ოჯახის და სიყვარულის სახელით: ზრუნვის შრომა, შრომის ბაზარი და სახელმწიფოს პოლიტიკა საქართველოში

ოჯახის და სიყვარულის სახელით: ზრუნვის შრომა, შრომის ბაზარი და სახელმწიფოს პოლიტიკა საქართველოში

ავტორი: ინა ჩარკვიანი

22 მაისი 2024

პოლ ელრიხის „მოსახლეობის ბომბის“ სახელით ცნობილი თეორიის თანახმად[1], მოსახლეობის სწრაფი ზრდის შედეგად მსოფლიოს შიმშილი ელოდებოდა. ამის საპირისპიროდ, დღეს მსოფლიოს უმეტესი რეგიონი[2] მოსახლეობის დაბერების და ახალგაზრდა თაობის დანაკლისის გამოწვევის წინაშეა. შობადობის არნახული კლების გამო უკვე შიშობენ, რომ ჩვენი საუკუნის შუა პერიოდისთვის შრომისუნარიანი მოსახლეობის შემცირების შედეგად ეკონომიკური რეგრესი და უფროსი თაობის სოციალური დაცვის მექანიზმების კრიზისია მოსალოდნელი.

ბავშვის გაჩენაზე უარის თქმის ტენდენცია ჩემთვის მეგობარ ქალებზე დაკვირვებითაც მარტივად შესამჩნევია. ამ მოვლენას ფემინისტური აზრი ქალის ავტონომიურობის და თავისუფალი ნებისთვის მრავალწლიანი ბრძოლის მონაპოვრად მოიაზრებს. მართლაც, დღეს ქალებს გვაქვს უფლება, უარი ვთქვათ შვილის ყოლაზე, მაგრამ ეს უარი მეტია, ვიდრე ქალის ავტონომიური გადაწყვეტილება. მაგალითად, ალვა გოთბი ნაშრომში ემოციური ცხოვრების პოლიტიკა ამ მოვლენას, რეპროდუქციულ ანტაგონიზმს არქმევს. აქვე განვმარტოთ, რას გულისხმობს რეპროდუქციული ანტაგონიზმი. რეპროდუქცია არ არის მხოლოდ ბიოლოგიური, დედობის სამუშაო – ბავშვის გაჩენა, არამედ მასში იგულისხმება ყველაფერი, რაც საჭიროა ადამიანის არსებობისა და ახალი თაობის გასაზრდელად, საკვების მომზადებით და საოჯახო ჰიგიენის დაცვით დაწყებული, სამუშაო ძალის აღსადგენად საჭირო ზრუნვით დამთავრებული. რეპროდუქციული ანტაგონიზმი კი წინააღმდეგობის პრაქტიკაა, რომელიც გულისხმობს გააზრებულ ან გაუაზრებელ უარს, რეპროდუქციული სამუშაოს შესრულებაზე, მათ შორის, შვილის გაჩენაზე. ამ ფორმით ქალი გამორიცხავს მისი სხეულის მონაწილეობას დისტოპიური, არსებითად, უიმედო მომავლის შექმნაში.

რატომ ვაკეთებთ ამას? როგორია ჩვენი რეალობა და რა განაპირობებს მასთან საყოველთაო წინააღმდეგობას?

არსებული ეკონომიკური დღის წესრიგი ზრდასრულ ადამიანებს, პირველ რიგში, მშრომელებად გვაქცევს. ჩვენი უმრავლესობა უარს ვერ ვამბობთ ანაზღაურებად შრომაზე, რადგან ერთადერთი, რაც გაგვაჩნია შრომის უნარია. ვყიდით შრომას და ასე გამოვიმუშავებთ საცხოვრებელ ხელფასს.

