გაფიცვა და მისი მტრები – შტრაიკბრეხერები

გაფიცვა და მისი მტრები – შტრაიკბრეხერები

ავტორი: გიორგი ღვინჯილია

28 აგვისტო 2024

„ევოლუშენ გეიმინგში“ გაფიცვა გრძელდება, კომპანია უარს არა მხოლოდ გაფიცულთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, არამედ მათთან შეხვედრაზეც ამბობს. მენეჯმენტის ცინიზმის ფონზე გაფიცულებს შიმშილობის გამოცხადება და პირის ამოკერვა მოუწიათ. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ გაფიცულთა არსენალში გამოჩნდა ისეთი აუცილებელი ატრიბუტი, როგორიც პიკეტის ხაზია, ცხადია ყველა აზრზე მოსულმა ადამიანმა იცის, რომ პიკეტის ხაზის გარეშე მშრომელთა ისტორია ვერცერთ პროგრესულ მიზანს ვერ მიაღწევდა, დღეს არც რვა საათიანი სამუშაო დღე გვექნებოდა და არც ბავშვთა შრომას აკრძალავდა ვინმე. რატომ სჭირდებოდა ყველა საგაფიცვო მოძრაობას საწარმოების პიკეტირება? იმიტომ რომ ყველგან სადაც გაფიცვაა შტრაიკბრეხერებიც არსებობენ. როგორი გააფთრებითაც არ უნდა ებრძოლა ევოლუშენის მენეჯმენტს, შტრაიკბრეხერების გარეშე გაფიცვა დიდი ხნის წინ გაიმარჯვებდა. სიტყვა შტრაიკბრეხერი ქართულში გერმანულიდან შემოვიდა და პირდაპირი მნიშვნელობით გაფიცვის გამტეხს ნიშნავს. ტერმინი პირველად 1918 წლის ლექსიკონში ჩნდება და შემდეგი განმარტება ერთვის: „გაფიცვის დამრღვევი, ადგილის შემცილებელი. შტრეიკბრეხერობა – ნემ. გაფიცვის დარღვევა, ზოგიერთ მუშათა მიერ ღალატი, რომელნიც ან გაფიცვას ბოლომდე ვერ იცავენ, ან გაფიცულთა ადგილზე მუშაობას იწყებენ“.[1] შტრაიკბრეხერები ყველგან იყვნენ და იქნებიან სადაც გაფიცვაა, მათთან ბრძოლა ისეთივე ძველია როგორც გაფიცვის იდეა. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცეს დასაწყისში საქართველოში პირველი გაფიცვები მოხდა. მაშინ, როგორც ახლა, კაპიტალისტები შტრაიკბრეხერობის წახალისებას და მშრომელთა დაპირისპირებას ცდილობდნენ. ის, რაც კარგად ნაცნობი იყო ჩვენი წინაპრებისათვის, შედარებით უცხო ხილია ახალი თაობისთვის. სიახლეა გაფიცვის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიები და დაპირისპირებებიც. ჩვენი განსაკუთრებით ჰუმანური ბუნებიდან გამომდინარე შეგვიძლია გამონაკლისი დავუშვათ და ვთქვათ, რომ ყველა შტრაიკბრეხერი ცუდი ადამიანი არ არის, თუმცა ყველა მათგანს ცუდი ადამიანები იყენებენ. ზოგი დამსაქმებლის ინსტრუმენტად გამოუცდელობისა და გაუნათლებლობის გამო იქცევა, ზოგს უბრალოდ შინაგანი ძალა არ ჰყოფნის მჩაგვრელთან დასაპირისპირებლად და კონფორმიზმის გზას ირჩევს. გაცილებით რადიკალური იყო ჯეკ ლონდონი, რომელიც შტრაიკბრეხერებს ასე აღწერდა: „როდესაც ღმერთმა ჩხრიალა გველის, გომბეშოს და ვამპირის შექმნა დაასრულა, მას ცოტაოდენი საშინელი სუბსტანცია დარჩა, რომლითაც შტრაიკბრეხერი გააკეთა”.[2]

 

