რა უნდა ჩინეთს (საქართველოში)?

რა უნდა ჩინეთს (საქართველოში)?

ავტორი: გიორგი ქართველიშვილი

18 აგვისტო 2024

1

 

მსოფლიო ჩინეთის გარშემო, და ჩინეთი მსოფლიოს ცენტრშიუძველესი ჩინური კონცეფცია და წარმოდგენაა სამყაროზე, ანუცისქვეშეთზე“ (tiānxià). ზოგიერთი თანამედროვე ჩინელი ავტორი ამ ტრადიციის გაცოცხლებას და, მის მიხედვით, ახალი ჩინური საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის შექმნასაც კი შეეცადა (Yan, 2011). მარტივად რომ ავხსნათ, ამ კოსმოლოგიის მიხედვით, ჩინეთი სამყაროს ცენტრია, ხოლო თავად მის ცენტრში ზისზეციური მანდატის“ (tiānmìng) მქონე სუვერენიჩინეთის იმპერატორი. ჩინეთის ჩინური სახელწოდებაც (zhōngguó) სიტყვასიტყვითცენტრალურ სახელმწიფოსანცენტრალურ ქვეყანასნიშნავს. ამას გამოსახავს მისი აღმნიშვნელი ორი ჩინური იეროგლიფიც: ცენტრი, და ქვეყანა (სუვერენია, რომელიც გარშემორტყმულია სახელმწიფოს საზღვრით). ხოლო ამ საზღვრების მიღმა არის არაცივილიზებული სამყარო, „ბარბაროსული სახელმწიფოები” () – ზოგი მტრული, ზოგი მეგობარი, ზოგიც ვასალი, ისტორიული მოცემულობის მიხედვით. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ცივილიზაცია უდრის ჩინეთს, და ცივილიზაცია მოდის ჩინეთიდან. რაც შეეხება „ბარბაროსულ სახელმწიფოებს,“ ამ ხედვის თანახმად, კაპიტალიზმის გაჩენისას, ამბარბაროსებისერთი ნაწილიდასავლური იმპერიები, ჩინეთის კოლონიზებას და დაჩოქებას ახერხებენ. ოპიუმის ომების შედეგად ჩინეთის ისტორიაში დგებაშეურაცხყოფის საუკუნე“. სწორედ ამ ასწლიანი პერიოდის დასასრულს იბადება ჩინური მოდერნულობა, ინგრევა ტრადიციული იმპერია, ყალიბდება ჯერ ჩინეთის რესპუბლიკა, და საბოლოოდ, 1949 წლის 1 ოქტომბერს მაო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებას აცხადებს. ჩინეთის მე-20 საუკუნე რევოლუციური გარდაქმნებით დახუნძლული პერიოდია. საბოლოოდ, 1978 წლიდან დაწყებული ტრანსფორმაციის შედეგად იბადება ახალი, გლობალურ ეკონომიკაში აქტიურად ჩაბმული კაპიტალისტური ჩინეთი, ან თუ ჩინურ ოფიციალურ ტერმინებს ვისესხებთ – „სოციალიზმი ჩინური მახასიათებლებით”. 

 

2015 წელს, როდესაც თანამედროვე ჩინეთის პოლიტიკის შესწავლა დავიწყე, „ჩინეთის აღზევებისპროცესზე, რომელსაც ახლა მსოფლიოს უამრავ წერტილში ვაკვირდებით, უკვე მსჯელობდნენ მედიაშიც, აკადემიაშიც და პოლიტიკურ წრეებშიც. იმ პერიოდისთვის ნათელი ხდებოდა, რომ ჩინეთი, 30-წლიანი სწრაფი მოდერნიზაციისა და ეკონომიკური ზრდის შედეგად, გლობალური გავლენების მქონე .. ზესახელმწიფოდ ყალიბდებოდა. ჩინეთი უკვე მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა იყო, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტით რამდენჯერმე უსწრებდა სხვა ტრადიციულ ეკონომიკურ გიგანტებს (გერმანიას, იაპონიას, ბრიტანეთს, საფრანგეთს და ..). თუმცა, ის იმავე პერიოდში ეჩეხება ერთგვარ გარდამტეხ მომენტს. ჩინეთის ეკონომიკა ახლაც ამ გარდამავალ ფაზას გადის, როდესაც ის იძულებულია განვითარების გასაგრძელებლად და კრიზისების თავიდან ასაცილებლად ხარისხობრივად გარდაიქმნას. განვითარების ის მოდელი, ის ბალანსი, რომელმაც ჩინური ეკონომიკური სასწაული განაპირობა, ისე აღარ მუშაობს, როგორც მუშაობდა 1980-იანი წლებიდან 2000-იანების ჩათვლით. ეს გამოწვევა მოითხოვს როგორც ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყობას ქვეყნის საზღვრების შიგნით, ასევე გაფართოებას საზღვრებს გარეთ. ამასთან, კაპიტალის გაფართოება გულისხმობს მსოფლიოს მოწყობას“, ანმორგებას საკუთარი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად.

