა წარმოებისა, შესაძლებელი ხდება სხვა ტიპის ეკონომიკური აქტივობების (მაგ. სერვისების) საზღვრებს გარეთ გატანაც.

 

ტექნოლოგიური ცვლილებები განვითარებად ეკონომიკებში საერთაშორისო ვაჭრობის ნეგატიურ გავლენას ზრდის. განვითარებულ ეკონომიკებში შექმნილი ახალი ტექნოლოგიები საწარმოო და გლობალური მასშტაბის ქსელებს კაპიტალისა და კვალიფიკაციის ინტენსიფიკაციისკენ უბიძგებენ. კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად განვითარებად ეკონომიკებში არსებული წამყვანი საწარმოო კომპანიები, რომლებიც ექსპორტზე არიან ორიენტირებულნი, ამ ტექნოლოგიებს ითვისებენ, რაც დაბალკვალიფიციური კადრებისთვის მაღალ პროდუქტიულობაზე ორიენტირებულ ეკონომიკურ სეგმენტში დასაქმებისა და ხელფასის ზრდის შანსებს ამცირებს, მაშინ როცა, როგორც წესი, კაპიტალისა და კვალიფიკაციის დაბალი ინტენსივობის პირობებში დაბალკვალიფიკაციური კადრები მოგებულნი რჩებიან. ამდენად, მცირდება შანსი საერთაშორისო ვაჭრობისა და დაბალკვალიფიკაციურ მუშახელზე მოთხოვნის ზრდის საშუალებით უთანასწორობის დონის შემცირებისა. ამასთან, პატარა კომპანიები, რომლებიც განვითარებად ეკონომიკებში ამ დაბალკვალიფიციური მუშახელის დამსაქმებელი ხდება, ძირითადად დაბალ პროდუქტიულობაზე გათვლილ აქტივობებშია ჩართული, ხშირად არაფორმალურ ეკონომიკასა და წვრილმან სერვისებში.

 

უკანასკნელ ათწლეულებში განვითარებადი ეკონომიკებისთვის საექსპორტო შესაძლებლობების ზრდითა და ეკონომიკური ზრდის სტიმულიზაციით გლობალიზაცია ეკონომიკებს შორის უთანასწორობის შემცირების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. თუმცა წარმოების პროცესსა და ვაჭრობის მოდელებში ტექნოლოგიური განვითარებით გამოწვეული ცვლილებები, გლობალიზაციის, როგორც ეკონომიკათა გამაერთიანებელი ფაქტორის, ფუნქციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

 

შემოსავლების გადანაწილებაში უთანასწორობის ზრდის სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებს შორისაა ინსტიტუციურ დონეზე მომხდარი ცვლილებები, ისეთი როგორიც იყო ეკონომიკის დერეგულაცია, გაზრდილი ფინანსიალიზაცია, რასაც თან ერთვოდა ფინანსების მაღალი კონცენტრაცია ისედაც მაღალშემოსავლიან სეგმენტში და შრომის ბაზრის ინსტიტუციური დასუსტება მინიმალური ხელფასის და შრომითი დავების გადაწყვეტაში კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების გაუქმებით. დამატებით, სულ უფრო მცირდებოდა სახელმწიფოს, როგორც შემოსავლების სამართლიან გადანაწილებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტის როლი პროგრესული გადასახადებისა და ზოგადად ფისკალურ პოლიტიკაზე სახელმწიფოს გავლენების შემცირებით.