ერთ დროს მივიწყებული სიტყვა გაფიცვა ნაცნობ სიტყვად იქცა თანამედროვე ქართველისთვის. სხვადასხვა დროს გაფიცვები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისა და თაობების მონაწილეობით გაიმართა. ძარცვასა და გაღარიბებასთან ერთად, პოსტსაბჭოთა „შოკურმა თერაპიამ“ მშრომელთა კავშირების განადგურება და მოსახლეობის გათითოკაცებაც გამოიწვია. არის დამაიმედებელი ნიშნებიც – პოსტსაბჭოთა ქვეყნების დიდი ნაწილის ფონზე ქართული საზოგადოება განსაკუთრებულ ბრძოლისუნარიანობას იჩენს, მრავლდება იმ ადამიანების წრე, რომლებსაც გაფიცვის მნიშვნელობა აქვთ გააზრებული და ესმით, რომ არსებული სოციალური მდგომარეობის გამოსწორებისათვის ბრძოლაში მშრომელთა სოლიდარობას ალტერნატივა არ აქვს. საგაფიცვო ტალღას ერთი უტყუარი თვისება აქვს, ხალხი ორგანიზებას სწავლობს, ჩნდებიან ბრძოლისუნარიანი ადამიანები, ყოველი წინა გამოცდილება გზას უკვალავს შემდგომ მოქმედებებს. ექსპლუატატორებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველო დაბალი ხელფასებისა და მორჩილი მუშახელის ქვეყანად დარჩეს, ამისათვის კი შტრაიკბრეხერობა უნდა ნორმალიზდეს და წახალისდეს.

 

შტრაიკბრეხერული მენტალიტეტის კულტივირებაზე ფიქრისას „ნიკორაში“ დადებული ფიცი გამახსენდა.[3] სუპერმარკეტების ქსელებში შექმნილი სავალალო მდგომარეობა ბევრჯერ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.[4] იმისათვის, რომ კონსულტანტებმა არაფერი გააპროტესტონ, მნიშვნელოვანია, თავი არა უბრალოდ დასაქმებულებად, არამედ „ნიკორას“ ოჯახის წევრებად იგრძნონ – ადამიანების მსგავსი ზღაპრებით დამუშავება განსაკუთრებით მომგებიანია იმ კომპანიებისათვის, სადაც შრომა მძიმეა, ხოლო ანაზღაურება დაბალი. საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობ ვიდეოში „ნიკორას“ ახალი თანამშრომლების მიღების ცერემონიაა აღბეჭდილი – ცერემონია სამხედრო ფიცის დადებას გავს, სადაც ზემდგომის წარმოთქმულ სიტყვებს რიგითები იმეორებენ. „გენერლის“ წინ ახალგაზრდა სტუდენტები ჩამწკრივებულან, მათი უმრავლესობა ღარიბი ოჯახებიდან არის, ეს მათი პირველი სამსახურია. სტუდენტებს ხელი ცაში აქვთ აღმართული და ფიცის ტექსტს შემართებით იმეორებენ – „ქვეყნის და ღმერთის წინაშე ვფიცავ, ერთგულად ვემსახურო ჩემს კომპანიას, ვიყო მეგობრული, გუნდური და თავდადებული, ღირსეულად ვატარო ნიკორელის ტიტული, და მუდამ მზად ვიყო ყოველი ახალი გამოწვევისთვის! ვფიცავ! ვფიცავ! ვფიცავ!“- ერთმა მეგობარმა სცენის საეჭვოდ ანტი-ქრისტიანული ელფერი შენიშნა, თითქოს „ნიკორელების“ ხელით მოსეს მიერ დიდი ხნის წინ დანგრეული ხბოს კერპის თავიდან აღმართვა ხდება – „როგორც კი მიუახლოვდა ბანაკს და დაინახა ხბო და როკვა, რისხვით აღენთო მოსე და ხელიდან გააგდო ფიქალები და მიამსხვრია მთის ძირას“. მენტალიტეტი, რომელსაც ქვედა ფენებიდან წამოსულ ახალგაზრდებს ქართული კომპანიები უნერგავენ  დიდ პრობლემას ქმნის საზოგადოების განვითარების გზაზე – კრიტიკული აზროვნებისა და საყოველთაო კეთილდღეობაზე ფიქრის ნაცვლად, აქ მორჩილებას, თავის მდიდრებთან გაიგივებას და პლანტაციის ერთგულებას ასწავლიან.

