დეკემბრის დასაწყისში, თურქეთის მოსაზღვრე იდლიბის პროვინციაში ბაზირებული ამბოხებულების მიერ დაწყებულმა კამპანიამ, რომელიც სამხრეთში მოქმედ ამბოხებულთა ფორმირებებთან იყო კოორდინირებული, მოკლე ხანში დაიკავა სირიის ჩრდილოეთი, გარდა ქურთების კონტროლირებადი ზონისა და ქვეყნის დედაქალაქის – დამასკოსკენ დაიწყო სვლა. მიუხედავად პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების და მისი რუსი და ირანელი მოკავშირეების მცდელობებისა, ეფექტური თავდაცვის ხაზის ორგანიზება ვერ მოხერხდა და 8 დეკემბერს, შუაღამის შემდეგ, ბაშარ ალ-ასადმა და მისი ოჯახის წევრებმა სირია დატოვეს. ისე, რომ არათუ უახლოესი თანამებრძოლები, ოჯახის წევრებიც კი არ გააფრთხილეს. ამბოხებულები, პირველ რიგში სუვაიდას პროვინციის დრუზი ამბოხებულები და დარაას პროვინციაში მოქმედი, რუსეთის უშუალო მოლაპარაკებების შედეგად «შემორიგებული» ფორმირებები, დამასკოში შევიდნენ. რამდენიმე საათში დამასკოს მიაღწიეს იდლიბში ბაზირებული ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის მებრძოლებმაც და მათი ლიდერი აჰმად ალ-შარაა ან როგორც უფრო ცნობილია, აბუ მუჰამად ალ-ჯულანი, სირიის ფაქტობრივი ლიდერი გახდა. ასადის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა მუჰამად ღაზი ალ-ჯალალმა ხელი მოაწერა ძალაუფლების გადაცემის ხელშეკრულებას და შეიქმნა სირიის გარდამავალი მთავრობა, რომელსაც სათავეში მუჰამად ალ-ბაშირი ჩაუდგა.
სირიის ახალმა ხელისუფლებამ სწრაფად დაიწყო ხელისუფლების კონსოლიდაცია და საერთაშორისო ლეგიტიმაციის ძიება. ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება, მიუხედავად სამოქალაქო ომის ძირითად ფაზაში წარმატებისა (რომელიც რუსეთის, ირანის და ლიბანური ორგანიზაცია ჰეზბოლას დამსახურება იყო) უძლური აღმოჩნდა ერთი მხრივ შეექმნა ეფექტური მმართველობა საკუთარ ტერიტორიაზე, მეორე მხრივ კი საერთაშორისო ლეგიტიმაცია აღედგინა. უფრო მეტიც, ირანთან და რუსეთთან კავშირების გამო, ასადის ხელისუფლებას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კეისრის აქტის სახელით ცნობილი, ადრინდელზე ბევრად უფრო მძიმე სანქციები დაუწესა, რამაც ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, ისედაც რთული ეკონომიკური სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესა. ამგვარად, ახალი ხელისუფლებისთვის მთავარ საზრუნავად საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვება იქცა.
საერთაშორისო ლეგიტიმაციის პირველი ნაწილის – იურიდიული აღიარების მოპოვება ახალ ხელისუფლებას წესით არ უნდა გაუჭირდეს. ახალი ხელისუფლების დამასკოში შესვლიდან მალევე, ქალაქს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის უფროსი იბრაჰიმ ქალინი ეწვია. 14 დეკემბერს, 8 არაბული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოსცეს დეკლარაცია რომ მათი ქვეყნები მხარს უჭერდნენ სირიის დემოკრატიულ გარდაქმნას, რასაც მალევე მოჰყვა კატარის და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი დამასკოში. რეგიონის ქვეყნებს ევროპის ქვეყნების მხრიდან მოჰყვა პოზიტიური სიგნალები და 3 იანვარს დამასკოს იტალიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვივნენ, რასაც მალევე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი მოჰყვა. 7 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ გამოაცხადა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ერთი ნაწილის შერბილების და ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნის მხარდაჭერის შესახებ, რამაც გააჩინა იმედი რომ აშშ ეტაპობრივად მოხსნის სანქციებს, რაც სირიის ეკონომიკას, ომით გამოწვეული დანაკარგების აღდგენის მნიშვნელოვან შესაძლებლობას მისცემს.