როგორია ეს შრომა? თანამედროვე ადამიანის შრომა მძიმეა და დანაკარგებით სავსე. იგი, ფიზიკურთან ერთად, გულისხმობს ემოციურ ცვეთას, ხანგრძლივ პერსპექტივაში კი – შრომის უნარის დაქვეითებას მის სრულ დაკარგვამდე. მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, შრომისუნარიანობის შესანარჩუნებლად, შრომის უნარი ყოველდღიურად უნდა აღდგეს. სამუშაო საათების შემდგომ უნდა მოვისვენოთ, ვჭამოთ, ხასიათი გავიუმჯობესოთ. ამისთვის გვჭირდება გამზადებული სადილი, სუფთა სახლი, სამსახურში მიღებული ფიზიკური და ფსიქიკური ტრავმების მკურნალობა, ანუ აღმდგენი რეპროდუქციული სამუშაოს გაწევა.

პრობლემა ისაა, რომ კაპიტალისტური ეკონომიკა ამ სამუშაოს არ აფინანსებს. ამის გამო, რეპროდუქციული შრომა შრომის კატეგორიის მიღმა რჩება, თუმცა არსად ქრება. იგი დიდწილად სწორედ ოჯახის პასუხისმგებლობაა. მერე რა, რომ დედები, ცოლები, ბებიები და, ხანდახან, კაცები ასრულებენ ამ სამუშაოს. მშრომელად მოიაზრება მხოლოდ ანაზღაურებადი მუშახელი. რეპროდუქციული შრომა კი გაუჩინარებული და არარსებულია. კაპიტალიზმი ასე ზოგავს – უხილავს ხდის[3] და თანადროულად დგას რეპროდუქციულ შრომაზე.[4]

 

ვინ და რა სიმძიმით ასრულებს რეპროდუქციულ სამუშაოს?

რეპროდუქციული შრომა არის ემოციური და ფიზიკური კეთილდღეობისთვის აუცილებელი სამუშაო – სიყვარულის, ზრუნვისა და სხვა ფიზიკური შრომის ერთიანობა ჩვენი სტაბილურობისა და შრომისუნარიანობის აუცილებელი პირობაა. ეს სამუშაო, ისტორიულად, მუდამ იდგა ქალის აუნაზღაურებელ ფიზიკურ და ემოციურ შრომაზე.

დროთა განმავლობაში ქალების შრომის ბაზარზე მასიურად გასვლასთან ერთად მოხდა რაღაც გარდაუვალი და მნიშვნელოვანი – გაჩნდა რეპროდუქციული შრომის დანაკლისი, ანუ უხილავი რეპროდუქციული შრომა ხილული გახდა, გასაქონლდა და მასზე შეიქმნა საბაზრო მოთხოვნა, რამაც იგი ხელშესახები და დათვლადი გახადა.

ქალების შრომის ბაზარზე გასვლის მიუხედავად, საოჯახო შრომა ისევ ქალების პასუხისმგებლობაში დარჩა, ოღონდ ზოგჯერ ანაზღაურების სანაცვლოდ. საქართველოში დასაქმებული 17 000 საოჯახო მშრომელიდან 96% ქალია.[5]

საოჯახო მშრომელები ეწევიან ორმაგ რეპროდუქციულ სამუშაოს. სამსახურში ისინი ასრულებენ დამქირავებელი ქალების, სახლში კი საკუთარი თავის და ოჯახის წევრებისთვის საჭირო რეპროდუქციულ შრომას, რადგან მათ ჩამნაცლვებელი უბრალოდ არ ჰყავთ. ამას ჰოხშილდი „მეორე სმენას“ უწოდებს. მეორე სმენაში, ოჯახში დასაქმებულთა ნახევარს ხვდება ბავშვი, მესამედს – პენსიონერი, მეხუთედს – ქრონიკული პაციენტი, მცირე ნაწილს – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.[6]

აქვე უნდა ვიკითხოთ, სად არიან კაცები? საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში კაცები ქალებთან შედარებით 5-ჯერ ნაკლებ დროს ხარჯავენ საოჯახო შრომაზე.[7] ეს კი ქალების დროის და შესაძლებლობების დანაკლისში კონვერტირდება. ქალებს, რომლებიც 5-ჯერ მეტ დროს ვხარჯავთ საოჯახო შრომაზე, ასევე 5-ჯერ ნაკლები შესაძლებლობა გვრჩება მივიღოთ განათლება, დავკავდეთ სპორტით, ჩავერთოთ საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში. გვქონდეს საყვარელი საქმე ან უბრალოდ დავისვენოთ.

