15 თებერვალს ოკუპირებულ აფხაზეთში, უკვე ტრადიციად ქცეული, ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. აფხაზეთის ბოლო დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ პოსტი ვადაზე ადრე, 2024 წლის 19 ნოემბერს დატოვა სახალხო პროტესტის ფონზე, რაც რეაქცია იყო დე ფაქტო პარლამენტის მცდელობაზე აფხაზეთში რუსული ინვესტიციების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოეხდინა.
აღნიშნულ შეთანხმებას, რომელსაც პირადად ლობირებდა ასლან ბჟანია, იმთავითვე სრული უნდობლობა ჰქონდა აფხაზურ საზოგადოებაში. იგი ითვალისწინებდა რუსი ბიზნესმენებისთვის მთელ რიგ საგადასახადო შეღავათებსა და გარანტიებს[1] რაც აფხაზური მიწების შესაძლო გასხვისებისა და ისედაც სუსტი ადგილობრივი ბიზნესის კიდევ უფრო დასუსტების რისკს ზრდიდა. ამასთან, ამგვარი შეთანხმების გაფორმება, „ბიჭვინთის აგარაკების“ რუსეთის ფედერაციის სარგებლობაში გადაცემიდან რამდენიმე თვეში, განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქმებოდა აფხაზურ საზოგადოებაში.
წინასაარჩევნო გარემო
ნოემბრის ოთხ დღიანი პროტესტის შედეგად ჩანიშნული არჩევნების ადმინისტრირებას ადგილობრივი დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისია უხელმძღვანელებს. ოკუპირებულ რეგიონში 152 საარჩევნო უბანი გაიხსნება, ხოლო მის ფარგლებს გარეთ – მოსკოვსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის დედაქალაქ ჩერკესკში. მოლოდინის მიუხედავად უბანი არ გაიხსნება ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქ ნალჩიკში, სადაც ასევე ცხოვრობენ აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები.[2]
ვადამდელ „არჩევნებში“ ჯამში 5 კანდიდატი მონაწილეობს, თუმცა აფხაზური საზოგადოებისა და კრემლის ყურადღება ორი მათგანის – ბადრა გუნბასა და ადგურ არძინბასკენაა მიპყრობილი. ეს უკანასკნელი მთავარი ოპოზიციური კანდიდატია, რომელსაც რაულ ხაჯიმბას მმართველობისას ეკონომიკის მინისტრის პოსტი ეკავა და 2020 წლის არჩევნებში ბჟანიას კონკურენტიც იყო. რაც შეეხება ბადრა გუნბას, მას ალექსანდრე ანქვაბის კაბინეტში კულტურის მინისტრის პოსტი ეკავა, ხოლო ბოლო პერიოდში ყოფილი დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი იყო რამაც ასლან ბჟანიას ერთგვარ პოლიტიკურ მემკვიდრედ აქცია. სწორედ მასზე კეთდება ფსონი მოსკოვში.
კრემლის ღია მხარდაჭერა კონკრეტული კანდიდატის მიმართ აფხაზებისთვის ახალი არაა და მათ ნაწილში 2004-2005 წლების პერიოდის მოგონებებსაც აღვიძებს, როდესაც სერგეი ბაღაფშთან კონკურენციაში რაულ ხაჯიმბას რუსეთი ღიად უმაგრებდა ზურგს. მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესში კი ამგვარი მხარდაჭერა ბევრად დახვეწილი ფორმებით მიმდინარეობს.
პირველ რიგში თვალშისაცემია ის მანიპულაციური გამოკითხვა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევის რუსულმა ცენტრმა (ВЦИОМ) 19-21 იანვარს ადგილობრივი დე ფაქტო კანონმდებლობის დარღვევით ჩაატარა აფხაზეთში. შედეგების მიხედვით, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტად ბადრა გუნბა დასახელდა 32%-ით, ხოლო ოპოზიციის ლიდერ ადგურ არძინბას 15% ერგო. გამოკითხვა დარღვევად შეაფასა აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში არ არსებობს ოფიციალური წინასაარჩევნო კვლევის ჩატარებისა და რეიტინგების შედგენის ტრადიცია.[3]
მეორე თვალშისაცემი მოვლენა იყო რუსული მედიის მიერ ადგურ არძინბას წინააღმდეგ აგორებული კამპანია, რომელიც მის პროთურქულ კანდიდატად წარმოჩენას ემსახურებოდა. ამგვარი ბრალდების ერთადერთი საფუძველი იყო ის ფაქტი, რომ არძინბამ ფეთულა გიულენის რელიგიურ-პოლიტიკურ ქსელთან ასოცირებული თურქული სასწავლებელი „ბაშარან კოლეჯი“ დაამთავრა, რომელიც გაგრის რაიონის დაბა განთიადში 1995-2010 წლებში ფუნქციონირებდა.
