ბრძოლა მიწისთვის – ბრძოლა პროგრესული საქართველოსთვის

ბრძოლა მიწისთვის – ბრძოლა პროგრესული საქართველოსთვის

ავტორი: გიორგი ხასაია

30 აგვისტო 2024

მიწის საკითხი

 

საქართველოს რეგიონებში გვაქვს პროტესტები, რომლებიც ტყის, ხეობის, მდინარის, კანიონის დაცვის გარშემო ორგანიზდება. ასეთია ნამახვანის მოძრაობა, რომლის მონაპოვარიც ამ დროისთვის რიონის ხეობის დიდი ნაწილის ერთი თურქული კომპანიისთვის გადაცემის ჩაშლა და ივანიშვილის მიერ ხიდაშელისთვის ნაჩუქარი 104 ათასი ჰექტარი ტყის უკან დაბრუნებაა. ასეთია ბალდის კანიონის შენარჩუნებისთვის მებრძოლი მოძრაობა, რომლის ერთი წევრიც კომპანიის მხრიდან პროვოკაციის შედეგად ჯერ ისევ ციხეში ზის. ასეთია სვანეთში ჰესების აშენების მოწინააღმდეგეთა ფიცით შეკრული ერთობა და სხვა დიდი თუ მცირე ჯგუფი, რომელთა ბრძოლის პროგრესული შინაარსი (არსებითად, ანტიკაპიტალისტური განწყობა, იმის მიუხედავად, ასეთად დანახულია თუ არა) დიდი ტრანსფორმაციის წინაშე მდგარი საქართველოსთვის შეიძლება, უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდეს

 

როცა ვსაუბრობთ მდინარეზე, ხეობაზე, კანიონზე ან ნამარხ ბუნებრივ რესურსზე, არსებითად ვსაუბრობთ იმაზე, რაც მიწის გულშია მოქცეული, ან მიწის ზედაპირზე (და მის ჩაღრმავებაში). მიწა ერთი მხრივ, თავადაა ბუნებრივი რესურსი და ამასთან, ყველა სხვა ბუნებრივი რესურსის შემნახველი ან გამომხატველი. ამიტომ ის ერთადერთი ბუნებრივი რესურსია, რომელიც იმავდროულად ბუნების სინონიმიცაა. 

 

რადგან  მიწა, პოლანის თანახმად,სხვა არაფერია, თუ არა სხვა სახელი ბუნების, რომელიც ადამიანის მიერ არ იწარმოება[1] შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკურად არა მხოლოდ წყალი მიეკუთვნება მიწას, როგორც მარქსი ამბობდა, არამედ ტყეც, ხეობაც და კანიონიც.  

 

თანამედროვე ეკოლოგიურ თუ ანტიკოლონიურ პოლიტიკაზე საუბრისას (ან მოქმედებისას) მიწა ცენტრალური ფაქტორია. მე-20 საუკუნის რევოლუციებისა და ანტიკოლონიური მოძრაობების ისტორია მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია მიწასთან და მიწის რეფორმასთან.[2]

 

კაპიტალიზმის ცენტრების (ასევე პერიფერიული ცენტრების) ინტერესი გლობალური სამხრეთის მიმართ, სხვა ბუნებრივ რესურსებთან ერთად, მნიშვნელოვანწილად მიწაზე გადის. უცა პატნაიკის  თქმით,[3] რადგან კაპიტალისტური ცენტრის ქვეყნებს  არ აქვთ ბუნებრივი პირობები იმისთვის, რომ მათ საშუალო კლასს დაუკმაყოფილონ  ყავის, ჩაის, ქოქოსის,  ტროპიკული ხილისა  და ბოსტნეულის მოთხოვნილებები  ზამთარში, ინტენსიურად ხდება გლობალური სამხრეთის ქვეყნების მიწების ექსპლუატაცია (ხშირად წელიწადში რამდენიმეჯერ). ამდენად, გლობალურ სამხრეთში მიწის საკითხი მნიშვნელოვნად აგრარულ საკითხს უკავშირდება. 