 

ამ გადაწყობისა და გაფართოების ისტორიაში ერთი მნიშვნელოვანი თარიღია 2013 წლის სექტემბერი, როდესაც ყაზახეთში ვიზიტისას, ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი და ქვეყნის პრეზიდენტი სი ძინპინი პირველად აჟღერებს ჩინეთის ყველაზე ამბიციურ, მასშტაბურ და გრძელვადიან სტრატეგიას, რომელიც ახლა უკვესარტყლისა და გზის ინიციატივის“ (თავდაპირველადერთი სარტყელი, ერთი გზა“) სახელითაა ცნობილი. მოკლედ რომ მოვხაზოთ, ეს ინიციატივა თანამედროვე ჩინეთის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების ჰოლისტური და გლობალური მასშტაბის სტრატეგიაა. თავად ოფიციალურ სახელწოდებაში, „სარტყელიგულისხმობსაბრეშუმის გზის ეკონომიკურ სარტყელს“, ხოლოგზა“ – „აბრეშუმის საზღვაო მარშრუტს“. ბუნებრივია, ჩინეთის ამ საგარეო სტრატეგიას მეტნაკლებად კონკრეტული გეოგრაფიაც აქვს. კონცეპტის ორივე შემადგენლის ერთობლიობა აღნიშნავს ინფრასტრუქტურულ დერეფნებსა და ეკონომიკურ სარტყლებს, რომლებიც ევროპის, აზიის, აფრიკისა და ოკეანიის მრავალ ქვეყანასა და რეგიონს სწვდება. სტრატეგია მიზნად ისახავს ეკონომიკური და სავაჭროსატრანსპორტო დერეფნების მასშტაბური ქსელის შექმნას და, რაც მთავარია, მათ ჩაბმას ჩინეთის ეკონომიკაში. სტრატეგიის უკან ჩინეთის უზარმაზარი სავალუტო რეზერვები, საინვესტიციო ბანკები და გიგანტური სახელმწიფო კონგლომერატები დგანან. ამ სახელმწიფო კომპანიებს დიდი გამოცდილება დაუგროვდათ მთელ რიგ სფეროებში (მაგ. მსხვილი სატრანსპორტო uuდა ენერგო ინფრასტრუქტურის მშენებლობა) და მათ ზურგსპარტიასახელმწიფოუმაგრებს. დღესსარტყლისა და გზისინიციატივაში ოფიციალურად 100-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. გარდა კონკრეტულად ამ ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა, ჩინური კომპანიები აქტიურად ერთვებიან ბუნებრივი რესურსების მოპოვებაში და სამთომოპოვებით სექტორებშიცძირითადად, გლობალური სამხრეთის ქვეყნებში

 

სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ჩინეთი დღეს მსოფლიო მასშტაბის მსხვილი კრედიტორია: 21- საუკუნეში, ჩინეთმა 150 ქვეყანაში 20,000-ზე მეტი პროექტი შეასრულა ან ასრულებს, და დაახლოებით 1.3 ტრილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია გააკეთა. აქედან 1 ტრილიონი საგარეო სესხია (Parks et. al., 2023). რასაც ჩინეთი აკეთებს, ეს ერთდროულად წმინდად ეკონომიკური სტრატეგიაცაა და პოლიტიკურიც. ჩინეთს, როგორცმსოფლიოს ფაბრიკას“, მსოფლიოსთან სავაჭროდ ვრცელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა სჭირდება. ამას გარდა, მის წარმოებას ესაჭიროება დიდი რაოდენობით ბუნებრივი რესურსები (ენერგორესურსები, რკინა, სპილენძი, ალუმინი, იშვიათი მეტალები). გარდა ეკონომიკური თანამშრომლობისა, ჩინეთს, როგორც გლობალური გავლენის მქონე ზესახელმწიფოს, სჭირდება მეგობარი ქვეყნების ფართო ქსელიც, რომლებიც მას მხარს დაუჭერენ გაეროში თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ეს კი ჩინეთს ძალიან სჭირდება.

