საპროტესტო აქციები თურქეთში: სახალხო აჯანყება და პარტიული ოპოზიციის საზღვრები

საპროტესტო აქციები თურქეთში: სახალხო აჯანყება და პარტიული ოპოზიციის საზღვრები

ავტორი: სანდრო ბაკურაძე

29 მარტი 2025

სტამბოლის მერის და პრეზიდენტ ერდოღანის ყველაზე რეალური კონკურენტის, ექრემ იმამოღლუს,  მისი პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერების ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე, დაკავებამ თურქეთში ბოლო წლებში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო ტალღა გამოიწვია.  მიმდინარე საპროტესტო აქციები, 2013 წლის გეზი პარკის გამოსვლების შემდეგ ყველაზე დიდია, თუმცა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლობის მხრივ, გაცილებიც ჭრელია.   იმამოღლუს დაკავების მიუხედავად, სახალხო რესპუბლიკური პარტიის პრაიმერი ჩატარდა და პარტიამ  ერთხმად დაასახელა ის მომავალ არჩევნებში თავის საპრეზიდენტო კანდიდატად. ამასთან,   ე.წ. სოლიდარობის ყუთებში, სადაც ხმის მიცემა პარტიის არაწევრ მოქალაქეებსაც შეეძლოთ,  დაახლოებით თხუთმეტმა მილიონმა ადამიანმა დააფიქსირა თავისი მხარდაჭერა. რაც შეეხება ქუჩის აქციებს, მიუხედავად დიდი ყოყმანისა, პარტიის ლიდერები იძულებულები გახდნენ აქციებისთვის მხარი დაეჭირათ. თუმცა, ამ შემთხვევაშიც,  პარტია და მისი ლიდერი ოზგურ ოზელი საკმაოდ გაუბედავად მოქმედებენ და ცდილობენ, აქციები იმ ჩარჩოში მოაქციონ, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელისუფლება  პროტესტის გარკვეულ ფორმებს ნაწილობრივ დასაშვებს ხდიდა.  მაგალითად, გუშინ, ოზგურ ოზელმა განაცხადა, რომ რადგანაც სტამბოლის მერის პოსტზე ცენტრიდან გამოგზავნილი მოხელის საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას, სარაჩჰანეში, სტამბოლის მერიასთან აქციების გამართვა საჭირო აღარ არის და შემდეგი მიტინგი მალთეფეს მოედანზე უნდა გაიმართოს.  მაშინ როდესაც ერდოღანის მმართველობის პერიოდში, სტამბოლში, მალთეფე, ქადიქოისთან ერთად, ისედაც ოპოზიციისთვის „გამოყოფილ“ ერთ-ერთ საპროტესტო ადგილს წარმოადგენდა და ამგვარად, ასეთი მოქმედება იმპლიციტურად ხელისუფლების მიერ დაწესებულ ჩარჩოებში მოქმედებას ნიშნავს.

 

პრეზიდენტ ერდოღანის ხელისუფლება, განსაკუთრებით 2016 წლის შემდეგ, ყველანაირი სახის ოპოზიციის მისამართით საკმაოდ მძიმე რეპრესიულ პოლიტიკას ატარებს. თუმცა სახალხო რესპუბლიკური პარტიის ფრთხილი დამოკიდებულება ქუჩის პროტესტის მიმართ მხოლოდ რეპრესიებით ვერ აიხსნება.  მას გააჩნია როგორც ისტორიული და კულტურული, ისე ფინანსური და იდეოლოგიური მიზეზები, რაც პარტიის ფართომასშტაბიან და რადიკალურ პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობას საკმაოდ ართულებს.