თუმცა, პოზიტიური სიგნალების მიუხედავად, შეიძლება ითქვას რომ სირიის ახალი ხელისუფლების შიდა და საგარეო პოლიტიკური გამოცდა სწორედ ახლა იწყება, რისი მიზეზიც რთული შიდა და საგარეო პოლიტიკური ფაქტორებია.
პირველი სერიოზული გამოცდა, რომელიც სირიის ახალი ხელისუფლების წინაშე დგას, ქვეყნის შიგნით ძალაუფლების კონსოლიდაციაა. მართალია ახალმა ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო საველე მეთაურების და მებრძოლების ახალ სისტემაში ინტეგრაცია და როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო თანამდებობებზე დანიშვნა, მაგრამ სირიაში რჩებიან ფიგურები, რომლებიც, იმის დამსახურებით რომ მათი სამხედრო და პოლიტიკური კაპიტალი ისეთ ძალებს ეყრდნობა, რომლებიც ალ-შარაას და მის ფორმირებისაგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდნენ და განვითარდნენ, ინარჩუნებენ ფაქტობრივ დამოუკიდებლობას და ამბიციებს რომ საკუთარი გავლენა განავრცონ. ასეთ ფიგურებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იორდანიის მოსაზღვრე დარაას პროვინციაში მოქმედი სამხრეთის საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელი აჰმად ალ-ავდაა. ალ-ავდა, რომლის კონტროლის ქვეშ მოქმედმა ფორმირებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს დამასკოს აღებაში, საკმაოდ ორაზროვანი წარსულის მქონე ფიგურაა, რომელიც ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ, იმავე ხელისუფლებასთან, რუსეთის სპონსორობით მორიგებას დათანხმდა და ე.წ. შემორიგებული ამბოხებულების ფრაქციის ხელმძღვანელი იყო, რომლებიც ხელისუფლებას დარაას პროვინციაში ამბოხებულთა დანარჩენი ფრაქციების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდნენ. ამის საშუალებით, ალ-ავდამ საკმაოდ სერიოზული სამხედრო და ფინანსური საშუალებების შეკრება შეძლო და მათი გამოყენებით აქტიურად ცდილობს დარაას პროვინცია საკუთარ კონტროლირებად ავტონომიურ ერთეულად აქციოს. რაც სრულიად ეწინააღმდეგება ახალი ხელისუფლების და რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალის თურქეთის ამბიციებს რომ სირია უნიტარულ სახელმწიფოდ დარჩეს.
მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა და ფაქტობრივი ავტონომია, რომელიც სირიის სამხრეთში წარმოიქმნა, ეს უმეტესწილად დრუზებით – ისლამის მონათესავე მონოთეისტური რელიგიის მიმდევრებით დასახლებული სუვაიდას პროვინციაა, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მიუხედავად ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებისადმი ნომინალური ერთგულებისა, ფაქტობრივ ავტონომიურ ერთეულს წარმოადგენდა. მართალია სუვაიდას მოსახლეობამ და აქ მოქმედმა ფორმირებებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს დამასკოს დაკავებაში, მაგრამ ახალ ხელისუფლებას, მისი ისლამისტური წარსულის გამო არ ენდობიან და იურიდიული გარანტიების მიღებამდე, რომლებიც პროვინციის და მისი მოსახლეობის უფლებებს საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრავს, სიფრთხილეს ინარჩუნებენ. დრუზების სიფრთხილეს განაპირობებს ისიც, რომ ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის მმართველობის პერიოდში, მის მიერ კონტროლირებად იდლიბის პროვინციაში ადგილობრივი დრუზების იძულებითი ისლამიზაციის ფაქტები დაფიქსირდა და მიუხედავად სირიაში შექმნილი ახალი სტატუს-კვოსი და ორგანიზაციის ლიდერების მიერ რებრენდინგის მცდელობებისა, მათი ისლამისტური ბექგრაუნდი რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის ახალი ხელისუფლებისადმი უნდობლობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი სირიის ჩრდილო-დასავლეთში არსებული ფაქტობრივი ქურთული ავტონომიაა, რომელიც არაბებით დასახლებულ მნიშვნელოვან ტერიტორიებს და სირიის ნავთობრესურსების მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს. მას ასევე გააჩნია დასავლეთის ქვეყნების, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა, ჰყავს მნიშვნელოვანი შეიარაღებული ფორმირებები, რომელთა მიერ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ნათამაშევმა როლმაც სირიელი ქურთების პოლიტიკურ და სამხედრო ფორმირებებს დიდი საერთაშორისო ლეგიტიმაცია შესძინა. სირიის ახალ ხელისუფლებას, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ქურთულ ფორმირებებთან ბრძოლის არც სურვილი და არც რესურსი არ გააჩნია. მაგრამ, იმის გამო რომ სირიის ყველაზე დიდი მეზობელი თურქეთი, რომელთანაც სირიის ოპოზიციას, ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩათვლით, მჭიდრო ურთიერთობა გააჩნდა და განსაკუთრებით ეკონომიკური კუთხით, ახლაც ძალიან არის დამოკიდებული, სირიის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის ქურთული ავტონომიის წინააღმდეგია, განცხადებების დონეზე სირიის ამჟამინდელი ხელისუფლება და აჰმად ალ-შარაა იძულებულები არიან ქვეყნის უნიტარული წყობის შენარჩუნებასთან დაკავშირებული განცხადებები გააკეთონ.