 

ამჟამად, ამ სამი პუნქტიდან, საქართველოსთან მიმართებით ჩინეთის მინიმუმ ორი ინტერესი იკვეთება: შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტის განვითარება და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული პროექტები (ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ბაქოთბილისიყარსის რკინიგზა); პოლიტიკური და დიპლომატიური კავშირები (რაც, თავის მხრივ, ეკონომიკურ თანამშრომლობასთან თანაკვეთაშია).

 

2

 

თუ 2010-იან წლებში, ჩინეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში ჯერ კიდევ მინიმალური იყო და ამაზე ცოტა თუ ლაპარაკობდა, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ეს პროცესი განსაკუთრებით დაჩქარდა. ეს მოულოდნელი არც ყოფილა. საქართველო იმ სავაჭროსატრანსპორტო ქსელის ერთერთ მნიშვნელოვან დერეფანში მოხვდა, რომელიც ევროპაჩინეთის დამაკავშირებელ ყველაზე მოკლე სახმელეთო გზას გულისხმობს. ამ გზასშუა დერეფნის“ სახელით ვიცნობთ. თავის მხრივ, ევროპა და ჩინეთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორები არიან. 2022 წელს, ჯამში ორმხრივმა სავაჭრო გაცვლამ, საქონლისა და მომსახურების ჩათვლით, 900 მილიარდ ევროს გადააჭარბა, საქართველო კი დოვლათის დაგროვების ამ ორი უზარმაზარი ცენტრის შუაში მდებარეობს

 

აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. ბოლოდროინდელმა გეოპოლიტიკურმა ძვრებმა, განსაკუთრებითრუსეთის შეჭრამ უკრაინაში, ჩინეთევროპის დამაკავშირებელი ალტერნატიული დერეფნის მნიშვნელობა ერთიორად გაზარდა. ტრადიციულად, ევროპაჩინეთის სახმელეთო ვაჭრობის 80% რუსეთისა და ბელარუსის გავლით ხდებოდა. ამ გზის დივერსიფიკაცია და ალტერნატიული არხის შექმნა ორივე მხარის ინტერესებშია, რასაც არც ევროპა მალავს და არც ჩინეთი. გარდა ამისა, ჩინეთისთვის განვითარებად ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობა ხშირად პოლიტიკურ და დიპლომატიურ მჭიდრო დაახლოვებასაც გულისხმობს (რაც შემდგომში, მაგ. ჩინეთისათვის სასარგებლო, ან მინიმუმ, ნეიტრალური პოზიციით გამოიხატება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში). ჩინეთმა კარგად იცის, რომ აშშის (რბილად რომ ვთქვათ, უკვე მისდამი არც თუ ისე მეგობრულად განწყობილის) ჰეგემონიაში ცდილობს კუთვნილი ადგილის პოვნას და მეტიც, მის გარდაქმნასაც კი. ყურადსაღებია, რომ უკრაინის ომის შემდეგ ევროპარუსეთისგანწყვილებისადა რუსეთის ეკონომიკის ჩინეთზე დამოკიდებულების ზრდა ბოლო წლებში პირდაპირპროპორციულად აისახა ჩინეთის გავლენის ზრდაზე პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს პირველად, და ყველაზე მეტად, შუა აზიამ იგრძნო, ახლა კი იგივე ნიშნები გვაქვს სამხრეთ კავკასიაში. ამას ადასტურებს როგორც 2023 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება საქართველოსა და ჩინეთს შორის, ასევე ჩინური კაპიტალის გააქტიურება ჩვენს რეგიონში და საქართველოში

 