 

 

პირველი მიზეზი თავად პარტიის ისტორიულ კონტექსტს უკავშირდება – სახალხო რესპუბლიკური პარტია  უშუალოდ თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის და პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის, ასევე მისი შემცვლელის და თურქეთის მეორე პრეზიდენტის, ისმეთ ინონუს – რომელიც მრავალი წლის განმავლობაში პარტიის უცვლელი ლიდერი იყო – ფიგურებთან ასოცირებაა.  ათათურქის და ინონუს მმართველობის პერიოდში სრპ, თავდაპირველად ერთპარტიული რეჟიმის მმართველი ძალა იყო, ხოლო შემდგომ, ხანმოკლე მმართველობის პერიოდებს თუ არ ჩავთვლით, ჯართან და სახელმწიფო ბიუროკრატიასთან მჭიდრო კავშირების მქონე, კონსტიტუციურად პრობლემურ აქტივობებში გარეული პოლიტიკური პარტია იყო.  ისმეთ ინონუ თავისი პირადი გავლენისა და სამხედრო სტატუსის გამოყენებით, რომელიც მას ფაქტობრივად მოქმედ მაღალი რანგის ოფიცრებზე დიდ ავტორიტეტს ანიჭებდა, აქტიურად მართავდა პროცესებს. ამის შედეგად,  პარტიის შიგნით გაჩნდა აღქმა, რომლის მიხედვითაც სრპ არ იყო უბრალოდ ოპოზიციური პარტია, არამედ სახელმწიფოს ნამდვილი ბატონ-პატრონი.  ასევე აღიქვამდა პარტიას სამხედრო და პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი, რაც ხშირად პარტიისადმი მათ მიდგომაზეც აისახებოდა.

 

მაგალითად, 1971 წლის 12 მარტის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, არმიის მეცადინეობით ჩამოყალიბებული ტექნოკრატიული პარტიის პრემიერ-მინისტრად პარტიის მემარჯვენე ფრთის წევრი ნიჰათ ერიმი დაინიშნა, მიუხედავად იმისა რომ ერიმმა თანამდებობის დაკავებამდე პარტიის რიგები დატოვა, პარტიის მნიშვნელოვანმა ნაწილმა პარლამენტში ნდობის გამოცხადების სესიაზე ერიმს მხარი დაუჭირა, თუმცა პარტიის წევრების საკმაო ნაწილი ამ გადაწყვეტილებას უარყოფითად შეხვდა და საბოლოოდ, ერიმის მთავრობის პერიოდში მომხდარმა რეპრესიებმა, როგორც პარტიის წევრების უმეტესობის, ისე ფართო საზოგადოების დიდი გულისწყრომა გამოიწვია, ხოლო სრპ-ს საჯარო რეპუტაციას დიდი ზარალი მიაყენა.  12 მარტის მოვლენების შემდეგ დაწყებული შიდა დაპირისპირება პარტიის შიგნით, ერთი მხრივ, კლასიკური სოციალ-დემოკრატიის თურქული ადაპტაციის – დემოკრატიული მემარცხენეობის (Demokratik Sol/Ortanın Solu) ფრაქციის და მეორე მხრივ, პარტიის სამხედრო და სამოქალაქო ბიუროკრატიისგან ჩამოშორების მომხრეებს შორის, ამ უკანასკნელის გაძლიერების ერთ-ერთ კატალიზატორად იქცა. საბოლოოდ, 1972 წლის პარტიულ კონგრესზე, ისმეთ ინონუ იძულებული გახდა თავისი ადგილი ბულენთ ეჯევითისთვის გადაებარებინა, რომელმაც პარტია უფრო მარცხნივ, სამოქალაქო და სამხედრო ბიუროკრატიისაგან დამოუკიდებელ პოზიციაზე დააყენა – გეზი, რომელიც პარტიამ 1980 წლის სამხედრო გადატრიალებამდე და ხუნტის ბრძანებით პარტიების დახურვამდე შეინარჩუნა.