 

ამასთან, უნდა ვთქვათ, რომ  ჩვენს რეგიონში მიწას ეს (აგრარული) მნიშვნელობა ჯერ  არ შეუძენია და კაპიტალის ინტერესი უმეტესად ბუნებრივი რესურსების მითვისების  და  ლანდშაფტის შემოღობვის გარშემო ტრიალებს.  თუმცა, შესაძლოა, მომდევნო  წლებში ქართველებისა და აფხაზების საზიარო მიწამ რუსეთისთვის აგრარული მნიშვნელობა შეიძინოს (ხილისა და ბოსტნეულის დანაკლისის გათვალისწინებით) და ამის წინაპირობა გალის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადება გახდეს, თუმცა ამ საკითხს უფრო ვრცლად სხვა წერილში შევეხები. 

 

მიწა „ყოველგვარი წარმოებისა და არსებობის მთავარი წყაროა“ – იმავდროულად არსებობს განსხვავება  „ბუნებრივ კაპიტალსა“, რომელიც ამა თუ იმ ფორმით მიწასთანაა კავშირში და  „მოძრავ კაპიტალს“ შორის, რომელიც დაკავშირებულია ვაჭრობასთან, ბანკებთან, ფულთან და სხვ.[4]

 

ამასთან, მიწა თავადაც გახლეჩილია მიწა-მატერიად და მიწა-კაპიტალად. მიწა, სანამ მისი წარმოების საშუალებად გამოყენება არ ხდება, კაპიტალს არ წარმოადგენს. წარმოების საშუალებად მისი ქცევის შემდეგ, მიწა-მატერია უცვლელი რჩება, მაგრამ მიწა-კაპიტალი გაიზრდება და ნედლეულის, ელექტროენერგიის, სიამოვნების გაყიდვის, ერთი სიტყვით, მოგების წყარო გახდება. ერთი მხრივ,  მიწა, როგორც მუდმივი მატერია, განსხვავდება მიწისგან, რომელიც კაპიტალად იქცევა, მაგრამ იმავდროულად  ეს ერთიდაიგივე მიწაა, რომელიც ორივე განზომილებას  ერთდროულად ატარებს და  რომლის მატერიალურობაში ასევე ჩამარხულია მისი, როგორც კაპიტალის პოტენციალი. 

 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კაპიტალმა საბაზრო პროდუქტად და  დაგროვების პროცესის ნაწილად აქცია ის, რაც ამ რეგიონებში მანამდე ასეთად არ ირიცხებოდა – მიწა, წყალი და ტყე. მთავარი მიზანი მოგებაა,  რომლისკენ მიმავალ გზაზეც დიდი ფული ადგილობრივი მთავრობების ხელშეწყობით, სიბრიყვით ან მოღალატეობრივი პოლიტიკით ითვისებს მიწას, აჩანაგებს ტყეს და ისრუტავს მდინარეს. ჩვენთანაც, სოფელი და რეგიონი თავისი მდინარეებით მთებით და ტყეებით,  როგორც მოსალოდნელი იყო, უცხოური და ადგილობრივი კაპიტალის სამიზნე ხდება. მაგრამ დაგროვების ეს ფორმა, რომელიც ბუნების გასაქონლებაზე დგას, ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობას აწყდება. 

 

უნდა ვთქვათ, რომ ამ წინააღმდეგობების  მეტყველება და პრაქტიკა არც  უბრალოდ არამოდერნულია და არც ანტიმოდერნული. ეს წინააღმდეგობები მოდერნიზაციის ან ინდუსტრიალიზაციის ნებისმიერ პროექტს არ უარყოფს და მექანიკურად არ იმეორებს დასავლურ გარემოსდაცვით დისკურსებს, არამედ ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით, ბუნებასთან მეტაბოლიზმის ზომიერებას, მის საერთო სიკეთედ ქცევისა და გადანაწილების  იდეას ემხრობა.

 

ამასთან, ბუნებაზე მიტანილი იერიში ამ მოძრაობებისთვის კოლონიზაციის ელფერს ატარებს. თუ როგორც მარქსი ამბობს, „კოლონიური საკითხი არა მხოლოდ ნაციონალური საკითხია, არამედ მიწის და არსებობის საკითხიც“,[5]  შეგვიძლია ვთქვათ, რომ  მიწა, რამდენადაც ის სოციალური საკითხია, როგორც არსებობის, ანუ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ადამიანების დიდი ნაწილისთვის, იმავდროულად, სწორედ ამის გავლით, ის ეროვნული საკითხიცაა.