 

ცხადია საკუთარ ფუნქციას ახალგაზრდებში მომძრავრებული ლიბერტარიანული იდეოლოგიაც ასრულებს, რომელსაც „გირჩი“ და კახა ბენდუქიძის პერიფერიაზე აღმოცენებული სხვა პარტიები ავრცელებენ. „არ უნდა და არ გაუზრდის!“, „რა ვალდებულია?“, „თუ არ მოგწონს წადი!“ – გეტყვიან ლიბერტარიანებელები. თუ დავაკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ ამ ადამიანებისათვის ზოგადად გაფიცვა და ხელფასების მატებისათვის კოლექტიური ბრძოლა არის მიუღებელი, ხელფასი მხოლოდ მაშინ უნდა გაიზარდოს, როდესაც ამას კომპანიის მოწყალე ბოსები გადაწყვეტენ. კომპანიასთან დაპირისპირებაში შესვლა სხვის სახლში მთვრალი დებოშის მოწყობასთან არის გათანაბრებული. კომპანია ხომ სხვისი საკუთრებაა, რა უფლება აქვთ დასაქმებულებს მისი მუშაობა შეაჩერონ და რამე მოითხოვონ, თითქოს ბუნების კანონები ირღვევა – წარმოვიდგინოთ, რომ გაქვს თონე და ამ თონეში დასაქმებულს უხდი 500 ლარს და ეს ადამიანი იფიცება და თონე აღარ მუშაობს… – „გირჩელებს“ გასაქანი, რომ მისცე შრომის კოდექსის გაუქმებასთან ერთად კონსტიტუციიდან გაფიცვის უფლებასაც ამოიღებდნენ.

 

ცხადია ამგვარ გარყვნილებას მარტო საქართველოში როდი პროპაგანდირებენ. იაფი მუშახელისათვის ამ მეთოდებით ტვინის რეცხვა თითქმის ყველგან ხდება, სადაც კაპიტალიზმი და სიღარიბეა. სამეცნიერო ლიტერატურიდან ერთი კურიოზული მაგალითი მახსენდება: ანთროპოლოგი ანა ცინგი ინდონეზიაში „ნაიკის“ სამკერვალოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აღწერს[5] – ინდონეზიის სამკერვალოები განსაკუთრებით დაბალი ხელფასითა და მძიმე სამუშაო პირობებით გამოირჩევა, აქ დასაქმებულები დღეში რამდენიმე დოლარად კერავენ „ნაიკის“ უძვირფასეს პროდუქციას.[6] ანთროპოლოგის ინტერესი სამკერვალოს ირგვლივ აღმოცენებულმა სუბკულტურამ გამოიწვია. ინდონეზიაში ქალებს კერვას ბავშვობიდან ასწავლიან, რაც მათ უნიკალური სიმდიდრის წყაროდ აქცევს „ნაიკის“ მსგავსი კომპანიებისათვის. ქარხანაში მონური შრომა მძვინვარებს, ხოლო ქარხნის ირგვლივ მამაკაცების უმუშევრობა და კრიმინალური სუბკულტურა ყვავის. ცინგი ერთ-ერთი ასეთი სუბკულტურის ცხოვრებას აღწერს, მისი წევრები ახალგაზრდა კაცები არიან, რომელთა დედები „ნაიკის“ ქარხანაში მუშაობენ. „ნაიკის“ ლოგო მაღალი სოციალური სტატუსის სიმბოლოდ იქცევა რეგიონში, ბევრი მათგანი იქამდეც მიდის, რომ საკუთარი დედების მჩაგვრელი კომპანიის ლოგოს სხეულზე ისვირინგებს. ამგვარად, ეკონომიკურ ექსპლუატაციასთან ერთად, კომპანია მასში დასაქმებული მშრომელებისა და მეტიც, მათი ოჯახების იდენტობის ნაწილად იქცევა. ამგვარ ადგილებში გაფიცვა ბევრად რთულია, რადგან დასაქმებულებს „ნაიკთან“ დაპირისპირებას, მასთან თავის გაიგივება ურჩევნიათ. ინდონეზიელი ბიჭების და „ნაიკის“ ქარხნის ისტორია, სიბნელის უკიდურესი წერტილის აღქმაში გვეხმარება, იმის დანახვაში, თუ როგორ შეიძლება დამახინჯდეს გონება, რომელიც ადამიანს თავისუფლებისთვის მიეცა.