2024 წლის გაზაფხულზე გასაჯაროვდა, რომ ანაკლიის პორტს ჩინური სახელმწიფო კონსორციუმი China Communications Construction Company (CCCC) ააშენებს და პორტის 49%-იანი წილიც მისი იქნება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი შუა დერეფნის უმნიშვნელოვანესი რგოლი უნდა გახდეს – მან ცენტრალური აზიიდან წამოსული ტვირთი უნდა გაატაროს. ასევე, სულ ახლახან, ჭოუ ციენმა, ჩინეთის ელჩმა საქართველოში, გამოაცხადა, რომ ქუთაისში ჩინური საავტომობილო ბაზრობის გახსნა იგეგმება. ზოგადად, ჩინური სახელმწიფო კომპანიები საქართველოში ბოლო წლებში აქტიურად არიან წარმოდგენილები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სექტორში. ჩინეთის გზების და ხიდების კორპორაცია (China Road and Bridge Corporation), რომელიც CCCC-ის შვილობილი კომპანიაა, რიკოთის საუღელტეხილო გზას და უბისაშორაპანის მონაკვეთს უკვე ასრულებს. ასევე, ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის (China Railway Construction Corporation) შვილობილმა კომპანიამ შეასრულა რამდენიმე საგზაო პროექტი, მათ შორის, ქობულეთიგრიგოლეთის შემოვლითი გზის მონაკვეთი. 2024 წლის აპრილში ვნახეთ კობახიძის სიტყვით გამოსვლა ქვეშეთიკობის მონაკვეთზე კიდევ ერთი ჩინური სახელმწიფო კომპანიის (China Railway Tunnel Group) მიერ გაყვანილი გვირაბის გახსნისას. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ტენდენცია მზარდია. მომავალში, საქართველოს ტერიტორიაზე უფრო მეტ ჩინურ ინვესტიციას უნდა ველოდოთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, და არა მხოლოდ. არაა გამორიცხული ჩინური კომპანიები ბუნებრივი რესურსებით და სამთომოპოვებითი სექტორითაც დაინტერესდნენ.

 

3

 

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დავინტერესდი ჩინური კაპიტალის თავისებურებით. რითია ის განსაკუთრებული ან, პირიქით, ტიპობრივი?

 

პირველი, ამ კაპიტალს თან არ ახლავს არც სამხედრო დომინაცია და არც იდეოლოგიური ბაგაჟი. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო დღემდე. თუ ბოლო 30-40 წლის განმავლობაში, აშშ სამხედრო და ამასთან, იდეოლოგიური ჰეგემონის როლს ასრულებს, ამ თვალსაზრისით, ჩინეთი წმინდად ეკონომიკური ჰეგემონია (თუმცა, ცხადია, არა პოსტიდეოლოგიური, ‘იდეოლოგიის’ კრიტიკული და საზრიანი გაგებით), რომელსაც შეუძლია ითანამშრომლოს ყველასთან. ჩინურ კაპიტალს არასდროს მოსდევს უკან დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებების დაცვის ან სტრუქტურული გადაწყობის მოთხოვნები

 

ჩინეთმა მისი პირველი სამხედრო ბაზა ქვეყნის ფარგლებს გარეთ 2017 წელს ჯიბუტში გახსნა, სადაც დღემდე სახალხო-განმანთავისუფლებელი არმიის მუდმივი გარნიზონი დგას. ბაზა სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს სომალის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. ეს შესაძლებელს ხდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო მარშრუტის კონტროლს, რომელიც ადენის ყურეზე, ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე და წითელ ზღვაზე გადის. ამ მარშრუტის გავლით გადის ჩინეთის საექსპორტო საქონლის მნიშვნელოვანი ნაწილი დასავლეთის ქვეყნებში. თუმცა, ჯერჯერობით, ჩინეთის ოფიციალური პოზიცია ვაშინგტონის კონსენსუსის რადიკალურად განსხვავებულ ალტერნატივად წარმოდგენაა სამხედრო სფეროშიც – აშშ-ს ჰეგემონიის შედეგად რამდენიმე ასეული ამერიკული სამხედრო ბაზა ფუნქციონირებს მსოფლიოს უამრავ წერტილში. 

 

გაგრძელდება თუ არა ეს ტენდენცია მუდმივად? ამაზე ჯოვანი არიგის და ჯონ მერშაიმერის თეორიული დებატი შეგვიძლია გავიხსენოთ. მერშაიმერი აგრესიული რეალისტია, რომელსაც აშშისა და ჩინეთის სამხედრო დაპირისპირება გარდაუვლად მიაჩნია. თუმცა, ისტორია ჯერჯერობით არიგის ლოგიკას მიჰყვება, რაც გულისხმობს ეკონომიკური ძალაუფლებისა და სიმდიდრის ხარჯზე მოკავშირეების შეძენას და ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნას, რომელიც ჩინეთზე იქნება ორიენტირებული, მაგრამ არა აუცილებლად დომინირებული და გამყარებული მისი სამხედრო ძალითა (Arrighi, 2007:312) თუ იდეოლოგიურ-კულტურული ჰეგემონიით. ჩვენი რეგიონის შემთხვევაშიც, მიუხედავად სწრაფად პროგრესირებადი ეკონომიკური გავლენებისა, ფაქტობრივად წარმოუდგენელია ჩინეთმა რაიმე მნიშვნელოვანი იდეოლოგიური და კულტურული როლი შეითავსოს