არსებულ რეალობასთან გამკლავება ქალების ნაწილმა ინდივიდუალური საოჯახო მშრომელის დაქირავებით გადავწყვიტა. თუმცა ნათელია, რომ ის მხოლოდ ზღვაში წვეთია და, ამავე დროს, მასზე ხელი ყველას არ მიუწვდება.

რეპროდუქციული შრომა საყოველთაო საჭიროებაა. მასზე სამართლიანი ხელმისაწვდომობისთვის ერთადერთი გადაწყვეტა საჯარო სერვისების და ზრუნვის დაწესებულებების შექმნა და პასუხისმგებლობების ოჯახის წევრებს შორის – სქესის მიუხედავად – გადანაწილებაა. ჩვენ გვჭირდება ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება ყველა ქალისთვის და კაცისთვის, ჩვილ ბავშვთა აღზრის დაწესებულებები, დასაქმების დროსთან თანხვედრაში მყოფი საბავშვო ბაღები, კვება საჯარო სკოლებში, შინ ზრუნვის და მოხუცზე ზრუნვის სერვისები, დამხმარე შესაძლებლობები მარტოხელა დედებისთვის, სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთათვის, მაგრამ ასევე გვჭირდება მზრუნველი მამები, ძმები და ქმრები, რომლებიც ზრუნვის საჭიროებებს ქალებთან ერთად იტვირთავენ, გადაინაწილებენ. გადანაწილებული ზრუნვა სახელმწიფოს, ქალს და კაცს შორის შეიძლება გახდეს ბაზისი, როგორც ნორმალური ცხოვრებისთვის, ისე ქალსა და კაცს შორის თანასწორი შესაძლებლობებისთვის და სიყვარულისთვის, რაც საბოლოო ჯამში ოჯახის, როგორც ურთიერთზრუნვაზე დამყარებულ კეთილდღეობის ფორმას, შედარებით რეალურს გახდის.

სიყვარული, როგორც სამუშაო – რას გულისხმობს ანაზღაურებადი საოჯახო შრომა?

„ჩემს პატარა 1 წლის და 2 თვის ბიჭს სჭირდება ძიძა, ყურადღებიანი, პასუხისმგებლიანი, თბილი დამოსიყვარულე, რომელმაც იცის თამაში და ბავშვის განვითარებაზე ფიქრობს. ეხება ბავშვთან დაკავშირებულისაქმე. სამუშაო ამჯერად კვირაში სამი დღეა (მოგვიანებით სრული დატვირთვით 5 დღე). ვცხოვრობთ წერეთლისმეტროს გვერდით. სხვა დეტალებისთვის მომწერეთ პირადში.“ [8]

ეს ძიძის ვაკანსიის სტანდარტული ტექსტია, რომელიც ძიძების და საოჯახო მშრომელების ასოციაციის ჯგუფში გამოქვეყნდა. დამსაქმებლის მოთხოვნებში თვალნათლივ ჩანს, რომ ის დასაქმებულისგან ითხოვს ზუსტად იმავეს, რასაც ქალს აკისრებს საზოგადოება. ითხოვს არა მხოლოდ პროფესიული პასუხისმგებლობების შესრულებას, როგორიცაა ბავშვის კვება, გასეირნება, ჰიგიენის დაცვა, არამედ უმთავრესად აქცენტს სვამს ემოციური სამუშაოზე. დასაქმებულს, უპირველესად, სთხოვს სიყვარულის გაცემას, ზრუნვას, აღსაზრდელის მიმართ სითბოს გამოხატვას. საოჯახო შრომაში ასევე, დათქმის გარეშე, იგულისხმება, რომ დაქირავებული საჭიროების შემთხვევაში ვალდებულია ემოციური კომფორტი შეუქმნას დამქირავებელს და სხვა ოჯახის წევრებსაც, შეეწყოს მათ ხასიათს და გასცეს მხოლოდ დადებითი ემოციები.