 

„ევოლუშენში“ მიმდინარე გაფიცვა აჩვენებს, რომ შტრაკბრეხერობას ამგვარ ტვინის რეცხვასთან ერთად შრომის ბაზარზე შექმნილი მძიმე მდგომარეობა აძლიერებს. პირველ რიგში, ეს ახალგაზრდებს შორის გავრცელებული უმუშევრობაა, ბოლო გამოკითხვების მიხედვით 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდების 58% უმუშევარია, ხოლო 31% არც მუშაობს არც სწავლობს.[7] დასაქმების შემთხვევაში სტუდენტები დაბალანაზღაურებად და მარტივად ჩანაცვლებად სამსახურებში ხვდებიან. შექმნილ მდგომარეობას „ევოლუშენის“ და „ნიკორას“ მსგავსი პარაზიტული კომპანიები იყენებენ, რომლებიც უმუშევრობით შეშინებული ახალგაზრდების მაქსიმალურ ექსპლუატაციას ეწევიან. შტრაიკბრეხერობა სწორედ ასეთ კომპანიებში ყვავის, სადაც ხელფასები დაბალია, უმუშევრობა მაღალი, ხოლო შრომა მექანიკური და ჩანაცვლებადი. ასეთ გარემოებებში დასაქმებული ადამიანების დიდი ნაწილი, სამუშაო პირობების კოლექტიურად გამოსწორების ნაცვლად, გადარჩენაზე ფიქრობს. სამსახურის დაკარგვის შიში, გამარჯვების რწმენის არარსებობასთან არის გადაზავებული, განსაკუთრებით დამუშავებულები ცდილობენ დამსაქმებელს საკუთარი ერთგულება აჩვენონ და გაფიცვის ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.

 

საქართველოში გაბატონებული უთანასწორობის დასამარცხებლად საგაფიცვო მოძრაობა არის საჭირო. ამ ბრძოლაში ერთმანეთს ორი ჯგუფი უპირისპირდება, ერთის გამარჯვება მეორეს დამარცხებას ნიშნავს და, პირიქით. პირველი მათგანი მსხვილი დამსაქმებლები არიან, გაბატონებული კლასი, რომლის პირდაპირ ინტერესებში დაბალი ხელფასების შენარჩუნება და ყოველი მომდევნო გაფიცვის დამარცხება არის. ისინი ორგანიზებულებულები არიან, მათ მხარესაც გროვდება გაფიცვასთან ბრძოლის გამოცდილება. მეორე მხარეს კი დასაქმებულები არიან, დაქვემდებარებული ფენა, ანუ მთელი ქვეყანა. ქართველი მუშახელის უდიდესი ნაწილი ათას ლარზე დაბალ ანაზღაურებას იღებს, მშრომელებს სამსახურის დაკარგვისა და შიმშილის ეშინიათ.[8] ამ უთანასწორო ბრძოლაში დამსაქმებლის მთავარი იარაღი შტრაიკბრეხერები არიან, მათი გამოყენებით გაბატონებულ ფენას შეუძლია, მასსა და დასაქმებულებს შორის მიმდინარე დაპირისპირება, დასაქმებულების შიდა დაპირისპირებად გადააქციოს და არსებული მონური სტატუს კვო შეინარჩუნოს. პირიქითაც შეიძლება, თუ შტრაიკბრეხერული მენტალიტეტი გადატყდება, დამსაქმებელი იარაღის გარეშე დარჩება, მას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა და მშრომელთა სამუშაო პირობების გამოსწორება მოუწევს. იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობის შრომის პირობები გამოსწორდეს, დამსაქმებელს ეს იარაღი უნდა წავართვათ – უკომპრომისო ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ შტრაიკბრეხერობის მონურ მენტალიტეტს, კომპანიების საკუთარი იდენტობის ნაწილად ქცევის სამარცხვინო პრაქტიკას და სხვა მავნე იდეოლოგიურ ჩვევებს, რომლებიც შრომის ბაზარზეა გავრცელებული. რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა უნდა გაიაზროს, რომ საზოგადოება რომელსაც გაფიცვა არ შეუძლია მონური შრომისა და მუდმივი დამცირებისთვის არის განწირული. ასეთ საზოგადოებაში ვერც თავისუფლება იარსებებს და ვერც თანასწორობა, ამიტომ გაფიცვის ძალას ყველა ჩვენგანი უნდა პოულობდეს.

 