საკუთარი ფავორიტის მონიშვნას ემსახურებოდა მოსკოვის მხრიდან იმ მაღალი დონის შეხვედრების სერია, რომელიც კრემლის მაღალჩინოსნებმა გამართეს ბადრა გუნბასთან, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს ამის არანაირი თანამდებობრივი ლეგიტიმაცია არ ჰქონდა. მოსკოვში აფხაზურ დიასპორასთან წინასაარჩევნო კამპანიის საბურველით გუნბამ შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან, ტრანსპორტის მინისტრ რომან სტაროვოიტთან, ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვთან, ჯანდაცვის მინისტრ მიხაილ მურაშკოსთან და კრემლის ახლადდანიშნულ კურატორთან, მაგრამ ბევრისთვის კარგად ნაცნობ – სერგეი კირიენკოსთან.
აღნიშნულ შეხვედრებზე ბადრა გუნბამ მიიღო დაპირება, რომ რუსეთი ახალი შემართებით გააგრძელებდა სოციალური, ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას აფხაზეთში, ხოლო სადავო საინვესტიციო ხელშეკრულებას უფრო კომპრომისული ვერსია ჩაანაცვლებდა. გარდა ამისა, ბადრა გუნბა იყო ის მთავარი მგზავრი, რომელიც თათრეთის რესპუბლიკის ავიახაზების „ЮВТ АЭРО“-ს საცდელ რეისს ჩამოჰყვა სოხუმის ახლად გახსნილ აეროპორტში, რომლის რეაბილიტაცია რუსეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და ამჟამინდელი უშიშრობის საბჭოს მდივნის მოადგილის რაშიდ ნურგალიევის ვაჟის კომპანიამ განახორციელა. სოხუმის აეროპორტის გახსნა მნიშვნელოვან მოვლენად შეფასდა სოხუმსა და მოსკოვში, ვინაიდან 30 წლის შემდეგ აეროპორტმა პირველად მიიღო რუსული რეგულარული სამგზავრო თვითმფრინავი.
მოსახლეობის პრობლემები პოლიტიკურ დღის წესრიგში
ვადამდელ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ აფხაზეთის მოსახლეობა ნაცნობი პრობლემებით ხვდება, რომელთაგან უმთავრესი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისია. რეგიონის მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზი ცხადყოფს, რომ ადგილობრივი ეკონომიკა თითქმის მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული და მისი ძირითადი შემოსავალი რუს ტურისტებზე, რუსეთის ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტსა და, რუსეთის პირდაპირ ფინანსურ დახმარებაზეა დამყარებული. რეგიონის ეკონომიკას არაერთი სტრუქტურული პრობლემა ახასიათებს: მაღალი არაფორმალურობა, სიღარიბე და კატასტროფულად მაღალი უმუშევრობის მაჩვენებელი. სამუშაო ძალის დაახლოებით 70% უმუშევარია, ხოლო დასაქმებულთა 46% საჯარო სექტორში მუშაობს, რომელიც ძირითადად რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციების მიხედვით, აფხაზეთის მოსახლეობის მინიმუმ 30% სიღარიბეში ცხოვრობს, და ეს მაჩვენებელი მზარდია.[4]
მძიმეა ვითარება ენერგეტიკული კუთხითაც – ზამთრის თვეები, ტრადიციულად, გრაფიკით მიწოდებული ელექტროენერგიის ფონზე მიმდინარეობს. იმ პირობებში, როდესაც დენი ერთადერთი ენერგიის წყაროა აფხაზეთში, ენგურჰესის შეზღუდული რესურსი საკმარისი აღარაა. ამას ემატება ამორტიზებული ქსელი (არაოფიციალური ინფორმაციით დანაკარგი 30%-ს შეადგენს) და კრიპტოვალუტის მაინინგი, რომელიც კიდევ უფრო ზრდის წნეხს სექტორზე.
ამ და სხვა პრობლემებზე, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და კორუფცია „საპრეზიდენტო კანდიდატები“ ყველაზე ნაკლებად საუბრობენ. დებატების სივრცეს ძირითადად გეოპოლიტიკური ანალიზი და იმ საკითხებზე მსჯელობა იკავებს, თუ რომელი კანდიდატი უფრო პრორუსულია ან ვინ ფლობს უკეთ აფხაზურ ენას.
მოლოდინები
წინასაარჩევნო პროცესის ანალიზიდან იკვეთება, რომ დიდი ალბათობით, პირველივე ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს 50%-ზე მეტ ხმას, რაც დამატებითი რაუნდის აუცილებლობას შექმნის.
აფხაზური პოლიტიკური გამოცდილების გათვალისწინებით, როგორც წესი მასობრივი პროტესტის შემდეგ ოპოზიციის ლიდერი იმარჯვებდა, მიუხედავად იმისა რამდენად ჰქონდა მას მხარდაჭერა რუსეთიდან. ამჟამინდელი გეოპოლიტიკური ვითარებისა და კრემლიდან კონკრეტულ კანდიდატზე დადებული ფსონების გათვალისწინებით, შესაძლოა არსებული პატერნი დაირღვეს.