 

საჯარო პოლიტიკის როლი

სახელმწიფოებში უთანასწორობის ასეთი დიდი მასშტაბით ზრდა არც ტექნოლოგიური ცვლილებებისა და არც გლობალიზაციის აუცილებელ და გარდაუვალ შედეგს არ წარმოადგენს. ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ პასუხობს ქვეყნების საჯარო პოლიტიკა ამ ფაქტორებით გამოწვეულ ახალ დინამიკას. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკაზე აღნიშნული საერთო ფაქტორები ახდენდნენ გავლენას, უთანასწორობის ზრდა ყველგან ერთნაირი არ ყოფილა. ეს სხვაობა უმეტესწილად დამოკიდებულია ამ ქვეყნების შიდა ინსტიტუციურ მოწყობაზე და იმაზე, თუ როგორ უპასუხა მათმა შიდა სისტემამ ახალ გამოწვევებს. სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მრუდზე ძირითად გავლენას სწორედ საჯარო პოლიტიკა ახდენდა. უმეტეს შემთხვევაში მან ვერ შეძლო ახალ გამოწვევებზე ისეთი პასუხის გაცემა, რომელიც ახალ ეკონომიკურ რეალობაში უფრო ინკლუზიურ გარემოსა და შედეგებს მოგვცემდა.

 

როგორც წესი, საჯარო პოლიტიკის როლი რესურსების გადანაწილების (redistribution) ვიწრო კონტექსტში განიხილება – მისი როლი გადასახადების აკრეფითა და მათი გადანაწილებით შემოიფარგლება. ეს საჯარო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ელემენტია, განსაკუთრებით უკანასკნელ ათწლეულებში სახელმწიფოს როგორც, რესურსების სამართლიან გადანაწილებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტის როლის შემცირების პირობებში. თუმცა არსებობს საჯარო პოლიტიკის უფრო ფართო ფუნქციაც –  რესურსების წინასწარი გადანაწილებისა (predistribution) – რასაც შეუძლია ეკონომიკური ზრდის პროცესი უფრო ინკლუზიური გახადოს და მცირე კომპანიებისა და მშრომელებისთვის ახალ შესაძლებლობებზე წვდომის ზრდითა და ბაზრის ახალ დინამიკაზე მათი შესაძლებლობების მორგებით, საბაზრო სისტემის პირობებში უკეთესი შედეგები მოგვცეს.

 

ეს უკანასკნელი ფუნქცია მოიცავს სამართლიანი კონკურენციის დანერგვისკენ მიმართულ პროგრამებსა და მარეგულირებელ ჩარჩოებს, რომლებმაც ციფრულ ხანაში ხელი უნდა შეუწყოს ბაზრებში კონკურენტული გარემოს არსებობასა და მათ ინკლუზიურობას; ინოვაციურ ეკოსისტემასა და ტექნოლოგიურ პროგრამებს, იმისთვის რომ ინოვაცია ადამიანთა უფრო ფართო ჯგუფებისთვის იყოს ხელმისაწვდომი; ციფრული ინფრასტრუქტურის შექმნას და ციფრული ცნობიერების ამაღლებას, რათა შემცირდეს „ციფრული დაყოფა“; საგანმანათლებლო და ტრენინგ პროგრამებს რათა მოხდეს მშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება; და შრომითი ბაზრის პროგრამებსა და სოციალური დაცვის სისტემის შექმნას, რამაც შესაძლებლობა უნდა მისცეს მშრომელებს რომ სამართლიანად მიიღონ საკუთარი წილი და ტრანზიციის პროცესში ჰქონდეთ სათანადო დახმარება. ახალი ეკონომიკური დინამიკის პირობებში ჩამოთვლილი მიმართულებებიდან ბევრი მათგანი საჯარო პოლიტიკის ჩარჩოში სრულ გადააზრებას საჭიროებს.