ჭიათურის გაფიცვაში მონაწილეობისას რამდენიმეჯერ ვეცადე ამეხსნა, თუ რატომ მიმართავენ ქართველი მშრომელები პროტესტის ისეთ ფორმებს, რომლებიც მათი ჯანმრთელობის დაზიანებას იწვევს. ასეთი ფორმებია: შიმშილობა, პირისა და თვალების ამოკერვაა. კითხვის მნიშვნელობას ისიც ამძაფრებს, რომ ჭიათურასა და „ევოლუშენში“ ჩვენ ვნახეთ, თუ რამდენად გულგრილია გაბატონებული ფენა ადამიანების ტკივილის მიმართ. გაფიცულებმა ეს ყველაზე კარგად იციან, ისინი შიმშილობას უფროსობის მოწყალების მისაღებად არ მიმართავენ, ამ ფსიქოპატებისგან რამენაირი შებრალების მიღება შეუძლებელია, ისინი უნდა დაამარცხო და აიძულო. მშრომელებს საკუთარი თავის დაზიანება იმიტომ უწევთ, რომ ჩასაფრებული შტრაიკბრეხერებით არიან გარშემორტყმულები, რომლებიც მიზეზს ეძებენ, რომ გაფიცულებს დაუპირისპირდნენ. შტრაიკბრეხერობა არა მხოლოდ გაფიცვისას მუშაობით აზიანებს მშრომელთა ინტერესებს, ის ქმნის ნორმატიულ ჩარჩოს, ითხოვს იდეალურ გაფიცვას, რომელიც გაფიცვის არსისაგან იქნება დაცლილი – თითქოს ერთ მშვენიერ დღეს კომპანიის უკლებლივ ყველა თანამშრომელი ერთად უნდა გამოვიდეს, ცოტა ხნით გაიფიცოს და კომპანიის დადებითი, ან უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ დაიშალოს. ასეთი გაფიცვა კინოფილმ „ბარბის“ სამყაროში დადებულ „ნიკორას“ ფიცს უფრო ჰგავს. საერთოდაც ეს გაფიცვა არ არის, ეს გაუნათლებელ მასისთვის შექმნილი ილუზიაა. იდეალური მოდელი, რომელიც მიუღწეველი თამასის დაწესებით მოქმედების პარალიზებას იწვევს და გაბატონებულ ფენას აძლიერებს, რომელიც ხარხარებს, სანამ გაფიცულები თავს ზემოთ ახტომას და შტრაიკბრეხერების მიერ დაწესებული ყველა წესის გამოყენებით გაფიცვას ვერ ახერხებენ. თუ მათ ლოგიკას დავემორჩილებით გამოდის, რომ ქართველების უმრავლესობამ უსასრულოდ უნდა იმუშაოს მონურ პირობებში და პროტესტიც კი არ გამოთქვას. რეალობა კი ასეთია – გაფიცვას ყოველთვის მებრძოლი უმცირესობა იწყებს, მას ყოველთვის შტრაიკბრეხერები უპირისპირდებიან. აქ მთავარი არა რაოდენობა, არამედ სიმართლეა, რომლის მხარეს დგომასაც „საჯდომი“ ჭირდება. სწორი მოქმედებების შემთხვევაში უმრავლესობა სიმართლის მხარეს დგება. გაფიცვის მტრების ამოცანა მშრომელთა სრული დემორალიზაციაა, კონსტიტუციით გარანტირებული გაფიცვის უფლებისათვის აზრის სრულად დაკარგვა – თუ ფანჯარას ჩაამტვრევ დაგიჭერენ და მოძალადე გახდები, ისინი ვინც შტრაიკბრეხერობის ზღვარზე არიან თამამად გადავლენ კომპანიის მხარეს, რომელიც თავს მსხვერპლის პოზიციაში ჩაიყენებს, თუ პიკეტს მოაწყობ შტრაიკბრეხები გეტყვიან, რომ მათ უფლებებს არღვევ, თუ პირს ამოიკერავ დაგცინებენ და გეტყვიან, რომ უმცირესობაში ხარ, თუ იშიმშილებ გეტყვიან, რომ ეს შენი უფლებაა, მაგრამ არც ხელფასს მოგიმატებენ, არც შენს დამცირებას შეწყვეტენ და არც რწყილებს მოგაშორებენ. გაბატონებული იდეოლოგია ჩვენს ირგვლივ ქვიშაზე დახატული წრეა, რომელზე გადაბიჯებასაც გვიკრძალავენ, მასთან ბრძოლა ყველა შეგნებული ადამიანის ვალია, ეს წრე უნდა გაირღვეს და დარწმუნებული ვარ გაირღვევა კიდეც.

 

 

შენიშვნები

1. https://indigo.com.ge/articles/straikbrexeri

2. https://shorturl.at/6z0KJ

3. https://t.ly/-BCyK

4. http://y2u.be/ozEYPm9YZo8

5. https://rb.gy/foxqjq

6. http://y2u.be/M5uYCWVfuPQ

7. https://t.ly/y9uDT

8. https://shorturl.at/IZE6P

მთავარი ფოტო: კადრი 1971 წლის ფილმიდან La classe operaia va in paradiso,

რეჟისორი ელიო პეტრი.