 

მეორე, დასავლური თუ სხვა საერთაშორისო კაპიტალთან შედარებით, ის მოქმედებს განსხვავებული ლოგიკით. მაგალითად, როგორც წესი, თუ სხვა საერთაშორისო კაპიტალი მეტ აქცენტს აკეთებს უშუალოდ მოგების სწრაფ მაქსიმიზაციაზე, ჩინური კაპიტალი, საჭიროებისამებრ, ამას გაცილებით მარტივად თმობს გეოპოლიტიკური, პოლიტიკური და სტრატეგიული ინტერესების სასარგებლოდიმისათვის, რომ მაქსიმალურად დიდხანს და სტაბილურად მოიკიდოს ფეხი ადგილობრივ ბაზარზე, მჭიდრო კავშირები გააბას ადგილობრივ პოლიტიკურ ელიტებთან და .. ამის გამო, ჩინური კაპიტალი ზოგიერთმა ავტორმამომთმენი კაპიტალისკატეგორიასაც მიაკუთვნა (Kaplan, 2021). ჩინური სახელმწიფო კომპანიები და ფინანსური ინსტიტუტები არიან, არა უბრალოდ თავისუფალი მოთამაშეები გლობალურ ბაზარზე, არამედ, პირველ რიგში, კონკრეტული სტრატეგიის გამტარები

 

მესამე, გლობალური სამხრეთის მაგალითი გვეუბნება, რომ დასავლურ და ჩინურ კაპიტალს შორის განსხვავება ძალიან მცირეა ან თითქმის არ არსებობს შრომითი ექსპლუატაციის კუთხით. დაშვება, რომ სოციალისტური ქვეყნიდან წამოსული კაპიტალი აუცილებლად მაღალ ანაზღაურებას და უკეთეს შრომით პირობებს სთავაზობს მუშათა კლასს, საღ აზრსაა მოკლებული. ამის გადამოწმება არც თუ ისე რთულია, თუ იმ ქვეყნების მაგალითებს ჩავხედავთ, სადაც ერთსა და იმავე სექტორში ჩინური და არაჩინური საერთაშორისო კაპიტალი გვხვდება (მაგ. Lee, 2017). რა თქმა უნდა, მნიშვნელობს ის, თუ როგორი შრომითი უფლებები და რა ტიპის კლასობრივი წონასწორობა ხვდება კაპიტალს ადგილზე. ისიც ცხადია, რომ ნებისმიერი კაპიტალის მოქმედების პრინციპი ცენტრალურ აფრიკაში, შუა აზიაში და აღმოსავლეთ ევროპაში ერთნაირი ვერ იქნება, რამდენადაც ის იძულებულია გარკვეულწილად მაინც მოერგოს ადგილობრივ სოციალურპოლიტიკურ და კლასობრივ მოცემულობას.

 

4

 

ეს აზრი კი აჩენს შემდეგ კითხვას: მაშინ, როგორი სოციალური, პოლიტიკური და კლასობრივი მოცემულობა ხვდება ჩინურ კაპიტალს ადგილზე საქართველოში? ჩინეთის ინტერესებისა და კაპიტალის თავისებურებებთან ერთად, ამ ცვლადის ანალიზიც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

 

