ნეოავტორიტარიზმი და ნეოკონსერვატიზმი თანამედროვე ჩინეთში

ნეოავტორიტარიზმი და ნეოკონსერვატიზმი თანამედროვე ჩინეთში

ავტორი: გიორგი ქართველიშვილი

16 ოქტომბერი 2024

პოსტმაოისტური ჩინური სახელმწიფოსთვის ნეოავტორიტარიზმი და ნეოკონსერვატიზმი ისეთივე მნიშვნელობის თეორიული ტრადიციებია, როგორც საბჭოთა მარქსისტული ტრადიცია და მაოიზმი იყო ჩინეთის 1949 წლის რევოლუციისა და სახალხო რესპუბლიკის პირველი, 30-წლიანი პერიოდისთვის. ნეოავტორიტარიზმისა და ნეოკონსერვატიზმის დროშის ქვეშ, უკანასკნელი 30-40 წლის განმავლობაში, ჩინეთში სხვადასხვა ინტელექტუალური და პოლიტიკური ჯგუფები იყრის თავს. მოცემულ ტექსტში სწორედამ თეორიულ ტრადიციაზე ვისაუბრებ, მის წარმოშობასა და ისტორიულ მნიშვნელობაზე.

 

ჩინეთის ეკონომიკური რეფორმა და კულტურული „აფეთქება“

 

1980-იანი წლები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ისტორიაში მორიგი მასშტაბური სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციების პერიოდია. საბჭოთა „პერესტროიკის“ პარალელურად, ჩინეთში, 1978 წელს დენგის მმართველობის ქვეშ დაწყებული „რეფორმა და გახსნა“ (gǎigé kāifàng) თავის სიჩქარეს კრეფს და რეალურ სოციალურ ცვლილებებს იწვევს, მათ შორის, კულტურულ და ინტელექტუალურ ცხოვრებაში. ერთი მხრივ, ჩინური კულტურული და აკადემიური სფეროები მაო ძედუნის მმართველობისას და განსაკუთრებით, კულტურული რევოლუციის პერიოდში – ტაბუდადებული თეორიებით და იდეებით ინტერესდება. მეორე მხრივ, ეს ახალი ინტელექტუალური ცხოვრება ჩნდება, როგორც რეაქცია ჩინეთის საბაზრო ტრანსფორმაციისაკენ სვლასადა ამ პროცესის შედეგად გაჩენილ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე.  ამ გარემოებებით, 80-იანების ჩინეთი შეგვიძლია 60-იანების საფრანგეთს ან აშშ-საც კი შევადაროთ. და ბოლოს, ეკონომიკური რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად, იზრდება პოლიტიკური რეფორმის მოლოდინი როგორც მოსახლეობაში, ისე მმართველ წრეებში.  

 

იდეოლოგიებს ჩინეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ტერმინი „იდეოლოგია“ ჩინურ ენაში „აზროვნებას“, „აზრს“ ემთხვევა (sīxiăng). როგორც წესი, მასში განსაკუთრებით იგულისხმება იდეების და აზროვნების მეთოდის პრაქტიკული გამოყენება. ჩინეთის ისტორიაში იდეოლოგია და ინტელექტუალური დისკურსი მუდამ პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო: რეფორმისტები იდეოლოგიებსა და თეორიებს არსებული რეჟიმებისა და ინსტიტუტების შესაცვლელად იყენებდნენ, ხოლო მმართველი ელიტები – არსებული სისტემის ლეგიტიმაციისათვის. 

 

1980-იან წლებში ჩინეთის პოლიტიკურ და აკადემიურ წრეებში რამდენიმე გავლენიანი, ურთიერთდაპირისპირებული იდეოლოგიური ბანაკი ყალიბდება. ნეოავტორიტარიზმიც სწორედ ამ პერიოდში იბადება. მისი მთავარი ოპონენტები ლიბერალური ფლანგი და ე.წ. „ახალი“ და „ძველი“ მემარცხენეები, ანუ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ანტირეფორმისტი კონსერვატორები (bǎoshǒupài) არიან. 

