ვისია სუვერენიტეტი? ოფშორები, კრიპტო და სუვერენიტეტი, როგორც (თავშე)საფარი

ვისია სუვერენიტეტი? ოფშორები, კრიპტო და სუვერენიტეტი, როგორც (თავშე)საფარი

ავტორი: ია ერაძე

25 მარტი 2025

“ქართული ოცნება”, ბოლო დროს, გამუდმებით საუბრობს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, გამჭვირვალობასა და სუვერენიტეტზე. საკუთარი სიმდიდრის და კეთილდღეობის სადარაჯოზე მყოფი ძალა ცდილობს შექმნას ილუზია, რომ მისი გადაწყვეტილებები ხალხის ინტერესებიდანაა ამოზრდილი და არაფერი ამოძრავებს, ქვეყნის დაცვის გარდა. მათ სიტყვებს და საქმეებს შორის კი ძალიან ღრმა ნაპრალია. “ქართული ოცნება” თავად უქმნის საფრთხეს საქართველოს სუვერენიტეტს და არაფრად აგდებს ხალხის საერთო ინტერესს, რაზეც უნდა იდგეს სუვერენული ძალაუფლება.

 

სუვერენიტეტი მრავალგანზომილებიანი ცნებაა და მისი ანალიზისას აუცილებელია მისი როგორც ლეგალური და (გეო)პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ასპექტების გათვალისწინებაც. სუვერენიტეტი მხოლოდ ტერიტორიის კონტროლს არ გულისხმობს, იგი ასევე აირეკლება ეკონომიკის და კაპიტალის კონტროლში (იხ. Pistor, 2017). ამასთან, ქვეყნის სუვერენულობის შეფასება მხოლოდ შიდა პოლიტიკურ ველში ძალაუფლების განხორციელებით ვერ შემოიფარგლება. მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ პოზიციონირებს ესა თუ ის სახელმწიფო გლობალურ ძალაუფლებრივ იერარქიაში, როგორ მიემართება იგი სხვა ქვეყნებს, გლობალურ კაპიტალს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. პოლიტ-ეკონომიურ დებატს იმის შესახებ, თუ ვინ მართავს და ვისია სინამდვილეში ძალაუფლება, ხანგრძლივი ისტორია აქვს. ამ საკითხზე ხედვების სპექტრი მერყეობს გლობალური კაპიტალის უპირატესი ძალის მიმდევრებსა და იმათ შორის, ვინც სახელმწიფოების უმეტეს ძალაუფლებას უსვამს ხაზს (Cohen, 2011; Foucault, 1991; Robinson, 2009; Strange, 1996; Sassen, 1996). კოვიდ პანდემიის და უკრაინის ომის კონტექსტში ეს დებატი კიდევ ერთხელ გამოცოცხლდა, დე-გლობალიზაციის და სახელმწიფოს დაბრუნების განხილვების ჭრილში. ლიბერალური წესრიგის კრიზისის პროცესში კი, კვლავ დღის წესრიგში დგას კითხვა – რას ნიშნავს სუვერენული ძალაუფლება?

 

საქართველო პერიფერიული ქვეყანაა, მცირე პოლიტიკური წონით რეგიონულ და გლობალურ პოლიტიკაში. პერიფერიულია მისი ეკონომიკაც, რომელიც სასიცოხლოდ არის დამოკიდებული უცხოურ კაპიტალზე, ვალუტასა და საქონელზე. ამრიგად, საქართველო მხოლოდ მიმღებია გეოპოლიტიკური თუ გეოეკონომიკური პროცესებისა, რადგან იგი ვერ მოახდენს გავლენას გლობალურ ტენდენციებზე. თუმცა, მნიშვნელოვან განხილვის საგნად რჩება ის, თუ რაში გამოიხატება სუვერენიტეტი ადგილობრივ პოლიტიკაში. ცხადია, ადგილობრივი და გლობალური პოლიტიკები ხისტად ვერ გაიმიჯნება, მითუმეტეს საქართველოს მსგავს პერიფერიულ ქვეყანაში, მაგრამ სუვერენიტეტის შიდა განზომილებაზე დაკვირვება საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ, როგორ იმართება ქვეყანა, ვისი ინტერესებით და ვისია სუვერენიტეტი?