 

პირვანდელი დაგროვების თავისებურებები

 

ადგილობრივმა კაპიტალიზმმა, ბენდუქიძე-ივანიშვილის  პირობებში  თავის მონოპოლურ ფაზას მალე მიაღწია. 2015 წლიდან მოყოლებული, ორი მსხვილი ბანკის ხვედრითი წილი მთლიან აქტივებში 54%-დან 73%-მდე გაიზარდა,  ხოლო რაც შეეხება  მოგებას, მთლიანი საბანკო სფეროს მოგების 80%-ზე მეტი ორ ბანკზე მოდის. იმან, რასაც ბენდუქიძემ ჩაუყარა საფუძველი, თავის მონოპოლისტურ პერიოდს ივანიშვილის ხელში მიაღწია. 

 

იმის მიუხედავად, რომ  ბუნების გასაქონლების მცდელობებს  თავიდანვე ვხედავდით  (მაგ. გლდანის ტბის ფსკერის გაყიდვა 2008 წელს),  ეს პროცესი მასშტაბს სწორედ ახლა იძენს.  ეს ლოგიკურიაკაპიტალის დაგროვების ამ ფაზაში, როცა ფინანსური სექტორი მონოპოლიზებულია (იგივე შეგვიძლია ვთქვათ საწვავის ბაზარზე), ისევე, როგორც სამედიცინო სფერო,  ხოლო ინდუსტრიული საწარმოები პრივატიზებულია, რჩება ბუნება და ბუნებრივი რესურსების ის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ არ მოხვედრილა კაპიტალის თვალთახედვის არეში და რომელთა დიდი ნაწილი სწორედ საქართველოს რეგიონებშია მიმოფანტული. აქ იგულისხმება, როგორც  მდინარე, ტყე და კანიონი, ისე მაღალტექნოლოგიური წარმოებისთვის საჭირო მეტალები, რომელთა ნაწილი საქართველოში ასევე მოიძებნება

 

სამეცნიერო ლიტერატურა უკვე ბევრს ამბობს იმაზე, რომ კაპიტალის პირველ ტომში აღწერილი .. პირვანდელი დაგროვების პროცესი არ არის მოვლენა, რომელიც მხოლოდ მე-17 და მე-18 საუკუნეების ინგლისში მოხდა, როგორც კაპიტალისტური ურთიერთობების ათვლის წერტილი, რაცსისხლიანი კანონმდებლობისადა შემოღობვის პოლიტიკის გავლით  გლეხების სათემო მიწებიდან აყრას და მათ მსხვილ ინდუსტრიულ ცენტრებშიჩიტივით თავისუფალმუშებად გადასროლას გულისხმობდალიბერალური კაპიტალიზმის ადგილობრივ აპოლოგეტებს ავიწყდებათ, რომ ევროპულ ქალაქებში თავმოყრილ სამრეწველო დაწესებულებებს, ქარხნებსა და ინდუსტრიულ ცენტრებს, ასევე მომსახურების სფეროს, სჭირდებოდა მასშტაბური შრომითი რესურსებიმარტივად რომ ვთქვათმუშახელი

 

ცენტრში განვითარებული ეს  მოვლენები სხვადასხვა დროს და სხვადასხვა  სახით გვხვდება კაპიტალის დაგროვების ყოველ მომდევნო ეტაპზე მსოფლიოს გარშემო. ასეთად ითვლება პოსტსოციალისტურ ქვეყნებში  კაპიტალისტური ურთიერთობების დამკვიდრების სხვადასხვაგვარი ფორმები, რომელთაგან  ყველაზე რადიკალურს საქართველო წარმოადგენს. ჩვენ უკვე ვიცით, რომ  ეს საკითხი პერიფერიული კაპიტალიზმის, ანუ საქართველოს ტიპის ქვეყანაში ამგვარად ვერ იმუშავებსარარსებული ინდუსტრიის პირობებში და სტაბილური სამუშაო ადგილების გარეშე, სოფლებიდან ადამიანების აყრა მთავრდება და დამთავრდება მათი საბოლოოდ გაღატაკებით ან ჩვენ ვიხილავთ აფრიკის ტიპის უფრო მეტ დასახლებას, ან კიდევ  უფრო მზარდ მიგრაციას.