 

სინოლოგი ჯოზეფ ფიუსმიტი წერს, რომ ნეოავტორიტარული იდეოლოგიის დაწინაურება პარტიასა და აკადემიურ სივრცეებში რამდენიმე მნიშვნელოვანმა ისტორიულმა მოცემულობამ განაპირობა. პირველი, ეს იყო კომუნისტურ პარტიაში მაოისტური იდეოლოგიის დასუსტების შედეგად წარმოქმნილი სიცარიელე; მეორე, ეს გახლდათ ჩინეთის ერთპარტიული პოლიტიკური სისტემის ლიბერალიზაციის მოთხოვნის ზრდა პოლიტიკურ ელიტებსა და ინტელექტუალურ წრეებში და მესამე – „რეფორმისა და გახსნის“ შედეგად წარმოქმნილი პრობლემები: კორუფცია, შიდა მიგრაცია, მზარდი უთანასწორობა და შედეგად, სოციალური არეულობის შიში – განსაკუთრებით 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში, რეფორმის ყველაზე დინამიურ ფაზაში. მაგალითისათვის, ფიუსმიტი ციტირებს იმ პერიოდის ცნობილ და მნიშვნელოვან ნეოავტორიტარულ ტექსტს. ავტორი, სახელად ვანგ შანი, ჩინეთის ეკონომიკური რეფორმების შედეგად გაჩენილ მიგრანტ გლეხობას „ცოცხალ ვულკანს“ და „დენთს“ ადარებს და ამბობს, რომ „ჩინეთის ისტორიაში ყველა დინასტია სწორედ მიწიდან აყრილი გლეხობის ხელით ეცემოდა“ (Fewsmith, 1995:646-47). პარტიის მაღალ ეშელონებში და მათ იდეოლოგებში სოციალური ამბოხის შიში გასაკვირი არ არის – მათ უმრავლესობას მაოს კულტურული რევოლუცია მძიმედ ახსოვს.

 

უნდა ითქვას, რომ იმ დროის ნეოავტორიტარიზმსა და ნეოკონსერვატიზმს ორი მნიშვნელოვანი შთაგონება ჰქონდა. პირველი, ეს იყო აზიური ვეფხვების – სინგაპურის, სამხრეთ კორეის, ტაივანისა და ჰონგ კონგის ისტორიული გამოცდილებები. მეორე, არც მეტი და არც ნაკლები, ამერიკული ბურჟუაზიული სოციოლოგია და პოლიტიკური თეორია იყო, კერძოდ,  სემუელ ჰანტინგტონი და განსაკუთრებით მისი წიგნი პოლიტიკური წესრიგი ცვალებად საზოგადოებებში, რომელიც მან ცივილიზაციათა შეჯახებამდე 30 წლით ადრე, ვიეტნამის ომის დროს დაწერა. ჩინელი ნეოავტორიტარები და სემუელ ჰანტინგტონი საერთო მტერმა, მოდერნიზაციის ლიბერალურმა თეორიამ გააერთიანა. 

 

პეკინი, შანხაი და თიენანმენის მოედნის მოვლენები

 

80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში ჩინეთში ნეოავტორიტარიზმის ორი ძირითადი მიმართულება იკვეთება: პეკინური ტრადიცია და შანხაის სკოლა. ამ უკანასკნელს, მათი ჩრდილოელი ოპონენტებისაგან განსასხვავებლად, ჩინური ნეოკონსერვატიზმის სახელითაც ვიცნობთ. 