სამთავრობო პროპაგანდისტები ვადაგასულ და უშინაარსო მანტრებს გვიმეორებენ. არგუმენტი პრინციპში იგივეა, რითიც საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში მიმდინარე ნეოლიბერალური კატასტროფის გასამართლებლად გამოგვიჭედეს ყურები: „შემოვა უცხოური ინვესტიციები და ეკონომიკა განვითარდება”. მერე რა, თუ ყველაზე უთანასწორო ქვეყანა ვიქნებით რეგიონში. მერე რა, თუ ჩვენი ბუნებრივი რესურსები საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას არ მოხმარდება და მისით მხოლოდ უცხოელი თუ ქართველი ოლიგარქები გამდიდრდებიან. მერე რა, თუ სკოლებში მოსწავლეები იშიმშილებენ. მერე რა, თუ ათიათასობით ჰექტარ ტყეებს ერთი ხელის მოსმით განვაკერძოებთ. მერე რა, თუ ქვეყნის მმართველები მაფიოზ მონოპოლისტებს და მევახშეებს მფარველობენ ან ხშირად, თავადვე არიან ისინი. მერე რა, თუ ამ ყველაფრის შედეგად ხალხი ქვეყნიდან მასიურად გაიქცა, ან გაქცევისთვის ემზადება. ზოგმა შესაძლოა ასეც გვიპასუხოს, რას ვიზამთ, საქართველოში ვცხოვრობთო. შედარებით სულელები იტყვიან კაპიტალიზმია ეგეთიო, ხოლო ცბიერებირა დროს ეგაა, მთავარი ხომ ღირსება, სარწმუნოება და ტრადიციებიაო. ამასთან ერთად, ის ადამიანები, ვინც ამ მოცემულობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა და აყენებს, თუ ნაცების პროპაგანდის მიხედვითრუსეთუმეანბნელიიყო, ოცნების მიხედვითნაციდა ახლა უკვე – ‘უცხო ქვეყნის აგენტია’. აშკარაა, რომ აქაც, ამ ორი ძალის ყალბ წინააღმდეგობას გაცილებით მეტი აქვს საერთო, ვიდრე გასაყოფი.

 

მრავალი არგუმენტის ჩამოთვლა შეგვიძლია იმის საჩვენებლად, რომ თავისთავად, უცხოური კაპიტალი და ინვესტიციები არც ჰუმანიტარული დახმარებაა და არც ზეციური წყალობა. ზემოთაღწერილ კონტექსტშიდეკოლონიზაციაზელაპარაკიც იმდენად სასაცილოა, რომ სავარაუდოდ, „ტრადიციებისდაოჯახური ფასეულობების დაცვისარგუმენტზე უფრო ადრე გაუვა ვადა. ამ კონტექსტში, „სუვერენულგეოპოლიტიკურ თამაშებში, რეალურად, იგულისხმება კომპრადორების, და არა მათი სავაჭრო ობიექტებისხალხის, ქვეყნის თუ მისი ბუნების – სუვერენიტეტი. ჩვენთვის მთავარი სადავო საკითხია არაა ის, თუ ვისი და რამდენი კონტეინერი გაივლის ყოველწლიურად რომელიმე სატრანზიტო დერეფანში, ან რამდენი ტონა ცემენტი ჩამოისხმება ინფრასტრუქტურული პროექტების ასაშენებლად. ამ თემის ირგვლივ, მთავარი შეკითხვები მიემართება დოვლათის გადანაწილებას და საყოველთაო კეთილდღეობის გარანტიებს. მასზე პასუხი კი აშკარაა: განვითარების ნებისმიერი გეზი პირდაპირ, დაუყოვნებლივ და კონკრეტულად უნდა აისახოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ყოველდღიურ ცხოვრებაზესოციალურ უსაფრთხოებაზე (მინიმალური ანაზღაურების სტანდარტი, უმუშევრობის დაზღვევა და სხვ.) და ხელმისაწვდომობაზე აუცილებელ მატერიალურ საჭიროებებზე (საკვები, წამალი, საცხოვრებელი, კულტურული ცხოვრება). სხვა შემთხვევაში, ანუ ეროვნულისა და კლასობრივის შეკავშირების გარეშე, ნებისმიერი გზა, ჰესი თუ გეოპოლიტიკური სვლა იქნება ისეთივე ცარიელი, როგორც ზემოთნახსენები პროპაგანდისტული არგუმენტები ქვეყნისგანვითარებისშესახებ.

 

 

ბიბლიოგრაფია

 

Arrighi, G. (2007). Adam Smith in Beijing: Lineages of the Twenty-first Century. Verso. 

 

Kaplan, S. (2021). Globalizing Patient Capital: The Political Economy of Chinese Finance in the Americas. Cambridge University Press. 


Lee, C. K. (2017). The Specter of Global China: Politics, Labor, and Foreign Investment in Africa. University of Chicago Press.


Parks, B. C., Malik, A. A., Escobar, B., Zhang, S., Fedorochko, R., Solomon, K., Wang, F., Vlasto, L., Walsh, K. & Goodman, S. (2023). Belt and Road Reboot: Beijing’s Bid to De-Risk Its Global Infrastructure Initiative. Williamsburg, VA: AidData at William & Mary.

Yan, X. (2011). Ancient Chinese Thought, Modern Chinese Power. Princeton University Press.