 

რეგიონისადმი დამოკიდებულებას უზუსტესად აჩვენებს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი  ეკონომიკური იდეოლოგის, კახა ბენდუქიძის სიტყვები:  „ფეხზე დავიკიდოთ, თუ გადარჩენა უწერია, თავისით გადარჩეს, თუ არადა დაიღუპოს, არაა პრობლემასოფელში მცხოვრები მამაკაცები სხვაგან წავიდნენ შავ მუშებად, ქალები კი მეძავებად…”.[6] ეს გეგმა წარმოადგენდა და წარმოადგენს აგრარული (და არსებითად, მიწის) საკითხის გადაწყვეტის უხამს და სასტიკ  ვერსიას.

 

პირვანდელი დაგროვების პროცესი გამოიწვევს კიდევ უფრო მეტად გაღარიბებას. ის გააღარიბებს არა მხოლოდ მათ, ვინც რეგიონიდან ურბანულ ცენტრებში იძულებით გადმობარგდება, არამედ გადმობარგებულებით გაამრავლებს უმუშევართა არმიის რიგებს, რითიც შრომის ბაზარზე კაპიტალის სასარგებლოდ ზემოქმედების ბერკეტებს გააძლიერებს – ანუ კიდევ უფრო დააკნინებს დაქირავებით მშრომელთა მდგომარეობას და საარსებო პირობებს. 

 

დემოკრატია და სუვერენულობა

 

პირვანდელი დაგროვების განხორციელების გზებს შორის, რომლებსაც პრაბჰატ პატნაიკი გამოყოფს,[7] ერთ-ერთია ე.წ. „დეველოპმენტალისტური“ ანუ განვითარების ეკონონიკური პროექტი, რომლის დროსაც მიწა (და ყველაფერი რაც მიწად მოვნიშნეთ, ან მას მივაკუთვნეთ), მკვიდრ მოსახლეობას ჩამოერთმევა ინდუსტრიული და ინფრასტრუქტურული პროექტების სახელით. 

 

ამ ინფრასტრუქტურული პროექტების უკან, როგორც წესი,  დიდი კაპიტალის ინტერესი დგას, რომელიც შეიძლება უცხოურიც იყოს და ადგილობრივიც, და კიდევ უფრო ხშირად შერეული ინტერესით იყოს წარმოდგენილი. ეს კაპიტალები როგორც წესი, „განვითარებაზე“ აპელირებენ და საზოგადოებას, რომელიც ამ პროექტებს ეწინააღმდეგება, განვითარების მოწინააღმდეგეებად და ჩამორჩენილებად სახავენ. პატნაიკის თქმით, ეს ფენომენი საერთოა თანამედროვე მესამე სამყაროს ქვეყნებისთვის.   

 

პროგრესული მოძრაობების პოზიციური ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ ფრონტად  გადაიქცევა „განვითარებასთან“ დაპირისპირება. აქ საინტერესო შეიძლება იყოს განვითარების მიშისტურ და ბიძინურ მოდელებს შორის ნიუანსური განსხვავება: თუ  მიშისტური პროექტი აქცენტს სვამდა ახალი სუბიექტის გამოყვანაზე, ბიძინური პროექტი მიშიზმის პროექტის ამ ნაწილს საჩვენებლად გმობს, იმისთვის, რომ კონსერვატული პოზიციებიდან გააგრძელოს და არსებითად, გააღრმავოს შემოღობვის, გასახლებისა და ჩამორთმევის პრაქტიკები, როგორც დაგროვების („ეკონომიკური ზრდის“) მთავარი გარანტი. ინდუსტრიული და ინფრასტრუქტურული კაპიტალები, როგორც უკვე ვთქვით, განვითარების სახელით მოქმედებენ და საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას სწორედ ამ მარტივი სააგიტაციო  სქემით ცდილობენ: ხელისუფლებას და კაპიტალებს მოაქვთ  განვითარება, რომელსაც აფერხებს  რეგიონების არაინფორმირებული მაცხოვრებლების ნაწილი, ამიტომ გამოსავალი უკეთესი კომუნიკაციაა. თუმცა ამ სქემამ ე.წ. აგენტების კანონის მიღებამდე და მის შემდეგაც ცვლილებები განიცადა და ახალი ნიშნები შეიძინა უცხო ძალის აგენტობის დაბრალების სახით. ის, რაც ნამოხვანის მოძრაობას საცდელად მიუყენეს, დიდი ვარაუდით ტენდენცია გახდება, ისევე, როგორც მძინარე კანონების ამოქმედება, ან მათი გამკაცრება სახალხო და  პროფკავშირული მოძრაობების შესაბოჭად, დასაკავებლად და გასანეიტრალებლად. 