 

1989 წლამდე, პეკინელი ნეოავტორიტარები ჩინეთის კომუნისტური პარტიის რეფორმისტი ლიდერების მიერ შექმნილი ძალაუფლების ცენტრის ირგვლივ შემოიკრიბნენ. იმ დროს, მაღალი რანგის რეფორმისტ პოლიტიკოსებს შორის ყველაზე დიდი ფიგურაა ჭაო წიიანგი (Zhào Zǐyáng). ჭაო პარტიის უმაღლეს თანამდებობას, გენერალური მდივნის პოსტს 1987-1989 წლებში, თიენანმენის მოედნის მოვლენებამდე იკავებდა. იგი პარტიის ყველაზე რადიკალურ რეფორმისტ ფრაქციას წარმოადგენდა, ხოლო ნეოავტორიტარიზმი, როგორც „იდეოლოგია“ და „აზრი“ (sīxiăng), მას დენგის მიერ 1978 წელს დაწყებული რეფორმების კიდევ უფრო გაფართოების ლეგიტიმაციისათვის დასჭირდა. გაფართოება, პირველ რიგში, პოლიტიკურ რეფორმას გულისხმობდა. ბევრისთვის შეიძლება პარადოქსია, რომ პოლიტიკურ რეფორმას გააფთრებით ეწინააღმდეგებოდნენ ერთ დროს ყველაზე მეტად რეფორმისტი და მაო ძედუნის მმართველობის პერიოდში მემარჯვენეების იარლიყით რეპრესირებული პარტიული ლიდერები – თავად დენგი, ჩენ იუნი, ლი სიენნიენი, იანგ შანგკუნი და სხვები. 

 

პეკინელი ავტორებისა და იდეოლოგების ტექსტებში მკაფიოდ ვხედავთ როგორც ამ სკოლის ძირითად არგუმენტებს, ასევე იმას, თუ რა პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა მოცემულ ისტორიულ პერიოდში ამ თეორიულ ტრადიციას. ასეთი ავტორია უ ძიასიანგი (Wú Jiàxiáng), ჭაო წიიანგთან დაახლოვებული ისტორიკოსი, რომელიც „ახალ ავტორიტარიზმს „დემოკრატიისკენ მიმავალ ექსპრეს მატარებელს“ ადარებს. მისთვის დემოკრატია მხოლოდ თავისუფალი ბაზრის შექმნით მიიღწევა, ხოლო (პოსტ) სოციალისტურ ეკონომიკაში ბაზრების შესაქმნელად ავტორიტარული მმართველობის მოდელს ალტერნატივა არ აქვს (Wu, 1990). უ ძიასიანგი წერს, რომ „პოლიტიკური პლურალიზაცია, რომელიც წინ უსწრებს ბაზრების მშენებლობას , იწვევს ფრაგმენტაციას, ქაოსსა და არეულობას (1990:45), ამიტომ, „დემოკრატიისა და თავისუფლების ქორწინებას ავტოკრატიისა და თავისუფლების ფლირტი უნდა უძღვოდეს წინ: თუ დემოკრატია თავისუფლების ცხოვრებისეული მეგზურია, ავტორიტარიზმი – ქორწინებამდელი პარტნიორია“. 

 

კიდევ ერთი გავლენიანი ჩინელი ისტორიკოსი, სიაო კუნგცინი წერს: „პლურალისტური დემოკრატია მხოლოდ და მხოლოდ ჩინეთის რეფორმის შედეგი შეიძლება იყოს და არა მისი წინაპირობა. ჩინეთის წარმატებული მოდერნიზაციის საფუძველი ძლიერი ავტორიტარული მმართველობაა, რომელიც მოდერნიზაციისადმი ერთგული დარჩება“ (Petracca & Mong, 1990:1106). 