საოჯახო მშრომელები არიან ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ დამქირავებლის არა მხოლოდ ფიზიკურ საჭიროებებზე, არამედ ემოციურ კეთილდღეობაზეც. ხშირად სწორედ ამ უნარებზეა დამოკიდებული მათი დასაქმება და სამსახურის შენარჩუნება. თუ საოჯახო მშრომელი კომფორტს და სასიამოვნო განწყობას ვერ შეუქმნის დამქირავებელ ოჯახს, მას დაითხოვენ[9], მიუხედავად მისი პროფესიული უნარებისა და გამოცდილებისა.

ემოციის მართვა ზრუნვის სამუშაოს შემადგენელია, არამხოლოდ ოჯახში დასაქმებული მშრომელებისთვის, არამედ სერვისის სფეროებში ფორმალურად მომუშავეებისთვისაც. როგორც ჰოხშილდი აღწერს მის წიგნში „მართული გულები“ მუშათა კლასის უფრო და უფრო მეტი წარმომადგენელი საქმდება სერვისის სფეროში, სადაც ემოციის გამოხატვა მკაცრად რეგულირებულია. ბანკებში, აფთიაქებში, საჯარო სერვისის გამწევ სამსახურებში ჩვენთვის თვალსაჩინოა, რომ ადამიანები ემოციის გამოხატვის დასწავლილი ფორმით სარგებლობენ, რომელიც დადგენილი და რეგულირებულია დამქირავებლის მიერ. სერვისის მომხმარებელი კი, პროდუქტთან ერთად, ყიდულობს ემოციურ კეთილდღეობასაც, წამალთან ერთად – ღიმილს, ბავშვის აღზრდასთან ერთად – ზრუნვას.

მაგრამ სერვისის სფეროსგან განსხვავებით, საოჯახო შრომაში ემოციური შრომა ფორმალიზებული არ არის, მასში გადამზადებას ან ტრენინგს ვერავინ ჩაატარებს, რადგან აქ ემოციური კავშირები ბევრად კომპლექსური და განგრძობითია – იმდენად, რომ საოჯახო მშრომელები ვერ ახერხებენ მისგან დისტანცირებას. ისინი სიყვარულის სამუშაოს კი არ ასრულებენ, არამედ ნამდვილად უყვარდებათ. ხშირად ბავშვის სიყვარული ძიძის შრომითი ექსპლუატაციის მთავარი მიზეზი ხდება. ძიძები ბავშვის სიყვარულით ითმენენ დაბალ ხელფასს, ზედმეტ პასუხისმგებლობებს, გადაჭარბებულ სამუშაო დროს, საკუთარ ჯანმრთელობას და ზოგჯერ დამქირავებლის უღირს დამოკიდებულებასაც კი.

ძიძის დღიური, გვერდი 5

* * *

თვალებამოღამებულს ავტობუსში ძილი მერევა. მერამდენე დღეა, სასმლისგან გაჟღენთილს გონება ებინდება და გვაწიოკებს ეს უღმერთო. მეშინია სასოწარკვეთაში არ ჩავვარდე, შრომის უნარი არ დავკარგო.
ჩემი ქმარი ალკოჰოლზე დამოკიდებულია.

ჩემს აღსაზრდელ ლუკასთან, მხიარული განწყობით უნდა შევიდე, ენერგიული, ოხუნჯი, როგორც აქამდე ვიყავი.

ჭავჭავაძეზე ჩამოვალ, ვფიქრობ. სამი-ოთხი გაჩერებით ადრე.
ფეხით გავივლი.