 

1983 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც ქვეყანაში საარჩევნო დემოკრატია ნაწილობრივ დაბრუნდა, სრპ-ს ყოფილმა წევრებმა რამდენიმე ახალი პარტია ჩამოაყალიბეს, რომელთა საარჩევნო ისტორიამ, პოლიტიკურმა ნაბიჯებმა და ისტებლიშმენტთან დამოკიდებულებამ პარტიის შიგნით არსებული დუალიზმი ძალიან კარგად წარმოაჩინა. პარტიის წევრების ერთმა ნაწილმა, პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიერ ნებადართულ «მემარცხენე» პარტიად, როგორც მერე აღმოჩნდა, ეფემერული, სახალხო პარტია დააარსა, მეორე ნაწილმა კი სოციალ-დემოკრატიული სახალხო პარტია, რომელსაც სათავეში ისმეთ ინონუს ვაჟი ერდალ ინონუ ჩაუდგა.  ამ პროცესში, ეჯევითი, მიუხედავად იმისა რომ ინარჩუნებდა პირად პოპულარობას, პოლიტიკური მოღვაწეობის აკრძალვის გამო, ყოფილმა პარტიულმა ამხანაგებმა დიდწილად გარიყეს. ამის შემდეგ მან საკუთარი – დემოკრატიული მემარცხენე პარტია ჩამოაყალიბა, რომლის თავმჯდომარეც მისი მეუღლე – რაჰშანი გახდა. მოგვიანებით, პოლიტიკური მოღვაწეობის უფლების აღდგენის შემდეგ, ბულენთ ეჯევითი პარტიის ოფიციალური თავმჯდომარე გახდა და ერდალ ინონუს პარტიის სერიოზულ კონკურენტად იქცა.  მიუხედავად იმისა რომ ეს ორივე პარტია ოფიციალურად იზიარებდა მემარცხენე ქემალიზმს, იმის გამო რომ ერთპარტიული პერიოდის სრპ-ს ლოგო და მემკვიდრეობა არ ამძიმებდათ, თურქული პოლიტიკისთვის საკმაოდ რადიკალური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმაც შეეძლოთ. მაგალითად, ერდალ ინონუს უშუალო მეცადინეობით, 1991 წლის არჩევნებში, მისმა პარტიამ, მიუხედავად ქურთისტანის მუშათა პარტიის და თურქეთის სახელმწიფოს კონფლიქტისა, ამ პარტიის ეროვნებით ქურთი ყოფილი დეპუტატების მიერ დაარსებულ ხალხის შრომის პარტიასთან ოფიციალურად გააფორმა ალიანსი და მისი წარმომადგენლები საკუთარ საარჩევნო სიაში ჩასვა. მსგავსი ნაბიჯი დღევანდელი სახალხო რესპუბლიკური პარტიის პოზიციიდან თითქმის წარმოუდგენელია.

 