 

ოცნების ხელისუფლება ამგვარად ცდილობს მზარდი ტენდენციის შეჩერებას, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან საკუთარი ინტერესების გარშემო ორგანიზებას და მსგავსი პრობლემების მქონეთა მიმართ მზარდ სოლიდარობას გულისხმობს. ხელისუფლებისთვის  პრობლემას ის წარმოადგენს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალურ თანასწორობას ითხოვს, რომელიც დემოკრატიით იქნებოდა უზრუნველყოფილი. ხალხის სულ უფრო მეტი ნაწილი ითხოვს დემოკრატიულ ჩართულობას არა მხოლოდ უკვე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხილვაში, არამედ სურს, ნებისმიერი ობიექტის პრივატიზების ან შემოღობვის განზრახვის შესახებ თავიდანვე იცოდეს. 

 

ხალხის ეს მისწრაფება დემოკრატიისა და სუვერენულობის მოთხოვნილებაა, რომელიც მნიშვნელოვანწილად კონფლიქტში მოდის ივანიშვილის „სუვერენულობის“ გაცხადებულ პროექტთან. არსად უარსებია  სუვერენულ პოლიტიკურ პროექტს, რომლისთვისაც სოციალური პროგრესი მთავრი ამოცანა არ იყო და  რომელსაც უთანასწორობა არ შეუმცირებია. 

 

არასდროს არსებულა სუვერენიტეტი, რომელსაც დემოკრატია, ანუ ხალხის მონაწილეობა არ გაუზრდია გადაწყვეტილების  მიღების პროცესში.

 

ივანიშვილის მიერ  გამოცხადებული  სუვერენიტეტი ამის საპირისპიროა – საქართველო რეგიონის ყველაზე უთანასწორო ქვეყანაა და ამ ქვეყანაში ახლა სუვერენიტეტის სახელით სახალხო მოძრაობებს აგენტებად მოიხსენიებენ, მშვიდობიან წინააღმდეგობას აჯარიმებენ და იჭერენ.  სუვერენიტეტი, რომელზეც ოცნება ლაპარაკობს, ინსტრუმენტია იმისთვის, რომ მან და მასთან თანხმობაში მყოფმა მსხვილმა ბიზნესმა შეინარჩუნოს მონოპოლიური მდგომარეობა პოლიტიკაში და ეკონომიკაში. 

 

როცა ივანიშვილი სუვერენულობაზე ლაპარაკობს, ის ფულის შოვნის და ძალაუფლების შენარჩუნების სუვერენულობას გულისხმობს.  

 

სოლიდარობის ჯაჭვები

 

მარტვილში გამართულ აქციას, ბალდის კანიონის მცველებისა და უკანონოდ დაკავებული ინდიკო ბჟალავას მხარდასაჭერად, შეუერთდნენ ჭიათურელი მაღაროელები, ნამოხვანის მოძრაობა  და სხვა პროგრესული ერთობები.  ეს ბრძოლის პროცესში ბუნებრივად გაჩენილი სოლიდარობაა, რომელიც ძალას იკრებს და მრავლდება. ამასთან, მაისის აქციებმა ისიც აჩვენა, რომ სიმრავლე მიზნის მისაღწევად ერთადერთ ან მთავარ კრიტერიუმს არ წარმოადგენს. შეიძლება ქუჩაში გამოსულმა 100 000-მა ადამიანმა პოლიტიურ მიზანს ვერ მიაღწიოს, და საპირისპიროდ, რამდენიმე ასეული ადამიანისგან შემდგარმა აქციამ, გარემოს და ვითარების ადეკვატური ტაქტიკის პირობებში გამარჯვება მოიპოვოს. ამიტომ, მიუხედავად სიმრავლის განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობისა, მიწის საკითხის გარშემო ორგანიზებული ერთობების სამომავლო გამარჯვებები  მხოლოდ მრავალრიცხოვნობაზე, ან ერთ დათქმულ დღეს კონკრეტული რაოდენობის ადამიანის გამოყვანაზე კი არ დგას არამედ შესაბამისი ტაქტიკისა და სტრატეგიის და ასევე მუშათა კლასის, განსაკუთრებით კი ინდუსტრიული მუშათა კლასის მხარდაჭერაზე.