 

მგონი გასაგებია, თუ როგორ და რატომ იპოვეს ამ იდეებში თეორიული დასაყრდენი 80-იანი წლების ჩინეთში ლიბერალური პოლიტიკური რეფორმისადმი პოზიტიურად განწყობილმა მმართველმა წრეებმა. ამ პოზიციის მქონე ნეოავტორიტარები ძალიან ახლოს დგანან კომუნისტური პარტიის ყველაზე ლიბერალურად განწყობილ რეფორმისტებთან: მათაც და ჭაო წიიანგის ფრაქციასაც ავტორიტარული, გარდამავალი პერიოდი სამომავლოდ ჩინეთში გაცილებით ვრცელი ლიბერალური პოლიტიკური რეფორმის შესამზადებლად წარმოედგინათ. ეს ლოგიკა ჩვენთვის კარგად ნაცნობ ნეოლიბერალურ პროექტსაც მოგვაგონებს, რომელიც ავტორიტარული მმართველობის ქვეშ ხორციელდება. თუმცა, მკაფიო და გადამწყვეტ განსხვავებებს ისტორიულ ნიუანსებში აღმოვაჩენთ: ა) თუ ლათინურ ამერიკასა და პოსტ-სოციალისტურ ქვეყნებში მრავალპარტიული დემოკრატიებია, ჩინეთში ეს პროცესი პოლიტიკური რეფორმის გარეშე, ერთპარტიული მმართველობის ქვეშ მიმდინარეობს; ბ) ჩინეთის ეკონომიკის საერთაშორისო კაპიტალისათვის გახსნა, კლასიკური სმიტიანური ტერმინებით, საკუთარ აბსოლუტურ უპირატესობაზე დაყრდნობით ხდება, რაც უპირველეს ყოვლისა, დიდი რაოდენობით, მეტ-ნაკლებად კვალიფიციურ და ძალიან იაფ სამუშაო ძალას გულისხმობს.

 

ჭაოსგან (და, მითუმეტეს, მასთან დაახლოვებული იდეოლოგებისაგან) განსხვავებით, დენგი, ჩენ იუნი და სხვა „უხუცესები“ პარტიაში გადამწყვეტი გავლენებით სარგებლობდნენ. ასევე გადამწყვეტი იყო მათი როლი თიენანმენის მოედნის პროტესტის დარბევასა და ძალისმიერ ჩახშობაშიც. 1989 წელს, ჭაო წიიანგი, როგორც ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე საპროტესტო მოძრაობის ესკალაციის ხელშეწყობაში, პოსტიდან გადააყენეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს, სადაც მან გარდაცვალებამდე, მომდევნო 15 წელი გაატარა. ერთი სიტყვით, დენგმა, როგორც პოსტ-მაოისტური ჩინეთის დამფუძნებელმა მამამ, 1989-ში საბოლოო განაჩენი გამოიტანა: ლიბერალური მიმართულების პოლიტიკური რეფორმა ჩინეთის მმართველ წრეებში აღარ განიხილება. ამრიგად, 1980-იანების რეფორმისტული ნეოავტორიტარიზმის მზე თიენენმენის პროტესტის ჩახშობისა და მომდევნო რეპრესიების შემდგომ ჩაესვენა. თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გავლენიან პოლიტიკურ და აკადემიურ წრეებში მან არა მხოლოდ მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა, არამედ მემკვიდრეც კი დატოვა – თიენანმენის მოვლენის შემდგომ ჩამოყალიბებული ჩინური ნეოკონსერვატიზმი.

 

ვანგ ხუნინგი და „ახალი ჩინური კონსერვატიზმი“

 