თურქეთში პოლიტიკური რეალობის ცვლილებასთან ერთად, ქურთული საკითხის გამწვავება ნაციონალიზმის გაძლიერებას უწყობდა ხელს, ხოლო სსპ-ს შიგნით ერდალ ინონუს და პარტიის მდივანს დენიზ ბაიქალს შორის დიდი ბრძოლა მიმდინარეობდა ლიდერობისთვის. საბოლოოდ, დენიზ ბაიქალმა, 1980 წლამდელი სრპ-ს წევრების ერთ ნაწილთან ერთად, მოახერხა კანონპროექტის ინიცირება რომელიც სამხედრო გადატრიალების შემდეგ დახურული პარტიების ხელახლა გახსნას შესაძლებელს გახდიდა და 1992 წელს, სახალხო რესპუბლიკური პარტია, ათათურქის პერიოდის ლოგოთი და იმ პერიოდის თურქეთის, კულისებიდან მმართველი ძალის, თურქეთის არმიის მხარდაჭერით თავიდან დაარსდა.  მოკლე ხანში მას სსპ-ც შეუერთდა, საარჩევნო წარუმატებლობის და ერდალ ინონუს გადადგომის შემდეგ, პარტიამ 10%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში არსებობის გაგრძელების პერსპექტივა ვეღარ დაინახა.  დენიზ ბაიქალის სრპ სწრაფად იქცა სამხედრო ისთებლიშმენთის უპირობო მხარდამჭერ, მემარჯვენე პარტიად, სადაც სოციალ-დემოკრატია უკანა პლანზე გადავიდა წინა პლანზე კი 1980 წლის შემდგომი სამხედრო რეჟიმის შემოტანილი ცვლილებების უპირობო მხარდაჭერა გადმოვიდა. ასე მაგალითად ბაიქალის სრპ, უპირობოდ უჭერდა მხარს საჯარო  და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჰიჯაბის ტარების აკრძალვას და მჭიდრო ურთიერთობებს ინარჩუნებდა თურქეთის არმიის პოლიტიკურად აქტიურ ფრაქციებთან, მაშინაც კი, როდესაც ამას ელექტორალური წარმატება არ მოჰქონდა.  შედეგად, ისლამისტურმა კეთილდღეობის პარტიამ, შემდეგ კი უკვე დღევანდელი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ დაარსებულმა სამართლიანობის და აღმავლობის პარტიამ, ეს ფაქტორი ძალიან კარგად გამოიყენეს. 2002 წლის შემდგომ სტატუს-კვოში, როდესაც 10%-იანი საარჩევნო ბარიერის გამო სრპ მთავარ და დომინანტ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიად იქცა, მისი პოლიტიკა პოლარიზაციისთვის ხელსაყრელ ნიადაგს ქმნიდა.  თვითიდენტიფიცირებულ სეკულარ და კონსერვატორ თურქეთის მოქალაქეებს შორის დაპირისპირების ნარატივი გადაიქცა „კულტურულ ომებად“, რაც იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის წარმატებით გამოიყენა.

 

ამავე დროს, სრპ-ს რიტორიკა, რომელიც ამ პერიოდში ქემალიზმის მილიტარისტული და ელიტისტური ვერსიის გარშემო იყო აგებული,  საშუალებას აძლევდა იმ დროს პრემიერ-მინისტრ ერდოღანს, ეფექტური გავლენა მოეხდინა სრპ-ს პოლიტიკაზე მათი ათათურქის ღირებულებების ღალატში დადანაშაულების გზით. ეს სტრატეგია  პარტიის პოლიტიკურ მანევრირებას აფერხებდა,  რადგან პარტიის ნებისმიერი მცდელობა, ელექტორალური ბაზის გაფართეობისკენ გადაედგა ნაბიჯები,  ტრადიციული მხარდამჭერი სეგმენტის მიღმა, ერდოღანის მხრიდან „პრინციპების ღალატად“ სახელდებოდა.  2010 წელს, დენიზ ბაიქალის შემცვლელმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ მართალია პარტიაში დააბრუნა სოციალ-დემოკრატიული რიტორიკა და საბოლოოდ წარმატებით მოახდინა პარტიის ჯართან ასოციაციის სტერეოტიპის შესუსტება, მაგრამ «ათათურქის მცნებების არათანადოდ შესრულებაში» დადანაშაულების კომპლექსი პარტიას ბოლო პერიოდამდე მოჰყვა და მისგან დიდწილად გათავისუფლება მხოლოდ 2019 წლის ადგილობრივ არჩევნებში წარმატების და პოლიტიკურ არენაზე ექრემ იმამოღლუს გამოჩენის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

 

 

მეორე ფაქტორი, რომელიც სრპ-ს ინერტულობას და განსაკუთრებით ქუჩის საპროტესტო აქციების მიმართ სიფრთხილეს განაპირობებს, პარტიის ინტეგრირებაა ქვეყნის შეიგნით არსებული პოლიტიკური პატრონაჟისა და კორუფციის სქემებში. ამ დინამიკამ შექმნა სიტუაცია, როდესაც პარტიას, რეპრესიული რეჟიმის პირობებში, ხელისუფლების მიერ დაწესებული წითელი ხაზების გადაკვეთის შემთხვევაში, დასაკარგი ძალიან ბევრი აქვს.