გზაზე მზია შემომხვდება. მეზობელ კორპუსში ისიც ძიძად მუშაობს. თავის ლურჯ თვალებს შემომანათებს, დამამშვიდებს.
ისიც თავისი რთული ცხოვრების გამოცდილებას გამიზიარებს, რჩევას მომცემს.
მერე ირინაც შემხვდება, ისიც ძიძაა, რამდენიმე სახალისო ამბის მოყოლას მოასწრებს, სანამ სამსახურამდე მივალ.

ასე, ხასიათგამოკეთებული, გაღიმებული შევაღებ ლუკას სახლის კარს, ჩავიხუტებ გულში და დილა მშვიდობისას ჩავჩურჩულებ.

მაგრამ სერვისის სფეროსგან განსხვავებით, საოჯახო შრომაში ემოციური შრომა ფორმალიზებული არ არის, მასში გადამზადებას ან ტრენინგს ვერავინ ჩაატარებს, რადგან აქ ემოციური კავშირები ბევრად კომპლექსური და განგრძობითია – იმდენად, რომ საოჯახო მშრომელები ვერ ახერხებენ მისგან დისტანცირებას. ისინი სიყვარულის სამუშაოს კი არ ასრულებენ, არამედ ნამდვილად უყვარდებათ. ხშირად ბავშვის სიყვარული ძიძის შრომითი ექსპლუატაციის მთავარი მიზეზი ხდება. ძიძები ბავშვის სიყვარულით ითმენენ დაბალ ხელფასს, ზედმეტ პასუხისმგებლობებს, გადაჭარბებულ სამუშაო დროს, საკუთარ ჯანმრთელობას და ზოგჯერ დამქირავებლის უღირს დამოკიდებულებასაც კი.

ანაზღაურებადი საოჯახო შრომა ასევე განსხვავდება აუნაზღაურებელი საშინაო შრომისგან. იგი ბევრად მძიმეა ემოციების მართვის თვალსაზრისით, რადგან საკუთარი სახლისგან განსხვავებით მოითხოვს მუდმივ მზაობას. დაქირავებულ საოჯახო მშრომელს, რეპროდუქციული შრომისას აქვს აბსოლუტური თმენის ვალდებულება, განსხვავებით საკუთარი სახლისა. მან ზრუნვის სამუშაო უნდა შეასრულოს განწყობის და მზაობის მიუხედავად (იხ. ძიძის დღიური). [10]

რას ნიშნავს ეს მოლოდინი მაშინ, როცა საოჯახო შრომა არაფორმალური შრომაა – შრომა, რომელსაც არ იცავს არც შრომის კანონები და არც სოციალური უსაფრთხოების სისტემა? ბუნებრივი და ღრმა გრძნობების არსებობის მიუხედავად (როგორიცაა ბავშვის სიყვარული ძიძის მხრიდან), ის ხდება ემოციური ექსპლუატაციის სამუშაო. ისევე როგორც ყველა დანარჩენი სამუშაო კაპიტალიზმის პირობებში, სიყვარულის სამუშაოც დამქანცველია.

დასაქმებული დამსაქმებლები

„ოჯახის წევრივით“ ამ ტერმინით ხშირად აღწერენ დამქირავებლები დასაქმებულის მიმართ დამოკიდებულებას. ერთი მხრივ, ეს ტერმინი გულისხმობს ღირსეული მოპყრობის დაპირებას, მაგრამ, ამავე დროს, გაიგივებულია ყველა იმ ემოციურ და ფიზიკურ შრომასთან, რომელიც ოჯახურ ურთიერთობებში განუსაზღვრელად და აუნაზღაურებლად მოგვეთხოვება.

ძიძების და საოჯახო მშრომელების მიმდინარე კვლევა[11] აჩვენებს, რომ ოჯახში დასაქმების დროს დამსაქმებლის როლში ოჯახის ქალი წევრია – ქალი იძიებს და არჩევს ძიძასა თუ დამხმარეს, თანმხდება მათთან შრომისა და ანაზღაურების პირობებზე და ასევე ქალი ეწევა ძიძის თუ დამხმარის შრომის ზედამხვედველობას, რაც კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტურია იმისა, რომ ეს სამუშაო ქალების მხრებზე დგას და დამხმარეც დიდწილად ქალის შრომას ანაცვლებს.