ერთი მხრივ ავტორიტარებს შორის არსებულ შიდა დებატებში, ხოლო მეორე მხრივ ავტორიტარებს, ლიბერალებს, ძველ კონსერვატორებსა და ახალ მემარცხენეებს შორის არსებულ კამათებში განსხვავებულ პოზიციას აჟღერებდაფუტანის უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის პროფესორი, ვანგ ხუნინგი. პირველ რიგში, სხვა იდეოლოგებისაგან განსხვავებით, ვანგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფიგურაა მისი უჩვეულოდ წარმატებული პოლიტიკური კარიერის გამო. მას პარტიის ცენტრალურ კომიტეტში სამი სხვადასხვა ლიდერის დროს უმუშავია, რაც იშვიათობაა – ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში ვანგის ტიპის ინტელექტუალები, როგორც წესი, ერთი კონკრეტული ლიდერის მმართველობაზე და გავლენებზე არიან დამოკიდებულნი; ის კი სამივეს მრჩეველი და როგორც ჩანს, სამივეს მმართველობის პერიოდში პარტიის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იყო. დღეს ვანგ ხუნინგი პოლიტიკური კარიერის ზენიტშია. ის პარტიის უმაღლეს ორგანოში – პოლიტბიუროს 7-კაციან მუდმივ კომიტეტში რანგით მეოთხე ფიგურაა. ჩინეთის კომუნისტური პარტიის მაღალ თანამდებობებზე მეტწილად ისეთი ადამიანები ხვდებიან, რომლებსაც უკვე საკმაო გამოცდილება აქვთ რეგიონულ ან სამინისტროების დონეებზე. ვანგი აქაც გამონაკლისია – პარტიულ საქმიანობამდე მას მხოლოდ აკადემიურ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა.  

 

ჯერ კიდევ 1980-იანებში, ვანგ ხუნინგი ნეოავტორიტარების შანხაის, ე.წ. სამხრეთულ ბანაკს წარმოადგენდა. მრავალი სხვა ავტორისგან განსხვავებით, რომელთა ტელეოლოგიის მიხედვითაც ჩინეთის ავტორიტარული ტრანზიციის ჰორიზონტზე მაინც ლიბერალური კაპიტალიზმის მსგავსი სახელმწიფო მოწყობა მოჩანდა, ვანგი სხვაგვარად ფიქრობდა. 

 

ვანგი ანალიზს ორი ძირითადი მიმართულებით ავითარებს. პირველი, ესაა „რეფორმისა და გახსნის“ პროცესში გაჩენილი ძალაუფლების დეცენტრალიზაციის პრობლემა. ვანგის არგუმენტით, სწრაფი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, რეფორმის ფარგლებში მიმდინარე ეკონომიკური დეცენტრალიზაცია იმ ტიპის ლოკალურ ძალაუფლების ცენტრებს წარმოშობს, რომლებიც, ადრე თუ გვიან, ცენტრთან შევლენ კონფლიქტში. 1988 წელს ვანგს არ შემოთავაზებია კონკრეტული გამოსავალი , თუ როგორ არ დამსგავსებოდა ჩინეთი „ფეოდალურ ეკონომიკას“ (zhūhóu jīngjì). ისაღნიშნავდა, რომ დეცენტრალიზაციის პროცესის შეჩერება და ეფექტური ცენტრალიზებული სისტემის შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩინეთისთვის, რისთვისაც ახალი პოლიტიკური სტრუქტურებისა და ინსტიტუტების ჩამოყალიბება იყო საჭირო (Wang, 1988). 

 

ვანგის მეორე პრობლემა მოდერნიზაციის პროცესში ჩინური კულტურის, განსაკუთრებით კი – „პოლიტიკური კულტურის“ ტრანსფორმაციას შეეხება. ჩინეთის ცვალებადი პოლიტიკური კულტურის სტრუქტურა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტექსტია (Wang, 1988b). ვანგისათვის მოდერნიზაციის პროცესი მუდმივად კონფლიქტში შედის საზოგადოებაში დამკვიდრებულ ღირებულებათა სისტემებთან. 

 

„ჩინეთის პოლიტიკური კულტურის ევოლუცია მოდერნულობიდან თანამედროვეობამდე, შეიძლება ითქვას, კულტურაზე ორიენტირებული პოლიტიკური კულტურიდან ინსტიტუტებზე ორიენტირებულ პოლიტიკურ კულტურაზე გადასვლის პროცესია.“ (1988b:59).