 

სუვერენიტეტს ერთმნიშვნელოვანი განმარტება არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” მის ინსტრუმენტალიზებას  საკუთარი ხელშეუხებლობის დასაცავად ცდილობს, მნიშვნელოვანია ამ ცნების აკადემიურად დამიწებული განმარტებების დამკვიდრება საჯარო დისკურსში. სუვერენიტეტის განსაზღვრებები განსხვავდება, მაგრამ შეიძლება გამოვყოთ მისი ორი ძირითადი კონცეპტუალიზაცია: სუვერენიტეტი, როგორც „გამონაკლისების დაწესების ძალაუფლება“ შმიტისეული გაგებით (Schmitt, 2005) და სახალხო ან პოპულარული სუვერენიტეტი, რომელიც საკანონმდებლო ძალაუფლებაშია ჩაშენებული (Bartelson, 2014). მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სახალხო სუვერენიტეტი სუვერენული ძალაუფლების მთავარ ფორმად ჩამოყალიბდა, სადაც ლეგიტიმაციის წყარო ხალხია და მთავრობები მოცემული სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში მოქმედებენ. ვენდი ბრაუნი ამტკიცებს, რომ სუვერენიტეტი ლიბერალურ დემოკრატიებში იანუსის მსგავსად ორსახაა, რადგან „ის მოქმედებს ორმაგ რეგისტრში: ერთი – რუტინული ლეგიტიმაციის, სამართლისა და არჩევნების და მეორე – სახელმწიფო ქმედების და გამონაკლისების დაწესების“ (Brown, 2010, გვ.50).

 

“ქართული ოცნების” სუვერენული ძალაუფლება, ერთი შეხედვით, ფორმალურად, სწორედ სამართლის და არჩევნების ლეგიტიმურობაშია ჩაშენებული. თუმცა, იგი რა ხანია აღარ დგას კანონსა და ლეგალურობაზე. ბოლო დროს, სულ უფრო ცხადად მატერიალიზდება მისი ძალა გამონაკლისების დაწესებაში, კანონზე ზემდგომობასა და მის უგულებელყოფაში. ამასთან, სულ უფრო მკაფიო ხდება სახალხო ინტერესის საწინააღმდეგოდ მიმართული მათი ქმედებები. ცხადია ისიც, რომ ‘ხელისუფალი’ ქვეყანას კერძო საკუთრებად მიიჩნევს, მის სუვერენიტეტს კი თავის ხელშეუხებლობად აღიქვამს. ამრიგად, “ქართული ოცნება” სუვერენიტეტის მანტრის ქვეშ სახალხო ინტერესს კი არ ემსახურება, არამედ ხალხისგან ავტონომიისკენ ისწრაფვის, რათა მისი ქმედება აღარ იყოს შეზღუდული ‘სხვების’ მითითებებით ან მოთხოვნებით. ‘სხვები’ ხან უცხოელი დიპლომატები და პოლიტიკოსები არიან, ხანაც – ქართველი ‘აგენტები’ და ‘სამშობლოს მტრები’.

 

ამ თეზისების დასასაბუთებლად მრავალი მაგალითი შეგვიძლია მოვიხმოთ. თუმცა, სუვერენიტეტის ეკონომიკურ განზომილებაზე შეჩერებაც გვაჩვენებს, რომ “ქართული ოცნება” თავად არის შემოქმედი ისეთი ეკონომიკური პოლიტიკების და გადაწყვეტილებების, რომლებიც არათუ არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს ან აძლიერებს მის სუვერენულობას, არამედ ვნებს ეკონომიკას და აღარიბებს ხალხს, ძლევამოსილი მცირე ჯგუფის ფინანსური სარგებელი კი იზრდება. ამის ნათელი მაგალითები მთავრობის მიერ წახალისებული კრიპტო ვალუტების მაინინგი და 2024 წელს მიღებული ოფშორების კანონია.