ოჯახში დასაქმებულის სამუშაო და დასვენების დროც, როგორც წესი, დამსაქმებელი ქალის დროსთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ოჯახში არაფორმალურად დასაქმებული ქალის სამუშაო, დასვენების დრო და შრომის პირობები, დამსაქმებელი ქალის სამუშაო და დასვენების დროსა და შრომის პირობებს იმეორებს. ფორმალურად დასაქმებული ქალები, რომლებიც, თავის მხრივ, ძიძებს და დამხმარეებს არაფორმალურად ასაქმებენ, სამსახურში თავადაც ვერ სარგებლობენ, მაგალითად, სტაბილური და ნორმირებული სამუშაო დროით, რის გამოც სახლში დაბრუნება აგვიანდებათ; ეს კი ოჯახში არაფორმალურად დასაქმებული ქალის სამუშაო დროით ექსპლუატაციას იწვევს.

„ხან ექვსის შემდეგ მიყავთ ბავშვი, ხან უფრო გვიან. ეს ანაზღაურებაზე არ აისახება, რა თქმა უნდა. ჩვენ სხვა ურთიერთობა გვაქვს, ძალიან ახლობლები არიან, პატივისცემა გვაქვს და რაღაცა,“ – ამბობს თბილისში დასაქმებული ძიძა.

საოჯახო ზრუნვის შრომაზე დაკვირვებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საოჯახო შრომის მომხმარებელი ხშირად თვითონაც მუშათა კლასს წარმოადგენს და დასაქმებულია 8 საათიანი ან უფრო ხანგრძლივი გრაფიკით. დრო კი, რომელსაც ის საოჯახო მშრომელის დაქირავებით ითავისუფლებს, შრომის ბაზარზე გასვლისთვის და საცხოვრებელი პირობის შესაქმნელად სჭირდება. ონლაინ გამოკითხვაში[12], რომელშიც 141-მა ძიძამ მიიღო მონაწილეობა 71% ამბობს, რომ მისი დამქირავებელი ოჯახი საოჯახო ვალდებულებების შესასრულებლად თავის თავს მისით ანაცვლებს დატვირთული გრაფიკის და დროის უქონლობის გამო. გამოკითხულთა მხოლოდ 19% ამბობს, რომ მისი დამქირავებელი დროს ითავისუფლებს არასამუშაო მიზნებისთვის.

ამ სურათის მიხედვით, საქართველოს დიდ ქალაქებში ძიძის დაქირავება ფუფუნება არ არის, არამედ ერთადერთი გამოსავალია, შრომის და ცხოვრების პირობის შესაქმნელად, განსაკუთრებით 3 წლამდე ასაკის ბავშვის დედობის პერიოდში.

 

უხილავი შრომის დათვლილი ფასი

როგორც ზემოთ ვახსენეთ, საქსტატის მონაცემებით, ქალები ყოველდღიურად უშუალოდ საოჯახო შრომაზე 4 საათზე მეტ დროს ვხარჯავთ, 5-ჯერ მეტს, ვიდრე კაცები. რა არის ამ აუნაზღაურებელი შრომის საბაზრო ფასი? ამ კითხვაზე პასუხი არ გვექნებოდა, საოჯახო უხილავი შრომა რომ არ არსებულიყო ანაზღაურებადი სახით.

ნორმირებული, 8 საათიანი საოჯახო ზრუნვის სამუშაო დიდ ქალაქებში თვიურად დაახლოებით 1200-1800 ლარად ფასობს[13], ხოლო 24 საათიანი შრომა დაახლოებით 2500 ლარი ღირს.