 

მისთვის პარტიის ამოცანა შემდეგია: ერთი მხრივ, ამ კონფლიქტურ პროცესში სოციალურ-პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის შენარჩუნება და მეორე მხრივ, მოდერნიზაციის კვალდაკვალ, ახალი ღირებულებათა სისტემების შექმნა, რაც ფუნქციურად ინსტიტუტების სიძლიერისა და საზოგადოების სტაბილურობის საფუძველი გახდება. ვანგ ხუნინგი თანამედროვე ჩინეთში სამი ტიპის პოლიტიკურ კულტურას გამოყოფს: ტრადიციულს, მოდერნულს და სოციალისტურს. თავის მხრივ, ახალი პოლიტიკური კულტურა ტრადიციული, მოდერნული და მარქსისტული/სოციალისტური ღირებულებების შეფასებაზე უნდა იდგეს – „ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ სამი სტრუქტურის ორგანული კავშირი შედგეს, დაიძლიოს მათ შორის არსებული ხანგრძლივი კონფლიქტი, გავარჩიოთ მშობლიური და უცხო, ტრადიციული და მოდერნული, რეალისტური და იდეალისტური ელემენტები“ (1988b:61-62). აქ ვხედავთ, რომ ჩინური ნეოკონსერვატიზმი, რომელსაც ვანგი წარმოადგენს, შორსაა ტრადიციონალისტური ანტიმოდერნული კონსერვატიზმისაგან: მისთვის თანაბარი მნიშვნელობისაა და თანაბრად ექვემდებარება კრიტიკას თუ შეფასებას ჩინური პრემოდერნული, მოდერნული და რევოლუციური ტრადიციები და კულტურები. 

 

ვანგი ასკვნის, რომ თანამედროვე ჩინურ პოლიტიკურ კულტურას ახალი ელემენტები სჭირდება – მათი ნაწილი ბუნებრივად ჩნდება, ხოლო ნაწილი მიზანმიმართულად, სადაც პარტიის როლი გადამწყვეტია (1988b:62). მაშინ, რა სჭირდება ჩინეთს ამ ამოცანის შესასრულებლად, ანუ იმისათვის, რომ მისთვის „ორგანული“ და თანამედროვე ღირებულებათა სისტემა დაიბადოს, რომელიც ტრანსფორმაციაში მყოფ პოლიტიკურ კულტურას განამტკიცებს და სტაბილურობის გარანტი იქნება? ვანგი და ახალი კონსერვატიზმი პასუხობს: კულტურული უსაფრთხოება და კულტურული სუვერენულობა – კონცეპტები, რომლებიც 2012 წლიდან, სი ძინპინის მმართველობის პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს; აქ კი მთავარი მტერი არასასურველი დასავლური და უფრო კონკრეტულად, ამერიკული კულტურული ინფილტრაციაა. 

 

ნეოკონსერვატიზმის აჩრდილი ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში

 

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ვანგ ხუნინგი დღეს ძალაუფლების ზენიტშია. ის პარტიის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრი და ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარეა. პარტიაში მასზე რანგით მაღლა მხოლოდ სამი ადამიანია: თავად სი ძინპინი, პრემიერი ლი ციანგი და ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრების (უმაღლესი სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანო) თავმჯდომარე, ჭაო ლეწი.  

 

სის პოლიტიკა ჰარმონიაშია იმ ნეოკონსერვატიულ იდეებთან, რომელსაც ვანგი 1980-იანი წლებიდან მოყოლებული იცავს. თუ ვანგ ხუნინგისა და სხვა ნეოკონსერვატორი იდეოლოგებიათვის პოსტმაოისტური ჩინეთის დეცენტრალიზებულობა ფუნდამენტურ პრობლემას წარმოადგენდა, ძალაუფლების ცენტრალიზების პროცესი ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში სი ძინპინის 12-წლიანი მმართველობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. 2012 წლიდან, სიმ მოახერხა როგორც ძლიერი რეგიონული ძალაუფლების ცენტრების, ასევე პარტიის ელიტებში არსებული ფრაქციების შესუსტება (მაგ. ქალაქ ჩუნგცინგის კომპარტიის გენ. მდივანი პო სილაი, რომელიც სის ფართომასშტაბიანმა ანტიკორუფციულმა კამპანიამ შეიწირა). შედეგად,  სი და მისი გარემოცვა პარტიის ყველა მნიშვნელოვან რგოლს აკონტროლებს ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმიის ჩათვლით. 