 

2000-იან წლებში მიმდინარე კულტურულმა ომებმა და პარტიის მაშინდელი ლიდერების პოზიციამ, მართალია სრპ-ს ელექტორალური მხარდაჭერის გაფართოების საშუალება შეუზღუდა, მაგრამ ამის მიუხედავად პარტიამ მოახერხა თურქეთის ყველაზე დიდი შემოსავლის მქონე მუნიციპალიტეტების საკმაო ნაწილის შენარჩუნება. სტამბოლის შეძლებული რაიონები, ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვების სანაპიროებზე მდებარე საკუროროტო ზონები, ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქი იზმირი და ანკარის ორი მთავარი რაიონი ჩანქაია და იენიმაჰალე სრპ-ს კონტროლის ქვეშ დარჩა.  რამაც, იმის გათვალისწინებით რომ თურქეთში მუნიციპალიტეტებს და მერებს საკმაოდ დიდი უფლებები და ფინანსური კაპიტალი გააჩნიათ, ხოლო მუნიციპალიტეტები პოლიტიკური პატრონაჟის სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, შექმნა მუნიციპალიტეტებზე დამოკიდებული ჯგუფები, რომლებისთვისაც მთავარი არა პარტიის წარმატება, არამედ არსებული კულტურული ომების და პოლარიზაციის პოლიტიკის შენარჩუნება და ამ ნიადაგზე, პარტიის მიერ კონტროლირებად, გარკვეული სოციალური ჯგუფებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში ძალაუფლების უსასრულოდ შენარჩუნება იყო.

 

2015-16 წლებში, მას შემდეგ რაც პრეზიდენტ ერდოღანის ხელისუფლებამ ჯერ ქურთულ რეგიონებში, შემდეგ კი თურქეთის დანარჩენ ნაწილებში, ადგილობრივი არჩევნების შედეგების ფაქტობრივი გაუქმება და არჩეული მერების მაგივრად «ტერორიზმთან ბრძოლის» საბაბით არჩეული სტრუქტურების ლიკვიდაცია და მათ ადგილას ცენტრიდან გამოგზავნილი მოხელეების დანიშვნა ნორმად აქცია, ეს ადგილობრივი პოლიტიკური ქსელები არჩევანის წინაშე დადგნენ, ან გაეგრძელებინათ ხელისუფლების მიერ დახაზულ ჩარჩოებში მოქმედება ან დამდგარიყვნენ წლობით ნაშენები პატრონაჟის სისტემების დაკარგვის წინაშე.  თუკი ერდოღანის ხელისუფლების პერიოდში სრპ-ს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და 2015 წლის შემდეგ თითქმის ყველა საკვანძო მომენტში პარტიის ლიდერების მიერ ხელისუფლების უპირობო მხარდაჭერას შევხედავთ და პარტიის მართვაში ადგილობრივი ინტერესთა ჯგუფების როლს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ რომ მუნიციპალიტეტებში ბაზირებული ინტერესთა ჯგუფები სრპ-ს მიერ რადიკალური ნაბიჯების გადადგმის წინააღმდეგ მოქმედ ერთ-ერთ მთავარ ძალას შეადგენენ.

 