 

2024 წელს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანით საქართველოს მთავრობამ მოგების (15%), საშემოსავლო (20%), იმპორტის და ქონების[1] (1%)[2] გადასახადისგან გაათავისუფლა ოფშორული ქვეყნებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანა (იხ. ნიკოლაიშვილი, და სხვ., 2024). უფრო ადრე კი, 2015 წელს, თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა აამოქმედა ბიტკოინების მწარმოებელი კომპანია Bitfury-სთვის. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში კრიპტომაინინგ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ ესარგებლათ მთელი რიგი საგადასახადო შეღავათებით (0%-იანი ბეგარას რეჟიმი ქონებაზე, მოგებაზე, იმპორტ-ექსპორტზე) და დღგ-სგან გათავისუფლებული ელექტროენერგიით. 2019 წელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალური დადგენილებით, კრიპტოვალუტის ვაჭრობით ან გაცვლით მიღებული შემოსავალიც გათავისუფლდა საშემოსავლო გადასახადისგან, კრიპტოაქტივების გაცვლა ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაზე, ან მათი გასხვისება კი – დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (ფინანსთა სამინისტრო, 2019, დადგენილება N201, მუხლი 2ა).

 

საქართველო ბოლო ათწლეულის განმავლობაში კრიპტოვალუტების მოპოვების ცენტრად ჩამოყალიბდა. 2023 წლის მონაცემებით, იგი „ბიტკოინ-მეგობრულ“ ქვეყანათა[3] პირველ ათეულში შედიოდა. ამ დროისათვის, საქართველოდან წლიური ბიტკოინის გადინება 1 მილიარდ დოლარს აღემატებოდა (BIS, 2023, გვ. 18). იაფი ელექტროენერგია, რეგულაციების არარსებობა, დაბალი გადასახადები და თავისუფალი ინდუსტრიული ზონები ქვეყანას მიმზიდველ ადგილად აქცევს კრიპტოს მაინინგისთვის. სწორედ ამიტომ დაფუძნდა აქ ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიცაა ბიტკოინის მწარმოებელი კომპანია Bitfury. მსოფლიოში უმსხვილესმა კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-მა კი 2023 წელს საქართველოში რეგიონული ოფისიც გახსნა (Binance, 2023, 27 მარტი).

 

საქართველოში კრიპტოვალუტის მოპოვება 2015 წელს დაიწყო, როდესაც გორში და თბილისში Bitfury-ის მონაცემთა ცენტრები (BFDC) გაიხსნა. 2017-2018 წლებში საქართველო იმ ქვეყნების რიცხვში შედიოდა, სადაც მასშტაბური კრიპტომაინინგი მიმდინარეობდა (Hileman & Rauchs, 2017, გვ. 92-93; WB, 2018, გვ. 23-24; Rauchs და სხვ., 2018, გვ. 79). მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2018 წელს, მაინინგზე საქართველოს საერთო ელექტროენერგიის მოხმარების 10-15% მოდიოდა და მოსახლეობის 5% იყო ჩართული კრიპტოვალუტის მაინინგსა და ინვესტიციებში (WB, 2018, გვ. 43).

კანონი ოფშორების შესახებ ან კრიპტოვალუტების მაინინგი არათუ არ წარმოქმნის ეკონომიკურ სარგებელს ქართული სახელმწიფოსთვის, არამედ აზარალებს ქვეყნის ბიუჯეტს და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ სტაბილურობას და განვითარებას. ოფშორების კანონი ისეთი რისკების წინაშე აყენებს ქვეყანას, როგორიცაა არალეგალური კაპიტალის შემოსვლა ქვეყანაში, ფულის გათეთრება, ტერორიზმის დაფინანსება, რყევები საბანკო სექტორში, ფასების ზრდა, სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავება, კორუფციის დონის მომატება, კონკურენციის დარღვევა ადგილობრივ ბაზარზე, საზოგადოების ნდობის შემცირება სახელმწიფო დაწესებულებების მიმართ, საერთაშორისო საზოგადოების ნდობის შემცირება საქართველოს მიმართ (რეპუტაციული რისკი) (ერაძე, 2024). ამასთან, ოფშორების შესახებ კანონი არა მხოლოდ ოფშორული ზონებიდან ფულის და ქონების გადასახადების გარეშე შემოტანას, არამედ საქართველოდან ოფშორულ ზონებში მოგების გატანასაც ეხება. თუ ამ კანონის მიღებამდე, საქართველოდან ოფშორში გატანილი მოგება 19,5%-ის იბეგრებოდა, ოფშორების კანონით გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ეს გადასახადი აღარ გავრცელდეს ქართული კომპანიის მოგების ოფშორში გატანაზე (სსც, 2024). ამ ტიპის ‘თავისუფლება’ კი დამატებით რისკებს წარმოქმნის ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან იგი წაახალისებს საქართველოში გამომუშავებული მოგების ქვეყნიდან გასვლას.

 

კრიპტოვალუტის მოპოვება და მისი დაურეგულირებელი გამოყენება ასევე მთელ რიგ რისკებს წარმოქმნის – კაპიტალის გადინება, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ფულის გათეთრება და ნდობის შემცირება ეროვნული ვალუტის მიმართ. ამასთან, კრიპტოვალუტების მაინინგი საქართველოში ელექტროენერგიას დიდი რაოდენობით მოხმარებას იწვევდა და ახალი ენერგიის წარმოების და იმპორტის საჭიროებაც კი წარმოქმნა.  მაშინ როცა ეს სფერო თითქმის არ ქმნის სამუშაო ადგილებს და საქართველოში წარმოებული ბიტკოინები ქვეყნის მაკროეკონომიკურ მონაცემებშიც კი არ აისახება (მაგალითად, საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაში), თითქოს ეს პროცესი არც კი მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიაზე.

 

ტერიტორია – სუვერენიტეტის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, საკანონმდებლო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ზემოთ აღწერილი საქმიანობების განხორციელების მთავარი წინაპირობა ხდება. კრიპტოვალუტების მოპოვებას სჭირდება ტერიტორია, სუვერენული სივრცე, შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ოფშორების კანონიც სწორედ საქართველოს იურისდიქციას იყენებს, რათა ოდესღაც ოფშორულ ზონებში დაბინავებული კაპიტალისთვის თავშესაფრად იქცეს. ამრიგად, “ქართული ოცნება”  სუვერენიტეტის ინსტრუმენტალიზებას ცდილობს არა მხოლოდ დისკურსულ დონეზე, არამედ პირდაპირი მნიშვნელობითაც, კერძო ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით.

 

ნიშანდობლივია, რომ ოფშორებიდან აქტივების შემოტანის გამარტივება და კრიპტოვალუტების მაინინგი, ოცნების მიერ ეკონომიკის განვითარების ჭრილში იქნა შემოტანილი საჯარო დისკურსში. თუმცა, არც არავის გაუწევია დიდი ძალისხმევა მათი ლეგიტიმაციისთვის. ეს აბსურდული ‘განვითარების’ სქემები თავის მხრივ ჩაშენებულია ათწლეულების განმავლობაში ნაშენებ ნეოლიბერალურ ლოგიკასა და ინფრასტრუქტურაში, იქნება ეს თავისუფალი ინდუსტრიის ზონები, სოციო-ეკონომიკურად მოწყვლადი მოსახლეობა თუ გაუცხოებული სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც მხოლოდ ძლიერთა მითითებებს ახორციელებენ. სუვერენიტეტი კი რჩება ჰაერში გამოკიდებულ ცნებად, ისეთივე შორეულად, როგორც ოფშორების კანონით ქვეყნის გამდიდრებაზე ოცნება და ისეთივე ვირტუალურად – როგორც კრიპტოვალუტა.

 

წყაროები:

Bartelson, J. (2014). Sovereignty as Symbolic Form. Routledge

Binance (2023, March 27). Binance Opens a Regional Hub in Georgia. Available at:

https://shorturl.at/Si6M7

Bank of International Settlements (BIS) (2023). The crypto ecosystem: key elements and risks. G20

Finance Ministers and Central Bank Governors.

Brown, W. (2010). Walled States, Waning Sovereignty. Zone Books.

Cointelegraph, (28.06.2023). Tether signs MoU with Georgia to develop Bitcoin P2P

infrastructure. Available at: https://shorturl.at/Nh5CP

Cohen, B. (2011). The New Geography of Money. In E. Gilbert & E. Helleiner (Eds.), Nation-States

and Money: The past, present and future of national currencies (pp. 121–139). Routledge.

Foucault, M. (1991). Governmentality. In G. Burchell, C. Gordon, & P. Mille (Eds.), The Foucault

Effect Studies in Governmentality (pp. 87–105). The University of Chicago Press.

Hileman, G. & Rauchs, M. (2017). Global Cryptocurrency Benchmark Study, Cambridge Center for

Alternative Finance, University of Cambridge, Cambridge.

Pistor, K. (2017). From Territorial to Monetary Sovereignty. 18 THEORETICAL INQ. L. 491

Rauchs, M., Blandin, A., Klein, K., Pieters, G., Recanatini, M., Zhang, B. (2018). 2nd Global Cryptoasset Benchmarking Study, Cambridge Center for Alternative Finance, University of Cambridge, Cambridge.

Robinson, W. I. (2009). Global Capitalism , Social Science, and Methods of Critique: Response To

Cammack’s “ Forget the Transnational State.” Geopolitics, History & International Relations, 1(2), 98–108.

Sassen, S. (1996). Losing Control? Sovereignty in an Age of Globalization. Columbia University Press.

Schmitt, C. (2005). Political Theology. Four Chapters on the Concept of Sovereignty, University of Chicago Press.

Strange, S. (1996). The retreat of the state The Diffusion of power in the world economy. Cambridge University Press.

World Bank (2018). Cryptocurrencies and Blockchain. Europe and Central Asia Economic Update.

WB Report (May).

ერაძე, ი. (2024). ოფშორის ოფშორი საქართველოში – რას ნიშნავს ბოლო ცვლილებები?

კომენტარი. https://shorturl.at/gVjic

ნიკოლაიშვილი, ხ., ლომსაძე, ლ., ჩხეტიანი, ლ. (2024). ოფშორულ კომპანიებთან

დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები და მათი პოლიტიკური იმპლიკაციები. შ. დიღმელაშვილი და თ. მიქელაძე (რედ.), სოციალური სამართლიანობის ცენტრი. ოფშორები_GEO_1730794402.pdf

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (28 ივნისი, 2019). საქართველოს ფინანსთა

სამინისტროს საჯარო გადაწყვეტილება N201 კრიპტოაქტივების და მის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის მიწოდების ოპერაციების დაგროვების თაობაზე. Matsne.gov.ge

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (2024). რა სარგებელი შეიძლება ნახოს “ოფშორების

კანონით” ბიძინა ივანიშვილმა? https://shorturl.at/ISQ1x

 

შენიშვნები:

[1] 2030 წლის 1 იანვრამდე

[2]ზემოაღნიშნული შეღავათებით სარგებლობის წინაპირობაა, რომ აქტივების შემომტანი პირი ან პირთა ჯგუფი უნდა ფლობდეს, როგორც უცხოური საწარმოს, ასევე საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს 100%-იან წილს.

[3] 2022 წელს საქართველო კრიპტოეკონომიკისთვის ყველაზე მზადმყოფი იურისდიქციების სიაში მეოთხე ადგილზე მოხვდა, ჰონკონგის, აშშ-ისა და შვეიცარიის შემდეგ. რეიტინგი შემდეგი კრიტერიუმებით განისაზღვრებოდა: კრიპტო ბანკომატების რაოდენობა, კანონმდებლობა, კრიპტო სტარტაპების რაოდენობა და ფიზიკური პირებისთვის მინიმალური კაპიტალის მოგების გადასახადი (Cointelegraph, 2022, 26 ივლისი).