 

სი ძინპინის პარტიაში განსაკუთრებით აქტუალურია ვანგ ხუნინგის მიერ ჯერ კიდევ 1980-იანების ბოლოს და 1990-იანების დასაწყისში წამოჭრილი ცნებები: „კულტურული უსაფრთხოება“ და „კულტურული სუვერენულობა“. ნეოკონსერვატიული აზრის გავლენის მაგალითად აქ შეგვიძლია, მოვიშველიოთ „კომუნიკე იდეოლოგიურ სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ“ – ასევე ცნობილი, როგორც „დოკუმენტი No. 9“. ეს შიდაპარტიული დოკუმენტია, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მე-18 ყრილობიდან (სადაც პარტიის გენერალურ მდივნად სი ძინპინი აირჩიეს) დაახლოებით 5 თვეში გაავრცელა. ტექსტი დაეგზავნა სხვადასხვა პარტიულ და სახელმწიფო ორგანოებს როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეებზე: სამინისტროებს, სამუშაო ჯგუფებს, კომიტეტებს და ა.შ. დოკუმენტში აღწერილია „იდეოლოგიურ სფეროში“ არსებული ძირითადი საფრთხეები და მათთან ბრძოლის დირექტივები. ტექსტი ჩინელმა ჟურნალისტმა კაო იუმ გაასაჯაროვა, რისთვისაც იგი 2019 წლამდე სასჯელს იხდიდა. დოკუმენტში მკაფიოდ ისმის  ჩინური ნეოკონსერვატიზმის ექო – ტექსტში ჩამოთვლილი შვიდი ძირითადი საფრთხიდან ხუთი დასავლური პოლიტიკური კულტურისა და ღირებულებების ინფილტრაციას ეხება. 

 

კულტურული უსაფრთხოების საკითხის აქტუალობა ამერიკა-ჩინეთის კონკურენციისა და მეტოქეობის პირდაპირპროპორციულად იზრდება. რომ შევაჯამოთ, არგუმენტი ასეთია: დასავლური უნივერსალური ღირებულებები და ადამიანის უფლებები, ნეოლიბერალური იდეოლოგია, დასავლური კონსტიტუციური დემოკრატია თუ ჟურნალისტიკისა და სამოქალაქო საზოგადოების დასავლური წარმოდგენები „ტროას ცხენია“, რომლის მიზანია ძირი გამოუთხაროს პარტია-სახელმწიფოსა და ჩინურ სოციალიზმს. შესაბამისად, ერთი მხრივ კომუნისტური პარტიის მმართველობის გაძლიერება, ხოლო მეორე მხრივ კულტურული უსაფრთხოება და სუვერენულობა დასავლური პოლიტიკური კულტურის ინფილტრაციისაგან, ჩინეთის ხანგრძლივი სტაბილურობის და კეთილდღეობის აუცილებელი წინაპირობაა. „დოკუმენტი No. 9” პარტიის 100 მილიონამდე წევრს მოუწოდებს, საგულდაგულოდ მიჰყვეს ცენტრალური კომიტეტისა და პოლიტბიუროს დირექტივებს, ისევე, როგორც „განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს იდეოლოგიურ სფეროში გასაწევ სამუშაოს“. აქ, პირველ რიგში, იგულისხმება როგორც აკადემიური და კულტურული სფეროები, ისე მედია და ინტერნეტი (China Copyright and Media, 2013). შეიძლება ითქვას, „ჩინეთის დიდი ინტერნეტ კედელი“ (The Great Firewall), რომლის ერთ-ერთი დანიშნულებაც კონკრეტული საკვანძო სიტყვების შემცველი კონტენტისა და მასალების ცენზურაა, ჩინური ნეოკონსერვატორული კულტურული უსაფრთხოების კონცეპტის par excellence მატერიალური განსხეულებაა. 