მესამე ფაქტორი პარტიის შიგნით არსებული ფრაქციონალიზმია. წლების განმავლობაში თურქეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალი, 10%-იანი საარჩევნო ბარიერი მოქმედებდა, რის გამოც პარტიების უმეტესობა, მათი ლიდერების სურვილის მიუხედავად, საკმაოდ ეკლეკტურ, ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო იდეების მქონე ფრაქციების ერთობლიობას წარმოადგენდა. სრპ-მაც, 1990-იან და 2000-იან წლებში განვითარებული პროცესების და ჯერ ერდალ ინონუს, შემდეგ ბულენთ ეჯევითის პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორების შემდეგ, მათი პარტიების წევრებთან და ამომრჩევლებთან ერთად, პოლიტიკოსებიც შეიწოვა. შედეგად, პარტიის შიგნით ვხვდებით როგორც იდეოლოგიურ, ისე კონკრეტული პიროვნების ერთგულ ფრაქციებს, რომლებიც იდეოლოგიურად ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან.  აქ არიან როგორც დასავლური ტიპის სოციალ-დემოკრატები, ისე ეჯევითის დემოკრატიული მემარცხენეობის – სოციალ-დემოკრატიის თურქულ რეალობაზე მორგებული, ნაციონალისტური ინტერპრეტაციის მიმდევრები, ტრადიციული მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიებიდან შემორჩენილი, სეკულარული ჯგუფები, რომლებიც პრინციპში ერდოღანთან უფრო ახლოს იქნებოდნენ ამ უკანასკნელის რელიგიური პოპულიზმი მათთვის მიუღებელი რომ არ ყოფილიყო და ე.წ. ეროვნულებიც (Ulusalcılar), სეკულარი ულტრანაციონალისტები, რომლებიც მემარცხენე ჟარგონს იყენებენ, მაგრამ ისეთ საკითხებში როგორიცაა მაგალითად ქურთების უფლებები, ხშირად თვითიდენტიფიცირებულ მემარჯვენეებზე უფრო რადიკალურები არიან.  პარტიის შიგნით არსებულ ამ ფრაქციონალიზმს კარგად იყენებს პრეზიდენტი ერდოღანიც, რომელიც საჭიროების მიხედვით, ხშირად აცხადებს რომ სრპ «ჭეშმარიტი ქემალისტების» ხელში უნდა დაბრუნდეს, ხოლო ხელისუფლების მომხრე მედია ხშირად ამახვილებს ყურადღებას იმაზე რომ სრპ ათათურქის მომხრეების პარტია აღარ არის.  პარტიის შიგნით ფრაქციონალიზმი იმდენად სერიოზულია, რომ ხშირად ეს ფრაქციები საკუთარი სარგებლისათვის თურქეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზეც არ ამბობენ უარს. მაგალითად როდესაც დიდი ტრადიციების მქონე, ისტორიულად მემარცხენე ქემალიზმთან ასოცირებული გაზეთი ჯუმჰურიეთი, ერდოღანის ხელისუფლებისადმი ტრადიციულზე უფრო კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაზე გადაერთო, გარდა სტანდარტული ტერორიზმის ბრალდებებისა, მისი რედაქცია გაზეთიდან «ქემალისტი ჟურნალისტების გაყრაში» და «გაზეთის დამაარსებელი იდეის ღალატში» დაადანაშაულეს, ხოლო გაზეთის მმართველი საბჭოს განკარგვა ე.წ. ეროვნულების ფრაქციასთან დაახლოებულ ფიგურებს გადასცეს.  შესაბამისად, ფრაქციონალიზმი და ამ ნიადაგზე პარტიის შიდა საქმეებში ხელისუფლების ჩარევის მუდმივი რისკი, პარტიის ლიდერების ხელისუფლების მიერ დახაზული საზღვრებიდან გასვლას საკმაოდ ართულებს.

 

კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს სრპ-ს ერთპარტიულ პერიოდთან და ათათურქთან ფსიქოლოგიური ასოციაცია შეადგენს, რომელიც, ქემალიზმის მთავარი პრინციპებიდან ეტატიზმის ახლებური შეფასების პირობებში, ყოველთვის უხსნის გზას დისკუსიებს იმის შესახებ არის თუ უფრო რადიკალური საპროტესტო ზომების მხარდაჭერა ანტისახელმწიფოებრივი და ხშირად პარტიის პარალიზებას ახდენს.  იდეოლოგიურ პარალიზს ხელს უწყობს ისიც, რომ 1980 წლის 12 სექტემბრის გადატრიალების შემდეგ, სახელმწიფოს ხელით მოხდა ქემალიზმის ახალი, ულტრამემარჯვენე ინტერპრეტაციის შემოტანა, რომელმაც ქემალიზმის მანამდე არსებული ინტერპრეტაციები უკანა პლანზე გადასწია და მიუხედავად მემარცხენე ან ლიბერალური ქემალიზმის გამოღვიძების მცდელობებისა, სრპ-ს ლიდერების საკმაო ნაწილზე 12 სექტემბრის ქემალიზმის გავლენა კვლავ ძალიან დიდია. შესაბამისად, მიუხედავად ბოლო პერიოდში პარტიის განსაკუთრებით ახალგაზრდა მხარდამჭერებში დაწყებული, მემარცხენე ქემალიზმის და მისი იდეოლოგების, მაგალითად დოღან ავჯიოღლუს და მისი ცნობილი წიგნის «თურქეთის წესწყობილების» თავიდან აღმოჩენის და პოპულარიზაციის ტენდენცია, პარტიის ელიტებს ნაკლებად ეხებათ.