მიუხედავად წარსული თანამშრომლობისა, ქურთული საკითხი სირიას, ვინც არ უნდა იყოს მის ხელისუფლებაში და თურქეთს შორის დიდი ალბათობით ამჯერადაც პრობლემად დარჩება. მართალია სირიის ხელისუფლებები, ჯერ კიდევ დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, აქტიურად ცდილობდნენ ქურთების ამბიციების კონტროლს, მაგრამ გეოპოლიტიკური სიტუაცია მათ ყოველთვის აიძულებდა შეენარჩუნებინათ თურქეთზე პოტენციური ზეწოლის ინსტრუმენტი, რომელიც, თურქეთში ქურთული საკითხის გამწვავებასთან ერთად, როგორც წესი სირიის ქურთული მოსახლეობა და მათი თურქეთელ თანამოძმეებთან კავშირი იყო. ის ფაქტორები, რომლებიც სირიის ხელისუფლებას აიძულებდა ქურთებთან ეთანამშრომლა, კვლავ ნარჩუნდება. მაგალითად, თურქეთის მიერ ტიგროსზე და ევფრატზე აშენებული კაშხალები კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნის სირიის აგრიკულტურულ და ჰიდროუსაფრთხოებას, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან ჩრდილოეთ სირიის როგორც ქურთული, ისე არაბული რეგიონების ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობასთან. ამავე დროს, სირიის ახალი ხელისუფლების დანარჩენი მოკავშირეები, პირველ რიგში ყურის ქვეყნები და ეგვიპტე, სირიაში თურქეთის გავლენის პოტენციურ ზრდას სიფრთხილით უდგებიან და განსაკუთრებით ყურის ქვეყნებს, საკმაოდ სერიოზული ფინანსური და დიპლომატიური ბერკეტები გააჩნიათ სირიაში თურქეთის სამომავლო ინტერვენციის პოტენციური შეკავებისთვის.
სირიის ახალი ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებების მიუხედავად, თურქეთი კვლავ ინარჩუნებს უშუალოდ მის მიერ კონტროლირებად შეიარაღებულ ფორმირებებს, პირველ რიგში სირიის ეროვნულ არმიას, რომელსაც სირიის ამჟამინდელი ხელისუფლებების შემადგენელ ფრაქციებთან პრობლემური ურთიერთობა ჰქონდა და ამავე დროს სერიოზული შიდა დისციპლინური პრობლემები გააჩნია. სირიის ეროვნულ არმიას თურქეთი ამ ეტაპზე ძირითადად ქურთულ ფორმირებებთან საბრძოლველად იყენებს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ის სირიის შიდა პოლიტიკაზე გავლენის პოტენციურ ინსტრუმენტად მოიაზრება, რაც სამომავლოდ თურქეთს და სირიის ახალ ხელისუფლებას შორის კონფლიქტს არ გამორიცხავს.
მიუხედავად დასავლეთის და არაბული ქვეყნების პოზიტიური მიდგომებისა, სირიის ახალი ხელისუფლებისთვის საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვება, ხელსაყრელი გეოპოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, საკმაოდ ბევრ დაბრკოლებასთან არის დაკავშირებული. ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი, ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ნუსრას ფრონტიდან იღებს სათავეს, რომელიც თავის მხრივ ცნობილი ალ-კაიდას ერაყის ფილიალის ერთ-ერთ დანაყოფს წარმოადგენდა. რაც როგორც სირიაში მცხოვრები რელიგიური უმცირესობების და ზომიერი სუნიტებისთვის, ისე დასავლეთის ქვეყნებისთვის საკმაოდ პრობლემური საკითხია, რაც ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის ხელმძღვანელობამ მას შემდეგ რაც ისინი იდლიბის პროვინციაში აღმოჩდნენ იზოლირებულები, მალევე გააცნობიერა და უკვე 2018 წლიდან, ორგანიზაციის ახალი იმიჯის შექმნა და იდლიბის პოლიტიკური და სოციალური გარდაქმნა მათ მთავარ პრიორიტეტებად იქცა.