მოდით, თვალსაჩინოებისთვის დავითვალოთ ქალის მიერ დამოუკიდებლად შესრულებული ზრუნვის შრომის ღირებულება ახალშობილის დედობის პერიოდში, ბავშვის დაბადებიდან სამ წლამდე. ვინაიდან ამ პერიოდში შრომის შემსუბუქების შესაძლებლობა ქალს არ აქვს არცერთი ზრუნვის სერვისით. იგი უალტერნატივოდ ტოვებს სამსახურს და ასრულებს ამ სამუშაოს, თუ დამხმარე ოჯახის წევრი ან ძიძის დაქირავების შესაძლებლობა არ აქვს. ჩვენი სახელმწიფო ამ პერიოდში ქალს რეპროდუქციულ შრომის გაზიარებას არც ერთი სახით არ სთავაზობს.

დღევანდელი კონკურენტული ზრუნვის შრომის ფასით, მარტოხელა ბავშვის მშობელი წელიწადში 30 000 ლარის ღირებულების შრომას ეწევა, ხოლო სამ წელიწადში 90 000 ლარის ღირებულებისას. მას დეკრეტული შვებულება არ აქვს (საჯარო სამსახურები და მასწავლებლები გამონაკლისია). სახელმწიფოსგან მხოლოდ 2000 ლარიან ერთჯერად დახმარებას იღებს. სამუშაო ბაზარზე გასვლის შემთხვევაში კი, წელიწადში სახელმწიფო მხოლოდ 600 ლარს დაუბრუნებს მისივე ნამუშევრიდან.

90 000 ლარი არის თანხა, რომელსაც კაპიტალისტური ეკონომიკა ზოგავს ქალების ფიზიკური და ემოციური რესურსის და თავისუფალი დროის ხარჯზე. სანაცვლოდ კი ანაზღაურებად დეკრეტული შვებულებასაც კი არ გვაძლევს, არ ქმნის ზრუნვის დაწესებულებებს ნულიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ხოლო სკოლების და ბაღების სამუშაო საათებს არ ამთხვევს შრომის ბაზრის სამუშაო საათებთან. ჩვენი შვილების საჯარო სკოლებში არ არსებობს კვება და საკვების მომზადებაზე ზრუნვაც უფასო საოჯახო შრომის ნაწილია, ჩვენი ასაკიანი მშობლებისთვის ან ჯანმრთელობაშერყეული ახლობლებისთვის ღირსეული სამედიცინო მეთვალყურეობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერაც ქალების უფასო შრომის ნაწილია.

 

ვინ ზოგავს და ვინ დავზოგოთ?

სხვადასხვა ქვეყნის სოციალური დაცვის პირობების ანალიზისას ნათელი გახდა[14], რამდენად დაუცველია საქართველოში არა მხოლოდ არაფორმალური, არამედ ფორმალურ სამსახურში დასაქმებული ქალი. ამდენად ერთად უნდა დავიწყოთ ბრძოლა იმისთვის, რაც გვეკუთვნის.

საჯარო სექტორი არ არის ერთადერთი, ვისაც ჩვენი გადათვლილი შრომის საფასური მიემართება. ჩვენი უფასო შრომით სარგებლობს კერძო დამსაქმებელი კომპანიები და დიდი ბიზნესები. ისინი გამუდმებით და უფასოდ იღებენ ქალების რეპროდუქციული შრომით შექმნილ სარგებელს – შრომისუნარიან ადამიანს.

გთავაზობთ დავიწყოთ ამ ხარჯის დათვლა და იმ შრომაში მოაზრება, რომელსაც მუდმივად და აუნაზღაურებლად ვწევთ ან მისთვის ჯიბიდან ვიხდით. ჩვენი ხელფასები უნდა გაიზარდოს!

უნდა დავიწყოთ ბრძოლა სახელმწიფო ზრუნვის სერვისებისთვისაც, ჩვენი ფიზიკური, ემოციური ექსპლუატაციის შესამსუბუქებლად, საკმარისი თავისუფალი დროისთვის, სიხარულის და ბედნიერების შეგრძნების შესაძლებლობისთვის.