ბადრა გუნბას გამარჯვება ბჟანიას მიერ რუსეთთან აღებული არაპოპულარული ვალდებულებების გარდაუვლად შესრულებას ნიშნავს, შესაბამისად მისი პრეზიდენტობა სავარაუდოდ მუდმივი პოლიტიკური კრიზისებით იქნება მოცული და ერთგავარად გააუფასურებს კიდეც იმ ოთხდღიან კრიზისს, რომელმაც მოიცვა აფხაზეთი გასულ ნოემბერში. დიდ სურათს, ვერც ოპოზიციის ლიდერის ადგურ არძინბას გამარჯვება შეცვლის აფხაზეთისთვის, თუმცა მოსახლეობის განწყობების დონეზე ვითარებას დროებით დაასტაბილურებს. ამასთან მისი პროფესიული წარსულის გათვალისწინებით უფრო მეტადააა სავარაუდო რომ იგი შეძლებს აფხაზეთის ეკონომიკური კრიზისის სულ მცირე შემსუბუქებას.
თავის მხრივ, რუსეთის გააქტიურება აფხაზეთში და რეგიონის კურატორად სერგეი კირიენკოს[5] კალიბრის მქონე მენეჯერის დანიშვნა მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე კრემლს ადგილზე სტაბილურობა ჭირდება. აფხაზეთის როლი განსაკუთრებით გაზრდილია შავი ზღვაზე რუსული ფლოტის ლოჯისტიკის დივერსიფიკაციის საქმეში. ამ მხრივ საგულისხმოა ოჩამჩირის სამხედრო-საზღვაო ბაზის აღდგენა და გაფართოება, რომელიც მართალია ზომით მცირეა მაგრამ საკუთარი როლის შესრულება შეეძლება საომარ პროცესში. ამასთან, პორტი 700 კილომეტრზე მეტით არის დაშორებული უკრაინის მიერ კონტროლირებადი უახლოესი ტერიტორიისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობით, უკრაინა მასზე დისტანციურ შეტევას ვერ განახორციელებს.[6]
საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ დღეს, აფხაზური დე ფაქტო პოლიტიკური ელიტა ერთგვარ ცუგცვანგში იმყოფება, სადაც მანევრირების სივრცე მინიმუმამდეა დასული. მოახლოებული „არჩევნები“ მისი არასათანადო პოლიტიკური წონიდან გამომდინარე ამ ჩიხიდან გამოსვლას ვერ უზრუნველყოფს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სოხუმი განწირულია ქრონიკული კრიზისისთვის და ძალაუფლებრივი ვაკუუმის გაღრმავებისთვის, რომელსაც რუსეთი მეთოდურად და ნაბიჯ-ნაბიჯ ავსებს.
შენიშვნები
[1] Jamnews. აფხაზეთში ოპოზიცია რუსული ინვესტიციების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის ჩაშლისთვის ემზადება. 11.11.2024. იხ https://jam-news.net/ge/afkhazetshi-opozicia-rusuli-investiciebis-shesakheb-shetankhmebis-ratifikaciis-chashlistvis-emzadeba/
[2] Кавказский узел. Визит Гунбы в Москву подчеркнул неравные условия кандидатов в президенты Абхазии. 07.02.2025. იხ. https://www.kavkaz-uzel.eu/articles/408346
[3] Jamnews. აფხაზეთში რუსული კვლევითი ცენტრის წინასაარჩევნო გამოკითხვა უკანონო და მანიპულაციურად ჩაითვალა. 27.01.2025. იხ. https://jam-news.net/ge/afkhazetshi-rusuli-kvleviti-centris-winasaarchevno-gamokitkhva-ukanono-da-manipulaciurad-chaitvala/
[4] ხუნდაძე ტ. ქართულ–აფხაზური კონფლიქტის დეველოპმენტალისტური ხედვა: პირობითი სტაბილურობა და საერთო კეთილდღეობა. კავკასიური სახლი, თბილისი, 2023
[5] სერგეი კირიენკო 1962 წელს სოხუმში დაიბადა. მოგვიანებით ოჯახი რუსეთში გადასახლდა. ბორის ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში,1998 წლის 24 აპრილიდან 24 აგვისტომდე კირიენკო იყო რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე, 2005-დან 2016 წლამდე ეკავა კორპორაცია “როსატომის” გენერალური დირექტორის თანამდებობა, ხოლო 2016 წლის 5 ოქტომბრიდან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილეა. იხ. https://www.radiotavisupleba.ge/a/33298269.html
[6] ტეფნაძე ა. ოჩამჩირეში რუსეთის ახალი საზღვაო ბაზა საქართველოს უსაფრთხოებას ემუქრება — WSJ. 06.02.2025. იხ. https://forbes.ge/ochamchireshi-rusethis-akhali-sazghvao-baza-saqarthvelos-usaphrthkhoebas-emuqreba-wsj/