 

უთანასწორობის სამომავლო პერსპექტივები

უთანასწორობასთან ბრძოლის ეფექტური პროგრამების არარსებობის პირობებში, სავარაუდოა რომ უთანასწორობის ამჟამინდელი დონე შენარჩუნდება ან კიდევ უფრო გაიზრდება. ხელოვნურმა ინტელექტმა და ავტომატიზაციის დონის ზრდამ შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს ქვეყნებს შიგნით უთანასწორობის დონე. იმ შემთხვევაშიც კი თუ ახალი ტექნოლოგიები გაზრდის პროდუქტიულობას და ხელს შეუწყობს მეტი ეკონომიკური დოვლათის დაგროვებას, ხოლო გამქრალი სამუშაო ადგილების ნაცვლად ახალ სექტორებში გაჩნდება ეს ადგილები, უთანასწორობის დონე მაინც შეიძლება გაიზარდოს. კოვიდ-19-ის პანდემიამ უთანასწორობის ზრდის დინამიკა კიდევ უფრო გააძლიერა. დამატებით, ზედა ფენებში სიმდიდრის მასშტაბურმა და კიდევ მზარდმა კონცენტრაციამ იგივე შედეგი შეიძლება გამოიღოს.

 

ტექნოლოგიური განვითარება ახალ საფრთხეებს უქმნის იმ ეკონომიკურ დაახლოებას, რომელმაც უკანასკნელ ორ ათწლეულში შესაძლებელი გახადა ქვეყნებს შორის უთანასწორობის შემცირება. სწრაფად მზარდი განვითარებადი ეკონომიკები უკანასკნელ წლებში ძირითადად დამოკიდებულნი იყვნენ მუშახელზე ორიენტირებული წარმოების ექსპორტზე, რასაც დაბალკვლაიფიციური და დაბალ ხელფასზე მომუშავე მუშახელი სჭირდებოდა. ამ შედარებითი უპირატესობის წყაროს მომავალში დაბალკვალიფიციური სამუშაო ადგილების ავტომატიზებული დანადგარებით ჩანაცვლება გააბათილებს. ვინაიდან ტექნოლოგიური ცვლილებები ეკონომიკური ზრდისა და განვითარების აქამდე წარმატების მომტან გზებს ცვლიან, განვითარებად ეკონომიკებს საკუთარი ზრდის მოდელების შესაბამისად გადაწყობა მოუწევთ.

 

განვითარებადი ეკონომიკების ზრდის პერსპექტივები სხვა გამოწვევების წინაშეც დგას, როგორიცაა პანდემიის შემდგომი ეფექტები და უკრაინაში მიმდინარე ომითა და არასტაბილური გეოპოლიტიკური მდგომარეობით გამოწვეული შეფერხებები გლობალურ ვაჭრობაში. თუ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკების ზრდა შეფერხდა, ეს გლობალური უთანასწორობის შემცირების იმ მცირედ ტენდენციასაც შემოაბრუნებს, რაც 2000 წლიდან მოყოლებული ქვეყნებს შორის უთანასწორობის შემცირების შედეგად შეინიშნებოდა.

 

დამატებითი ფაქტორია კლიმატური ცვლილება, რამაც შეიძლება ქვეყნებს შიდა და ქვეყნების შორისი უთანასწორობაც გაზარდოს. დაბალშემოსავლიან ჯგუფებსა და ქვეყნებს გაცილებით ნაკლები რესურსი აქვთ კლიმატის ცვლილების დამაზიანებელ შედეგებთან გასამკლავებლად.

 

დასკვნა

შემოსავლებსა და სიმდიდრეში უთანასწორობის მაჩვენებელი გაზრდილია. ამ ტენდენციასთან ბრძოლის ეფექტური პროგრამების გარეშე ის შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. უთანასწორობის მაღალ და მზარდ მაჩვენებლებს მძიმე ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური შედეგები ახლავს თან. პოლიტიკაზე პასუხისმგებელმა პირებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ციფრულ ხანაში შემოსავლებისა და სიმდიდრის გადანაწილების ცვალებად დინამიკას და საკუთარი ძალისხმევა უფრო ინკლუზიური გარემოს შექმნისკენ მიმართონ. ისტორია გვაჩვენებს, რომ უთანასწორობის მასშტაბური და უყურადღებოდ დატოვებული ზრდა კარგად არ სრულდება.