 

შედარებით ბუნდოვანია უახლესი მიღწევები „ახალი პოლიტიკური კულტურის“ ჩამოყალიბების მიმართულებით, ყოველ შემთხვევაში, ამ ცნების ალმონდისა და ვანგისეული გაგებით. ჩინეთის მასშტაბისა და ფრაგმენტულობის პრობლემა, როგორც გამოწვევა ჰომოგენური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებისათვის, დღესაც არანაკლებ აქტუალურია, როგორც 1980-იანი წლების მიწურულს, როდესაც ვანგისა და სხვების ავტორობით პირველი მნიშვნელოვანი ნეოავტორიტარული ტექსტები იწერებოდა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობაში ჩინეთის კომუნისტური პარტია და არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა კვლავაც მაღალი ლეგიტიმურობით სარგებლობს (China Data Lab, 2023). ამ მხრივ გადამწყვეტია, თუ როგორ მოახერხებს სი ძინპინი და მისი მომდევნო მთავრობა ეკონომიკური ზრდის შენელებისა და მისი თანმდევი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების კონტროლს. 

 

და ბოლოს, მსჯელობა იმის შესახებ, თუ რომელი უფრო მეტად აწარმოებს სოციალურ რეალობას – სტრუქტურა (არსებული ისტორიული მოცემულობა) თუ აგენტობა (ინდივიდები – სი ძინპინი და მისი გარემოცვა, ვანგის ჩათვლით), შორს წაგვიყვანს. თუმცა, ფაქტია, რომ ჩინური ნეოკონსერვატიული იდეები თანამედროვე ისტორიულ მოცემულობასაც კარგად ერგება და საკმაოდ პოპულარულიცაა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მაღალ ეშელონებში. ამიტომ, დღეს პეკინის დიდ სახალხო დარბაზსა და ჭუნგნანხაიში (Zhōngnánhǎi) დაძრწის ჩინური ნეოკონსერვატიზმის აჩრდილი  – ისე, როგორც არასდროს. 

 

 

შენიშვნები:

 

China Copyright and Media (2013, April 22). Communiqué on the Current State of the Ideological Sphere (Document No. 9). Retrieved from: https://shorturl.at/nAiPv

China Data Lab (2023, December 5). China from the Ground Up: What 16 Waves of Public Opinion Surveys Tell Us About China and Chinese Views. Retrieved from: https://shorturl.at/s9eNU

Dye, J. (1995). [Review of Viewing China through a Third Eye (第二隻眼睛看中國 Di san zhi yanjing kan Zhongguo), by W. Shan]. China Review International, 2(2), 360–363. http://www.jstor.org/stable/23729231

Fewsmith, J. (1995). “Neoconservatism and the End of the Dengist Era”. Asian Survey, 35(7), 635-651.

Huntington, S. P. (2006). Political Order in Changing Societies. Yale University Press.

Petracca, M. P. & Mong, X. (1990). “The Concept of Chinese Neo-Authoritarianism: An Exploration and Democratic Critique”. Asian Survey, 30(11) (Nov., 1990), 1099-1117.

Wang, H. (1988). “Zhongguo bianhua zhong de zhongyang he difang zhengfu de guanxi: Zhengzhi de hanyi” [Governmental relations between the center and localities in the course of China’s changes: The political implications]. Fudan Xuebao (Social Sciences Ed.), 1988(05), 1-8.

Wang, H. (1988b). “Zhuanbian zhong de zhongguo zhongzhi wenhua jiegou” [The Structure of China’s Changing Political Culture]. Fudan Xuebao (Social Sciences Ed.), 1988(03), 55-64.

Wu, J. (1990). “The New Authoritarianism: An Express Train Toward Democracy by Building Markets”, Chinese Sociology & Anthropology, 23(2), 36-45.