 

არსებული გარემოსდაცვითი მოძრაობები ჯერჯერობით ადვილად მოიპოვებენ ინდუსტრიული მუშათა კლასის სოლიდარობას. ეს სოლიდარობა მზარდი უნდა გახდეს. ერთი მხრივ, არსებობს ობიექტური დაძაბულობა ბუნებასთან სახმარ- ღირებულებით კავშირში მყოფ ადამიანებსა და საცვლელ-ღირებულებით საარსებო საშუალებების მომპოვებლებს შორის. მაგრამ ჩვენს სიტუაციას საინტერესოს ის ხდის, რომ ინდუსტრიული მუშათა კლასის მნიშვნელოვანი ნაწილი თავადაც სახმარ-ღირებულებით კავშირში იმყოფება ბუნებასთან – საქართველოს ინდუსტრიული ქალაქების თავისებურება ის არის, რომ მასში დასაქმებულების დიდი ნაწილი გარშემო არსებული სოფლებიდან არიან. რაც იმას ნიშნავს, რომ მიწის, როგორც სახმარი ღირებულების განცდა იმთავითვე წარმოადგენს საარსებო საშუალებების მოპოვების პროცესის ნაწილს. ის, ვინც ინდუსტრიული მუშაა, იმავდროულად გლეხიცაა. ანუ საარსებო საშუალებების მოპოვებას ერთდროულად ორ განზომილებაში ეწევა – ინდუსტრიაში დაქირავებული შრომის და მიწასთან სახმარი ღირებულების გავლით. ეს ვითარება ბრძოლის გასაძლიერებლად უნდა იყოს გამოყენებული – საჭიროა ერთი მხრივ, უშუალოდ გარემოსდამცველი მოძრაობების უკეთ შეკავშირება, საერთო ტაქტიკისა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პოზიტიური დღის წესრიგის ქონა და იმავდროულად მუშათა კლასის სულ უფრო მეტი ნაწილის (როგორც ინდუსტრიულის, ისე არაინდუსტრიულის) ჩართვა მიწის/ბუნების საკითხის გარშემო ორგანიზებულ წინააღმდეგობებში.

 

პროგრესი ან აოხრება

 

მალე საქართველო ორი გიგანტური პროექტის გამტარი ხდება: შუა დერეფნისა და ე.წ. შავი ზღვის კაბელის. 

 

შუა დერეფნის პროექტი  ევროპისა და ჩინეთის, უმსხვილესი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორების დამაკავშირებელ ყველაზე მოკლე სახმელეთო გზას გულისხმობს.   2022 წელს, მათ შორის სავაჭრო ბრუნვა 900 მილიარდ ევროზე მეტი იყო.  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მთავარი ფუნქცია სწორედ ეს იქნება – ცენტრალური აზიიდან წამოსული ტვირთის გატარება.[8] ეს კარგი შესაძლებლობა იქნებოდა საქართველოსთვის, მინიმალური ანაზღაურების,  შრომის პროგრესული სტანდარტის, დაბეგვრის პროგრესული მოდელისა  და გადანაწილების ინსტიტუციონალიზებული მექანიზმების ქონის შემთხვევაში. მაგრამ ალბათ ყველა გრძნობს, რას უნდა ველოდოთ ხელისუფლებისგან, რომელმაც სულ ახლახანს 104 000 ჰექტარი ტყე მადლობის ნიშნად აჩუქა მასთან დაახლოებულ ბიზნესმენს. ამასთან, ჩინეთი ე.წ. მაღალტექნოლოგიური მეტალების მონოპოლისტია და მისი ინტერესი აუცილებლად გაჩნდება იქ, სადაც ამ მეტალებიდან რომელიმეს საბადოს იპოვის (ასეთი შეიძლება იყოს ანტიმონიუმი რაჭაში, რომელიც ეკრანებში, აკუმულატორებში და მეხსიერების ჩიპებში გამოიყენება). ნებისმიერ შემთხვევაში, ჩინური სახელმწიფო თუ კერძო კაპიტალი საკუთარი ინტერესით იმოქმედებს, ჩვენი საზრუნავი ის უნდა იყოს, რომ მას წინააღმდეგობა შეხვდეს, როცა უღირსი შრომის პირობებით და ანაზღაურებით, გარემოს  შემოღობვით და დაბინძურებით, ან  რესურსების მიტაცებით გამოავლენს საკუთარ თავს და მოქმედების წესს. ასეთ დროს წინააღმდეგობის მთავარი კერები უკვე არსებული და გაფართოვებული გარემოსდაცვითი მოძრაობები უნდა გახდეს, რომელთა დისკრედიტაციისა და განეიტრალების მცოცავ პროცესსაც ახლა ვაკვირდებით. 