 

შესაბამისად, ექრემ იმამოღლუს „დანაშაული,“ რეალურად იმაში მდგომარეობს, რომ მან თავისი ქარიზმით და პოპულარობით, ახალი სიცოცხლე შთაბერა ფრაქციონალიზმით, კორუფციით და იდეოლოგიური პარალიზით გატანჯულ პარტიას, რომელსაც ისტორიული ბაგაჟის და კულტურულ ომებთან ასოციაციის გამო მხარდამჭერთა ბაზის გაფართოების საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა.  იმამოღლუმ  პარტიას პოპულისტური პოლიტიკის წარმოების შესაძლებლობა. ამას თან დაერთო თურქეთში მიმდინარე ძალიან სერიოზული ეკონომიკური კრიზისი და მზარდი სოციალური უთანასწორობა, რამაც იმამოღლუ სამომავლო ცვლილებების ცოცხალ სიმბოლოდ და იმედად იქცა.  ამ ყველაფერმა ერდოღანი აიძულა, რომ დემოკრატიის უკანასკნელი ილუზიებიც მოესპო და რუსული სტილის ავტორიტარიზმის დამკვიდრება ფაქტობრივად ოფიციალურად გამოეცხადებინა.

 

მიუხედავად სრპ-ს ლიდერის ოზგურ ოზელის განცხადების და საპროტესტო აქციებზე გამოჩენისა ან მოარული ხმების, რომ ანკარის მერი მანსურ იავაშიც არანაკლებ ეფექტური კანდიდატი იქნება, რეალურად შეიძლება ითქვას რომ ყოველგვარ ქარიზმას მოკლებული ოზგურ ოზელი და გაუბედავი მანსურ იავაში, არ არიან ის ფიგურები, რომლებიც თურქეთში არსებულ პოლიტიკურ რეჟიმს ეფექტურ წინააღმდეგობას გაუწევენ და სრპ-ს შიგნით არსებული ფრაქციონალიზმის და ინტერესთა კონფლიქტის გამო, ვერც იმაში ვიქნებით დარწმუნებულები რომ ექრემ იმამოღლუს მისი პარტია გვერდით დაუდგება.  მართალია იმამოღლუს პირადი ქარიზმა, უკვე დაგროვებული პოლიტიკური კაპიტალი და ნიჭი უკვე არის იმის გარანტია რომ ის თურქულ პოლიტიკაში დარჩება, თუ როგორ დარჩება ამის განჭვრეტა ძალიან რთულია.  ის შეიძლება მართლაც გახდეს პრეზიდენტი, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ მისი ბედი დაახლოებით ისე წარიმართება როგორც საკუთარი პარტიის მიერ მიტოვებული ბულენთ ეჯევითისა წარიმართა 1980 წლის გადატრიალების შემდეგ. ეჯევითმა ჩამოაყალიბა საკუთარი პარტია, წლების განმავლობაში თურქეთის ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსი იყო, თუმცა მისი კარიერული პიკი კოალიციური მთავრობის პრემიერობა იყო.  ყველაფერს მომავალი გვაჩვენებს, თუმცა სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ თუ თურქეთში ცვლილება მოხდება, ის სახალხო რესპუბლიკური პარტიის მიუხედავად მოხდება.