ამ გზაზე ნებისმიერმა თანამებრძოლად მიგულეთ.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

[1] From Fear to Reality: The Evolution of Population Control Theories and Their Societal Impacts, May 2024, Douglas C Youvan , გ.3

[2] World Population Prospects 2022: Summary of Results, 2022, United Nations გ 3-13

[3] იხილეთ ზრუნვის მშრომელების მანიფესტი, რომელის 2024 წლის 8 მარტის მსვლელობისას წაიკითხეს შრომის და ჯანმრთელობის სამინისტროს კიბეებთან. https://www.zrunva.org/news/ukhilavi-shroma-ukhilavi-khelovneba

[4] The Politics of Emotional Live. 2023. Alva Gotby. Pg. 26-32

[5] გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ISET, 2020. „შრომისსაერთაშორისო ორგანიზაციის 189 კონვენციის (ოჯახში დასაქმებულთა შესახებ) რატიფიკაციის რეგულაციური გავლენის ანალიზი“.

[6] წყარო: პინიატი, ნ., ჭითანავა, მ., ლობჯანიძე, მ., წულუკიძე, მ. 2021. რეგულირების გავლენის შეფასება ILO-ს 189-ე კონვენცია ოჯახში დასაქმებულების შესახებ. UN Women, თბილისი. გგ. 27-28.

[7] იხ, დროის გამოყენების გამოკვლევის შედეგები, 2022. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. გ.2

[8] ვაკანსია გამოქვეყნდა „საქართველოს ძიძების და საოჯახო მშრომელების ასოციაციის“ ჯგუფში 2024 წლის 1 მაისს. https://www.facebook.com/groups/asociacia/posts/994326802025224/

[9] ვეყრდნობით „ძიძების და საოჯახო მშრომელების ასოციაციის“ ყოველთვიურ საკონსულტაციო შეხვედრაზე გაზიარებულ ინფორმაციას.

[10] „ძიძის დღიური“ ძიძების და საოჯახო მშრომელების წევრების ტექსტებია, რომელიც ანონიმურად ქვეყნდებოდა ასოციაციის გვერდზე 2023 წლის ზაფხულში. გამოქვეყნებულია სულ 10 ჩანაწერი. https://www.facebook.com/WomenWorkerAssociation/posts/267871112625198

[11] კვლევა ხორციელდება პროექტის „ღირსეული შრომის დღის წესრიგის ხელშეწყობა ქალებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ სექტორებში საქართველოში“ ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით და საქართველოს პროგრესულ ფორუმის ხელმძღვანელობით. სტატუსი: გამოქვეყნების პროცესში.

[12] იხ. გამოკითხვის შედეგი ძიძების და საოჯახო მშრომელების ასოციაციის გვერდზე: https://www.facebook.com/groups/asociacia/posts/798034278321145/

[13] ვეყრდნობით „ძიძების და საოჯახო მშრომელების“ მიერ წარმოებულ სახელფასო გამოკითხვის მონაცემებს, რომელსაც ყოველთვიური საკონსულტაციო შეხვედრების მიმდინარეობისას ვაწარმოებთ. ტარიფი განსხვავებულია სამუშაო დროის, სამუშაო უბნის, სახლში ბავშვების რაოდენობის, მოვალეობების, სამუშაო ადგილზე (სახლში) სხვადასხვა მოცემულობების მიხედვით. ვინაიდან სამუშაო პირობა განმსაზღვრელი ფაქტორია ხელფასზე შეთანხმებისას, თავს ვიკავებთ ერთ საშუალო ტარიფზე საუბრისგან, რადგან ტარიფი მარტივად მანიპულირებადია არაფორმალურ საოჯახო შრომაში და მან შეიძლება დააზარალოს რომელიმე მხარე, როგორც წესი დასაქმებული.

[14] კვლევა ხორციელდება პროექტის „ღირსეული შრომის დღის წესრიგის ხელშეწყობა ქალებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ სექტორებში საქართველოში“ ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით და საქართველოს პროგრესულ ფორუმის ხელმძღვანელობით. სტატუსი: გამოქვეყნების პროცესში.