აჰმად ალ-შარაამ, რომელიც მაშინ ჯერ ისევ თავისი ჯერ კიდევ ალ-კაიდას დროინდელი მეტსახელით აბუ მუჰამედ ალ-ჯულანით იყო ცნობილი, მალევე გააცნობიერა რომ ისლამური სახელმწიფოს ინტერნეტ მიმად ქცეული სისასტიკე კონტრპროდუქტიული იყო, ხოლო ასადის ხელისუფლებას მოსახლეობის დიდი ნაწილის თვითგადარჩენის ინსტინქტი და რუსულ-ირანული ინტერვენცია ასულდგმულებდა. სირიის პოტენციური ლიდერის კანდიდატურას კი ორი რამ სჭირდებოდა – წარმატებული მართვის გამოცდილება და იმიჯი, რომლის გამოყენებითაც ის საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვებას შეძლებდა. იდლიბი საინტერესო პოლიტიკური და ადმინისტრაციული ექსპერიმენტის ცენტრად იქცა. შეიქმნა ეფექტური ინფრასტრუქტურა,მუნიციპალური სერვისები და საგადასახადო სისტემა, სრულიად იქნა გამოყენებული კავშირები თურქეთთან და არაბულ ქვეყნებთან იმისათვის რომ სავაჭრო ურთიერთობები გაგრძელებულიყო, პროვინციაში გაიხსნა სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და სხვა. საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვების მიზნით შერბილდა არაერთი რელიგიურად მოტივირებული აკრძალვა და რელიგიური უმცირესობების მიმართ ზეწოლა შესუსტდა.
მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცა ორგანიზაციულ რებრენდინგსაც, ისლამური ორგანიზაციებისათვის დამახასიათებელი სამხედრო სისტემა ტრადიციულმა შეცვალა, ამირები და ნაიბები მაიორებად და პოლკოვნიკებად იქცნენ. თავად ალ-ჯულანიმაც წვერი ფიდელ კასტროს სტილში შეიჭრა, ლათინოამერიკული სტილის სამხედრო ყაიდის მწვანე სამოსში გამოეწყო, ხოლო ოფიციალურ შეხვედრებზე ოფიციალურად დაიწყო ჩაცმა. გაიხსენა ისიც რომ ახლო აღმოსავლეთის სეკულარული და მემარცხენე კულტურული კოდები და ჟარგონი მისთვის სრულიადაც არ იყო უცხო – მამამისი ნასერისტი პროფესორი, დედა კი სკოლის მასწავლებელი იყო ისეთ ქვეყანაში, სადაც ქალების შრომით საქმიანობაში მონაწილეობა სეკულარული ოჯახებისთვისაც კი უცხო გახლდათ. რებრენდინგის დაგვირგვინება კი 2024 წლის დასაწყისიდან, მეტსახელის ნაცვლად ნამდვილი გვარის და სახელის გამოყენება იყო, ასე და ამგვარად, 2000-იანი წლების შემდეგ პირველად, აბუ მუჰამად ალ-ჯულანი კვლავ აჰმად ალ-შარაად იქცა.
ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას, რომელმაც რუსეთის,ირანის და ჰეზბოლას ინტერვენციის შედეგად არსებობა გაიხანგრძლივა, მსგავსი ნაბიჯების გადადგმა არც უცდია. მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კორუფცია და გაჭირვება სუფევდა, რომლებიც 2021 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოცემულმა კეისრის აქტმა და თანმდევმა სანქციებმა კიდევ უფრო დაამძიმა. ამას დაერთო ისიც, რომ სინთეტური ნარკოტიკის კაპტაგონის ინდუსტრია სირიის ხელისუფლების ფაქტობრივად მთავარ შემოსავლის წყაროდ იქცა. ხელისუფლების არაეფექტურობის ნიშანი იყო ისიც რომ სუვაიდას და დარაას პროვინციებში კონტროლი ფაქტობრივად ადგილობრივი ფორმირებების ხელში გადავიდა, ხელისუფლება კი ნომინალური მორჩილების სანაცვლოდ ამაზე თვალს ხუჭავდა. ამ სიტუაციაში, იდლიბის ფრაქციებმა აქტიურად დაიწყეს მოლაპარაკებები ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიებზე მოქმედ ფრაქციებთან, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებთან და ოფიცრებთან და როგორც აღმოჩნდა წარმატებითაც. შედეგად, უმეტესად ალავიტებით (რომელთაც პრეზიდენტი ასადი და მისი ოჯახიც ეკუთვნიან) დაკომპლექტებული ელიტური სამხედრო ფორმირებების და რელიგიური უმცირესობებისგან შემდგარი ადგილობრივი თავდაცვის ძალების ფორმირებების ჩათვლით, ასადის არმიას დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია და ამბოხებულებმა პრეზიდენტ ასადის ხელისუფლება დიდი ბრძოლის გარეშე დაამხეს.
სირიის ახალმა ხელისუფლებამ, მისი ბექგრაუნდის მიუხედავად, გამოაცხადა რომ სირიაში ისინი ქვეყნის რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესაბამისად იმოქმედებენ და ამის სადემონსტრაციოდ, შობის და ახალი წლისათვის ქრისტიანებს დეკორაციების დადგმის და საჯარო აღნიშვნის უფლება მიეცათ. მიუხედავად უცხოელი ჯიჰადისტების მიერ ნაძვის ხის დაწვისა, დღესასწაულმა უმეტესწილად მშვიდად ჩაიარა. მიუხედავად ცალკეული ინციდენტების და სოციალურ მედიაში გავრცელებული წინააღმდეგობრივი ცნობებისა, ჯერჯერობით სიმშვიდეა ალავიტებით დასახლებულ რეგიონებში. თუმცა, სრულიად მოულოდნელი რიტორიკა სირიის მრავალფეროვნებაზე და ტოლერანტობაზე შესაძლოა სირიის ახალი ხელისუფლების აქილევსის ქუსლი გამოდგეს. ოპოზიციის მიერ კონტროლირებად იდლიბის ანკლავში არაერთი უცხოელი ისლამისტიც იმყოფებოდა, რომლებიც ხშირად ადგილობრივ კადრებზე ბევრად რადიკალურები იყვნენ და ადგილობრივი ფრაქციების კონტროლს ბოლომდე არ ემორჩილებოდნენ. ამავე დროს, თავად სირიელ ისლამისტებს შორისაც არიან წარმოდგენილი ისეთი კადრები, რომლებიც აჰმად ალ-შარაას მიერ რიტორიკის შერბილებას და იმიჯის ცვლილებას უარყოფითად აფასებენ და პირველ რიგში შიიტი მუსლიმების და ალავიტების მიმართ რევანშისტულად არიან განწყობილი. მათი ნაწილი ასევე უკმაყოფილოა იმითაც, რომ სირიის ახალი ხელისუფლება ბევრ არაფერს ამბობს ისრაელზეც. მართალია სირიის ახალი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს უცხოელი ჯიჰადისტების ახალ სამხედრო და პოლიტიკურ სისტემაში ინტეგრაციას და ნატურალიზაციას, მაგრამ საბოლოო შედეგების განჭვრეტა საკმაოდ რთულია.
მიუხედავად რიტორიკისა, აჰმად ალ-შარაას გზა რთულია, თურქეთის არსებულზე ფართომასშტაბიანი ინტერვენციის რისკი ქვეყნის ჩრდილოეთში, ფრაქციებს შორის არსებული უთანხმოებები და ისრაელის მიერ დამატებითი ტერიტორიების ოკუპაცია ქვეყნის შიდა სტაბილურობას უშუალოდ უქმნის საფრთხეს. ასადის ხელისუფლების ლოიალისტები, არაფექტურად, მაგრამ ჯერ ისევ მოქმედებენ ალავიტებით დასახლებულ რეგიონებში და მიუხედავად დასავლეთის ქვეყნების და თურქეთის პოზიტიური სიგნალებისა, ეკონომიკური სიტუაცია კვლავ ძალიან რთულია. მაგრამ ის ფაქტი რომ სირიელი ხალხი, განურჩევლად რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, ომით დაიღალა, სირიის ახალ ხელისუფლებას მნიშვნელოვან ლეგიტიმაციას, დიდ შანსს და უფრო დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს.