პარტიები, წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიზისი და პროტესტი საქართველოში

პარტიები, წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიზისი და პროტესტი საქართველოში

თეზისები

ავტორები: თორნიკე ჩივაძე და გია ჟორჟოლიანი

10 მარტი 2025

1. ბოლო რამდენიმე ათწლეულია, ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში, მათ შორის განვითარებულ დასავლურ  დემოკრატიებში, აშკარაა ტრადიციული პარტიებისა და, შესაბამისად, ე.წ  პარტიული დემოკრატიის კრიზისი.  კატასტროფულად შემცირდა პარტიების წევრთა რაოდენობა, ნდობაც მნიშვნელოვნად დაეცა.  ჩამოიშალა ან უკიდურესად დასუსტდა  მეინსტრუმული პარტიები, რომლებიც  ვეღარ ასრულებენ თავიანთ მთავარ ამოცანას –  წარმომადგენლობით ფუნქციას. ტრადიციული პარტიები იყო მთავარი ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფდა წარმომადგენლობითი და მონაწილეობრივი   ფუნქციების განხორციელებას არჩევნების მეშვეობით და არჩევნებს შორის პერიოდში ხელისუფლებაზე ზეგავლენის გზით. მასობრივი პარტიების პირობებში არჩეული წარმომადგენლები ანგარიშვალდებულები იყვნენ საკუთარი წევრების მიმართ. ტრადიციული პარტიები უზრუნველყოფდნენ საზოგადოებრივი ჯგუფების  ინტერესების რეპრეზენტაციას, შესაბამისად საპარლამენტო ჯგუფები, ანუ საზოგადოებრივი ჯგუფები, კომპრომისის გზით იღებდნენ გადაწყვეტილებებს.  თუმცა ეს იყო კომპრომისი საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის და არა გარიგებები საზოგადოებისგან მოწყვეტილ პარლამენტის წევრებს შორის. დემოკრატია იყო არა წინასწარ ჩაფიქრებული მოდელი, არამედ, უმეტესწილად, ინსტუტუციონალიზებული პოლიტიკური ბრძოლის შედეგად მიღწეული კომპრომისების (და არა კონსენსუსის) შედეგი. ეს სისტემა დიდწილად ეფუძნებოდა  XX საუკუნის ინდუსტრიული საზოგადოების სოციალურ სტრუქტურას.

 

2. დღეს აკადემიურ სივრცეში დემოკრატიის კრიზისი ფართოდ აღიარებული საკითხია. ასევე დიდწილად იდენტიფიცირებულია მისი ძირითადი მიზეზებიც – ინსტიტუტების ეროზია, არაეფექტურობა, წარმომადგენლობის და მონაწილეობის მექანიზმების უკიდურესი დასუსტება, რასაც შედეგად მოჰყვა ხალხის (დემოსის) მოწყვეტა მმართველობის პროცესისგან. სამართლიანი დასკვნაა, რომ ეკონომიკურმა ნეოლიბერალიზმმა ფაქტობრივად ძირი გამოუთხარა დემოკრატიას – კერძოდ, ლიბერალურ დემოკრატიას, რომელიც ტრადიციულად ეფუძნებოდა კონსერვატიულ და სოციალ დემოკრატიულ კომპრომისს).

ამ ანალიზის მიხედვით, მმართველელი ელიტა უფრო და უფრო მოწყდა  ხალხს, ხოლო მოქალაქეთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში რადიკალურად დასუსტდა, მათ შორის, პარტიების დაღმასვლით. სოციალური  და ეკონომიკური სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა, მაგრამ შესაბამისად არ შეცვლილა ხელისუფლების ფორმირების წესები – პოლიტიკური სისტემა. მაგალითად, არ მომხდარა პარტიული სისტემის გადააზრება და გარდაქმნა. ამასთან, ნეოლიბერალურმა წესრიგმა კიდევ უფრო გააღრმავა უთანასწორობა და დაასუსტა დემოკრატია.  პოპულიზმის აღმასვლა ამ კრიზისზე რეაქციად შეიძლება მივიჩნიოთ, თუმცა, დემოკრატიული მონაწილეობის გაზრდის ნაცვლად, იგი ხშირად უკიდურესად ელიტური ჯგუფების მმართველობას გულისხმობს.

ამ ყველაფერს ემატება ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მომხდარი ცვლილებები ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. მონოპოლიზაციის პროცესი ამ სფეროში ცვლის კაპიტალიზმის ფუნდამენტურ მახასიათებლებს  – წამყვანი კომპანიები პრაქტიკულად ფეოდალური რენტის მსგავს, კოლოსალურ შემოსავლებს იღებენ და ბატონდებიან, როგორც ეკონომიკურ ბაზარზე, ასევე იდეოლოგიურ (საზოგადოებრივი აზრის) და პოლიტიკის სფეროშიც.

 

3. ამ ცვლილებების სწორ ანალიზს, როგორც წესი, არასწორი დასკვნები მოჰყვება. ხშირად გაისმის მოწოდებები, რომ უნდა ვებრძოლოთ პოპულიზმს, კორუფციას, სასამართლოს მიკერძოებულობას, ცუდ მმართველებს და ა.შ..ბრძოლის საშუალებად სახელდება კანონები, მმართველობის წესების ცვლილება და სხვა ინსტიტუციური რეფორმები. თუმცა, მთავარი კითხვაა –  თუ ვინ უნდა განახორციელოს ეს ცვლილებები? პარტიებმა, როგორც დემოკრატიის ინსტრუმენტმა?  მაგრამ თუ  თავად ეს პარტიები, მათი ფორმირების და ქცევის წესები სისტემის ნაწილია, რატომ  მოახდენენ ისინი ისეთ ცვლილებებს, რომლებიც მათვე არ აწყობთ? უფრო მეტიც, მათ როგორც წესი, არ აქვთ ალტერნატიული ხედვა და არ იციან, როგორ იმოქმედონ სხვანაირად. რა თქმა უნდა პარტიები,  იცვლებიან, მაგრამ ეს ცვლილებები  უმეტესწილად პოპულისტურ და ავტორიტარულ მიმართულებას იღებს, რაც დემოკრატიას კიდევ უფრო მეტად აზიანებს.

 

საუბარი კანონების, პოლიტიკისა და ინსტიტუტების ცვლილების შესახებ, საუკეთესო შემთხვევაში, კომპეტენტური, მაგრამ მაინც მხოლოდ ექსპერტული მსჯელობაა. თუმცა, დემოკრატია არ არის უბრალოდ მორალის, ნორმების ან  ეკონომიკის სხვა სფეროების შესახებ მსჯელობა – ის პირველ რიგში ძალაუფლების საკითხია.

 

ანუ, მთავარი საკითხია: ვის აქვს ძალაუფლება და როგორ ხდება ძალაუფლების მოპოვება. დემოკრატიის გაძლიერება შესაძლებელია მხოლოდ ამ საკითხის გადაწყვეტით და არა მორალისტური მსჯელობით „უკეთეს საზოგადოებაზე“.

 

დემოკრატია არ არის ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებული უძრავი სისტემა. ის მუდმივ მოძრაობაშია და საკუთარი თავის შენარჩუნებას  ვერ შეძლებს, თუ მუდმივად არ განიცდის ცვლილებებს. ექსპერიმენტირება გარდაუვალია. მთავარი კი ისაა, რომ ცვლილებების ვექტორი არ მიემართოს თავად დემოკრატიის წინააღმდეგ.

 

4. დღეს მსოფლიოში მართლაც მიმდინარეობს გლობალური და გეოპოლიტიკური წესრიგის ტრანსფორმაცია. მაგრამ, ჩვენ (საქართველო) ამ პროცესზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ვერ მოვახდენთ. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ხდება მსოფლიოში, მაგრამ ასეთ პირობებში ზედმეტი გეოპოლიტიკური პროგნოზირება და ამ პროგნოზებზე დაყრდნობით შიდა პოლიტიკური ამოცანებისთვის მათი ინსტრუმენტალიზება (მით უმეტეს, როცა ეს პროცესები პრაქტიკულად გამოუცნობია) მომავალში პოლიტიკური დივიდენდების მიღების მიზნით, უმადური საქმეა. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ეს მანიპულირებისთვის მიმზიდველი ჩანდეს, მაგრამ საბოლოოდ ფუჭი აღმოჩნდება, რადგან მაინც მოგვიწევს დამდგარ რეალობასთან ადაპტირება. ნებისმიერი გეოპოლიტიკური გადათამაშებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორაა ორგანიზებული ძალაუფლება ქვეყნის შიგნით, და ვინ ახდენს ქვეყნის რეპრეზენტაციას საერთაშორისო დონეზე. კიდევ ერთხელ, დემოკრატია არის არა პროცედურების, ინსტიტუტების  და მათი გამართული მუშაობის, არამედ ძალაუფლების საკითხი.

 

5. ჩვენი აზრით, დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესები აშკარად აჩვენებს, რომ მთელი პოლიტიკური სისტემა კრიზისს განიცდის და მისი ლეგიტიმურობა  ეჭვქვეშ დგება. ლეგიტიმურობის კრიზისი ნიშნავს, რომ საზოგადოების კრიტიკული ნაწილი უარყოფს მმართველობის წესებსა და გადაწყვეტილებებს, რაც შეუძლებელს ხდის ეფექტურ მმართველობას. თუ ეს კრიზისი დაუძლეული არ იქნება, იგი შეიძლება უმართაობასა და ქაოსში გადაიზრდოს.

 

გავრცელებული ალარმისტული პოზიცია, რომ ახლა  კრიტიკულ მომენტში ვიმყოფებით, თუ პოლიტიკა 28 ნოემბრამდე (ან უფრო ადრინდელ)  ნორმალურ მდგომარეობას არ დაუბრუნდა, მცდარია.  ძველი „ნორმალური“ რეალურად არასდროს ყოფილა კარგი. საჭიროა არა წარსულთან, ნორმალურთან დაბრუნება (რაც შეუძლებელია), არამედ ახალი, უკეთესი  წესრიგის შექმნაზე ფიქრი და მსჯელობა.წინააღმდეგ შემთხვევაში (უკან დაბრუნების შემთხვევაში) კვლავ მოვხვდებით იქ სადაც დღეს ვართ.

 

საქართველოში პოლიტიკური პარტიების ფორმირება დამოუკიდებლობის მოპოვებიდანვე ატარებდა პერსონალისტურ და არა წარმომადგენლობით ხასიათს.  საქართველოში ვერ ყალიბდება ტრადიციული ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ და ირიბად დემოკრატიზაციას უწყობენ ხელს. ეს არც მხოლოდ ამა თუ იმ ჯგუფის თუ კლასის პოლიტიკური ცნობიერების ნაკლებობით და არც მხოლოდ ელიტების მანიპულაციის ძალით აიხსნება (თუმცა ორივე ფაქტორი მნიშვნელოვანია). საქმე იმაშია, რომ თანამედროვე ეპოქაში საზოგადოებრივი სტრუქტურა შეცვლილია.

 

პოსტინდუსტრიულ (ან ჩვენს შემთხვევაში არაინდუსტრიული[1]) საზოგადოებაში, სადაც ტრადიციული სოციალური სტრუქტურა ( მუშათა კლასი, კაპიტალისტთა კლასი, გლეხობა და ა.შ.) ფუნდამენტურად შეცვლილია, საზოგადეობა ფრაგმენტირებულია. ტრადიციული მემარცხენე-მემარჯვენე იდეოლოგიები დიდწილად ვერ პასუხობს ამ ფრაგმენტაციას და ინტერესთა სიმრავლეს. შედეგად, მივიღეთ ვითარება, რომელშიც პარტიების ტრადიციული საფუძველი – სოციალური სტრუქტურა – აღარ არსებობს, მაგრამ საფუძველ გამოცლილი, პარტიული ინსტრუმენტი მაინც ინერციულად აგრძელებს არსებობას.

 

შესაბამისად, გვაქვს არა მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, არამედ პოლიტიკის კრიზისი, რომელიც ინსტიტუციურად პარლამენტარიზმის კრიზისში  აისახება (იქნება მასში ოპოზიცია და ე.წ. პლურალიზმი თუ არა).  ეს  კრიზისი  მხოლოდ ქართული ფეონომენი არ არის.  მას კარგად აღწერს ტერმინი “ყოვლის მომცველი პარტია” (Catch-all party), რომელიც ცდილობს მოიცვას ყველა საზოგადეობრივი ჯგუფი და თემა.  შედეგად, ამ პროცესში იდეოლოგიური  განსხვავებები  იკარგება და მოქალაქეს უჭირს  პარტიასთან აფილირება. შედეგად, დღეს, პოლიტიკაში უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება  არა პოლიტიკურ შინაარსს, არამედ პიროვნებებს,მარკეტინგს, კომუნიკაციას, სკანდალებს და ა.შ.

 

რომ დავესესხოთ აბრაჰამ ლინკოლნს, როდესაც მმართველობა საზოგადოებასთან კავშირს კარგავს, “ხალხის მართვა, განხორციელებული ხალხის მიერ და ხალხისთვის“  პრაქტიკულად უქმდება, და მისგან მხოლოდ პირველი რჩება – “ხალხის მართვა”. საქართველოში ეს წინააღმდეგობები უკიდურესად გამწვავებულია. პოლიტიკური კლასის მიმართ ნიჰილიზმმა ისეთ დონეს მიაღწია, როგორიც აქამდე არასდროს არ ყოფილა საქართველოში.

 

6. საქართველოში არსებული კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა არის მმართველობის ახალი წესების დამკვიდრებაა – დემოკრატიის შინაარსისა და პროცედურების გადააზრება, მონაწილეობისა და წარმომადგენლობის ახალი ფორმების დამკვიდრება.

 

ეს ნიშნავს, რომ ტრადიციული ტიპის პარტიები პრაქტიკულად ვერ შეძლებენ არსებული გამოწვევების ადეკვატურად პასუხს. შესაბამისად, ფუჭია იმავე, უკვე გაცვეთილი ტრადიციული გზით სიარული. აუცილებელია, რეალობას საღად და რაციონალურად შევხედოთ – არა ნორმატიული პრიზმიდან, არამედ   არსებული სოციალური სტრუქტურისა  და ინტერესთა სიმრავლის გათვალისწინებით.

 

რეალობის ანალიზი გვიჩვენებს, რომ:

ა. მოქალაქეებს არ აქვთ ნდობა ტრადიციული პარტიების მიმართ, რადგან ისინი ვერ უზრუნველყოფენ მათი ინტერესებისა და საჭიროებების ადეკვატურ წარმომადგენლობას.

ბ. საპროტესტო პროცესებსი ადამიანები  უკვე ერთიანდებიან პროფესიული,  რეგიონული თუ სხვა ნიშნებით, რაც ადასტურებს, რომ ახალი სოციალური იდენტობების გარშემო ორგანიზება ბუნებრივად მიმდინარეობს.

ეს ცვლილებები ცხადყოფს, რომ აუცილებელიას ახალი ტიპის პოლიტიკური ორგანიზების შექმნა, რომლებიც ამ რეალობასთან შესაბამისობაში იქნება.

 

7. წარმომადგენლობისა და მონაწილეობის არსებული ფორმების მწვავე კრიზისის პირობებში, საქართველოში შესაძლოა ეფექტური იყოს, რომ მოხდეს ორგინიზება ორგანულად წარმოქმნილი ჯგუფური იდენტობების გარეშემო და ამ ჯგუფებმა პოლიტიკაში მიიღონ მონაწილეობა არა როგორც პასიურმა ამომრჩევლებმა, არამედ როგორც აქტიურმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა. სხვა სიტყვებით, დღეს პოლიტიკურად აქტიური ჯგუფები შეიძლება გარდაიქმნან პოლიტიკურ ძალად, რომლებიც არა მხოლოდ ძალაუფლებაზე გავლენის მოხდენას ცდილობენ, არამედ იბრძვიან მასში მონაწილეობისთვის. ეს გულისხმობს, პოლიტიკურ სუბიექტად ქცევას და არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ პირველ რიგში არჩევნებს შორის პოლიტიკის წარმოებას.

 

ახალი ტიპის პოლიტიკური ორგანიზაციები შეძლებენ დემოკრატიის ორი მთავარი პრინციპის –  წარმომადგენლობისა და მონაწილეობის – უზრუნველყოფას:

  • სოციალური ჩართულობაასეთი ორგანიზაციები ხელს შეუწყობენ მოქალაქეთა უშუალო ჩართვას პოლიტიკურ პროცესში და გაამყარებენ წარმომადგენლობას.
  • ინკლუზიურობაისინი შეძლებენ, ასახონ სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ინტერესები, რაც დღეს არსებულ პარტიულ სისტემაში  იგნორირებულია.
  • გამჭვირვალობა – ახალი სუბიექტების ფორმირება შესაძლებელს გახდის გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დემოკრატიზაციას და საზოგადოებრივ დონეზე  მის კონტროლს.
  • ადგილობრივი ინიციატივების გაძლიერებარეგიონული და პროფესიული ნიშნებით ორგანიზებული ჯგუფები უკეთ შეძლებენ ადგილობრივი და პროფესიული პრობლემების ეფექტიანად გადაჭრას.

 

ვინ უნდა იყვნენ ეს ჯგუფები?

პროფესიული ჯგუფები:

პროფესიების ირგვლივ გაერთიანებული ორგანიზაციები შეძლებენ პოლიტიკურ პროცესში კონკრეტული სფეროების ინტერესები მკაფიოდ წარმოაჩინონ.

 

ადგილობრივი (ტერიტორიული) ჯგუფები:

ასეთ ჯგუფებს შეუძლიათ, არა მხოლოდ ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირება, არამედ მათი გადაჭრისთვის მუშაობაც. ისინი პოლიტიკაში არ შევლენ მხოლოდ ცენტრალიზებული ინტერესებით, არამედ წარმოადგენენ უფრო პრაქტიკულ და კონკრეტულ დღის წესრიგს, რომელიც პასუხობს ხალხის ყოველდღიურ საჭიროებებს.

 

პოლიტიკური ფორმა.

ეს მოძრაობები შეიძლება განვითარდეს კოალიციური მოდელის სახით, სადაც პროფესიული და ტერიტორიული ჯგუფები ერთიანდებიან საერთო პოლიტიკურ მიზნებისთვის, მაგრამ ამავდროულად ერთმანეთისგან დამოუკიდებლობასაც ინარჩუნებენ.

 

შესაძლებლობა ცვლილებისთვის

პარტიების კრიზისის ფონზე, ალტერნატიული მოძრაობების განვითარება არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ უკიდურესად საშურიც არის. ეს იქნება გარდამავალი ეტაპი ტრადიციული პოლიტიკიდან მოქალაქეთა უშუალო ჩართულობაზე დაფუძნებული სისტემისკენ, რომელიც ხალხის ინტერესებს და მათ რეალურ საჭიროებებს ასახავს. ამ გზით, საქართველომ შესაძლოა არსებული პოლიტიკური სისტემისა და  დემოკრატიის  კრიზისი  ახალ შესაძლებლობად გარდაქმნას – პოლიტიკური სისტემის განახლებისა და თანამედროვე სოციალური რეალობის შესაბამისი მმართველობის ჩამოსაყალიბებლად.

 

პ.ს.

რასაკვირველია, ჩვენს მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები არ გულისხმობს, რომ დღეს არსებული პოლიტიკური ჯგუფები, პარტიები უნდა გაუქმდეს, ხოლო პოლიტიკაში მოქმედმა პირებმა  პოლიტიკური სივრცე დატოვონ. ისინი, უეჭველად, უნდა დარჩნენ აქტიური მონაწილეები მიმდინარე საზოგადოებრივ პროცესებში. ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, როგორი მმართველობის წესრიგი და ინსტიტუტები ჩამოყალიბდება მიმდინარე პროცესების შედეგად. თუმცა ერთი რამ ცხადია – აუცილებლად გვჭირდება და ვიცით –  მონაწილეობისა და წარმომადგენლობის ეფექტური ინსტიტუტების შექმნა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

 

გია ჟორჟოლიანი

თორნიკე ჩივაძე

 

შენიშვნები:

[1]მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს განვითარების უმთავრესი წინაპირობა ინდუსტრიალიზაციაა, ტექნოლოგიური და სხვა ცვლილებების გამო ახალი ტიპის ინდუსტრიალიზაცია ვერ მოახერხებს ისეთი ტიპის ჯგუფების და მათი ინტერესების ფორმირებას, როგორც ეს ადრეული ინდუსტრიალიზაციის პერიოდებში იყო.