 

მეორე პროექტი ე.წ. შავი ზღვის კაბელის სახელითაა ცნობილი და მისი გააქტიურება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ევროკავშირს, რომელსაც ენერგოუსაფრთხოების პრობლემა გაუმწვავდა, სურს რუსეთთან ენერგეტიკულიდამოკიდებულების გაწყვეტის პარალელურად ენერგიის ახალ წყაროებს მოუყაროს თავი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მსოფლიოში ყველაზე გრძელი ელექტროენერგიის გამტარი კაბელის მშენებლობა შავ ზღვაში, რომლითაც  აზერბაიჯანული მწვანე ენერგია გაივლის საქართველოს, შავ ზღვას და რუმინეთს, და  უნგრეთში გაიყიდება. საუბარია 1 000 მეგავატი სიმძლავრის კაბელზე, რომელიც  1 100 კმ-იანი იქნება. ეს კაბელი ჰიდროელექტროსადგურების,  ქარის,  მზისა და სამი ჰიბრიდული ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას წაიღებს ევროკავშირის ქვეყნებში. როგორც ჩანს, საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა ამ პროექტთან დაკავშირებას ცდილობს. ამ გეგმის მიხედვით, 2033 წლისთვის საქართველოს ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული სიმძლავრე, რომელიც ახლა 4586 მეგავატია და რომლის 74% ჰესებზე მოდის, უნდა გაორმაგდეს და 9848 მეგავატს უნდა მიაღწიოს (რომელშიც ჰესების წილი 73% იქნება. ამ გეგმის განხორციელება გულისხმობს როგორც ნამოხვანის ჰესების კასკადის, ისე ცხენისწყლის კასკადის და ხუდონჰესის აშენებას. როგორც ჩანს, ეცდებიან, გამომუშავებული ელექტროენერგია შავი ზღვის კაბელს გაატანონ. 

 

ჯერ არ ვიცით, რა სახით, ან რა ფორმით დააბრუნებენ ამ პროექტებს საჯარო სივრცეში და რა ტიპის დისკრედიტაციის კამპანიას აწარმოებს ხელისუფლება ადგილობრივი მოსახლეობისა და გარემოსდაცვითი მოძრაობების მიმართ. თუმცა, შუქრუთში ახლა მიმდინარე პროცესი (შუქრუთელებისთვის მაღაროების ბლოკირების აკრძალვა), შესაძლოა მშვიდობიანი პროტესტების განეიტრალების რეპეტიცია იყოს. 

 

რესურსების წართმევა მიწის წართმევის გავლით ხორციელდება და განხორციელდება. გარემოსდაცვით მოძრაობებს დასჭირდებათ ახალი ტაქტიკები და სტრატეგია ახლებურად ძალადობრივი და  თვალთმაქცური რეალობის გათვალისწინებით. ამ და სხვა წინააღმდეგობებზე  მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული, რა გზით წავა საქართველო – თანასწორობისა და პროგრესის, თუ მიწის წართმევისა და აოხრების გზით.

 

 

შენიშვნები

 

1. Кarl PolanyL The Self-Regulating Market and the Fictitious Commodities: Labor, Land and

Money. In: K.PolanyL The Great Transformation. N.Y.: Farrar & Rinehart, Inc., 1944, р.68—76. ©

Karl Polanyi, 1944

2. https://jacobin.com/2024/06/marxism-land-working-class-ecosocialism

3. https://roape.net/2019/03/07/utsa-patnaik-on-agrarian-history-and-imperialism

4. Global, John Bellamy FosterTopics: Capitalism Climate Change Ecology Marxist Ecology Political Economy Places: “Monthly Review | Nature as a Mode of Accumulation: Capitalism and the Financialization of the Earth.” Monthly Review, 1 Mar. 2022.

5. Speech by Karl Marx 1867.

6. https://liberali.ge/blogs/view/5913/sasoflo–sameurneo-mitsa-utskhoelebze-isev-gaskhvisdeba

7. https://rb.gy/7039jr

8. ქართველიშვილი, გ. 2024.“რა უნდა ჩინეთს (საქართველოში)?“