ქართული ენერგეტიკის ისტორიაში ყველაზე ინტენსიური მშენებლობის ეტაპი სამოციანი წლებიდან იწყება. ამ პერიოდში საქართველოში დაიგეგმა და აშენდა ქართული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის საკვანძო სადგურები და განვითარდა დარგობრივი სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტები. შედეგად, 1970 წელს, საქართველომ პირველად მოახერხა მისი ენერგეტიკული საჭიროებების სრულად დაკმაყოფილება. გზა, რომელიც ქართულმა ენერგეტიკამ ამ პერიოდამდე გაიარა, იკვეთება საბჭოთა კავშირის ეკონომიკურ და გარემოსდაცვით ისტორიასთან, რუსული რევოლუციიდან – გვიან სოციალიზმამდე.
ელექტრიკოსთა უტოპია: გოელრო და ადრეული საბჭოთა ელექტრიფიკაცია
1920 წელს, სამეცნიერო ფანტასტიკის ინგლისელი ავტორი, ჰერბერტ ჯორჯ უელსი მეორედ ჩავიდა რუსეთში. ამ დროს, უელსი უკვე ითვლებოდა ამ ჟანრის ყველაზე მნიშვნელოვან მწერლად. მის რომანებს: „დროის მანქანას“ „უჩინარ კაცს“ და „სამყაროთა ომს“, რომელშიც ლონდონელები მარსელ უცხოპლანეტელებს ებრძვიან, არა მხოლოდ ინგლისურენოვან სამყაროში, არამედ მთელ ევროპაში კითხულობდნენ. როგორც აქტიური სოციალისტი, უელსი ყურადღებით აკვირდებოდა და გულშემატკივრობდა რუსულ რევოლუციას, ისევე, როგორც ინარჩუნებდა რუს რევოლუციონერებთან მიმოწერას.
პეტერბურგში ჩასული უელსი იქაურ მდგომარეობას ექვსი წლის წინ განხორციელებულ ვიზიტს ადარებდა:
„ძირითადი შთაბეჭდილება შეუქცევადი რღვევისაა. დიადი მონარქია, რომელიც აქ 1914 წელს იყო, თავისი ადმინისტრაციული, სოციალური, ფინანსური და კომერციული სისტემებით, ექვსწლიანი ომის შედეგად დაეცა და მთლიანად დაიშალა… მაღაზიები სრულიად გაპარტახებულად და მიტოვებულად გამოიყურება; გაცვეთილი საღებავი კედელზე არ ჩერდება; ფანჯრები ჩამსხვრეულია… ყველაფერს ორი წლის მტვერი ადევს… გზები საშინელ მდგომარეობაშია. ისინი სამი ან ოთხი წელია არ შეუკეთებიათ და სავსეა ღრმა ორმოებით… ყველა ძონძებითაა შემოსილი, ყველა სადღაც მიიჩქარის, თითქოს მთელი მოსახლეობა სადღაც გარბის.“[1]
უელსს პეტერბურგი იმდენად მძიმე მდგომარეობაში დახვდა, რომ ფუტურისტი სოციალისტი ავტორი ნოსტალგიით იხსენებდა ცარისტულ რუსეთს.
ნაომარ და ნახევრადმიტოვებულ პეტერბურგში უელსმა და მისმა გარემოცვამ ბევრი იმუშავა, რათა ლენინთან, კრემლში შეხვედრა შემდგარიყო. უელსს აინტერესებდა, თუ როგორ აპირებდნენ ბოლ- შევიკები ძალაუფლების შენარჩუნებას, როგორ წარმოედგინათ მათ სოციალიზმის აშენება იმპერიის ნანგრევებში. რუსეთში მოგზაურობის შესახებ გამოქვეყნებულ წიგნში, უელსი ხაზს უსვამს ლენინისტური პროექტის იდეალიზმს და ერთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც მას ლენინმა გაუზიარა.
„ლენინი, როგორც ჭეშმარიტი ორთოდოქსი მარქსისტი, ყველანაირ „უტოპისტს“ გმობს“, წერს უელსი – „მაგრამ, როგორც ჩანს, ის მაინც მოექცა ერთი უტოპიის, ელექტრიკოსთა უტოპიის გავლენის ქვეშ. ის მთელ იმედს დიდი ელექტროსადგურების აშენების გეგმაზე ამყარებს, რომელმაც რუსეთის პროვინციები უნდა გაანათოს და აავსოს ტრანსპორტითა და ინდუსტრიით… ალბათ შეუძლებელია, წარმოიდგინო უფრო გამბედავი გეგმა უსაზღვრო სტეპისა და გაუნათლებელი გლეხების ქვეყანაში, სადაც არავის აქვს სათანადო ცოდნა და უნარები, სადაც ინდუსტრია და ვაჭრობა დღითი დღე კვდება. ელექტრიფიკაციის ასეთ გეგმებს ავითარებენ ჰოლანდიაში და განიხილავენ ინგლისში. მჭიდროდ დასახლებულ და ეკონომიკურად განვითარებულ ადგილებში, ამან შეიძლება გაამართლოს კიდეც და ეკონომიკურად მომგებიანიც აღმოჩნდეს, მაგრამ გაცილებით რთულია ამის წარმოდგენა რუსეთში… მიუხედავად ამისა, ლენინი ხედავს, თუ როგორ ანაცვლებს გაცვეთილ რკინიგზას ელექტროტრანსპორტი, როგორ იგება გზები; როგორ იწყება ახალი, უფრო ბედნიერი, კომუნისტური ინდუსტრიალიზაცია.“[2]
უელსს უტოპისტურად მოეჩვენა ლენინისტური ფორმულა, რომლის მიხედვითაც კომუნიზმი უდრის საბჭოთა ძალაუფლებას დამატებულ მთელი ქვეყნის ელექტრიფიკაციას, მაგრამ ბოლშევიკებისთვის ეს იყო გზამკვლევი და გეგმა, რომელიც ფიზიკურად უნდა განეხორციელებინათ.
ელექტრიფიკაციის გარეშე ეკონომიკა ვერ გაიზრდებოდა, მაგრამ როგორი უნდა ყოფილიყო საბჭოთა ენერგეტიკა? დარგის წინაშე ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ამოცანა იდგა – მას უნდა დაეკმაყოფილებინა მზარდი მოთხოვნა და, ამავდროულად, შეექმნა ენერგომომარაგების ისეთი ქსელი, რომელიც თანხვედრაში იქნებოდა საბჭოთა იდეოლოგიასა და მართვის პრინციპებთან. ენერგეტიკა უნდა მორგებოდა არა მხოლოდ ბუნებრივ, არამედ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ლანდშაფტს. აქაც, საბჭოთა კავშირს ნულიდან უნდა დაეწყო – არსებობდა ელექტროენერგეტიკის დასავლური, კაპიტალისტური მოდელები, თუმცა არ არსებობდა სოციალისტური ენერგეტიკა. როგორც სხვა დარგებში, ენერგეტიკაშიც მარქსისტულ-ლენინისტური პრინციპები პირველად უნდა თარგმნილიყო პრაქტიკულ, განხორციელებად პოლიტიკად.
რევოლუციის შემდეგ საბჭოთა ენერგეტიკის განვითარების ორი ალტერნატიული გზა გამოიკვეთა: მცირე სადგურების დეცენტრალიზებული ქსელის ჩამოყალიბება ან ქვეყნის დიდ ენერგეტიკულ რეგიონებად დაყოფა, თითოეულ მათგანში კი მასშტაბური სადგურების აშენება. პირველ შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებოდა შედარებით მცირე ჰესებსა და თბოელექტროსადგურებს, მათ შორის ქვანახშირსა და ტორფზე მომუშავე თესებს, რომელთა აშენებასაც, მათი უშუალო საჭიროებების მიხედვით, ადგილობრივი მთავრობები უხელმძღვანელებდნენ. მეორე ალტერნატივა იყო ენერგეტიკის განვითარების მკვეთრად ცენტრალიზებული, ვერტიკალური პროცესი, რომელშიც ცენტრალური ხელისუფლება თავად შეიმუშავებდა და ააშენებდა იმ დროისთვის გიგანტურ ჰესებსა და თესებს, გოსპლანსა და ხუთწლედებში გაწერილი მიზნების შესაბამისად.
1920 წლის თებერვლიდან, სპეციალურად შექმნილი კომისია ამ ალტერნატივების შესახებ ერთი წლის განმავლობაში, უწყვეტად მსჯელობდა. იმ დროს, ბოლშევიკთა შორის მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა იყო საბჭოთა ეკონომიკის განვითარების შესახებ: პარტიის ტროცკისტული ფლანგი ეკონომიკის სრულ ნაციონალიზაციას, წარმოების მთლიანად სახელმწიფოს ხელში გადასვლას ემხრობოდა; სტალინი და ლენინი კი ნაკლებად რადიკალურ ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას (NEP) უჭერდნენ მხარს, რომელიც ეკონომიკის კაპიტალისტური ელემენტების დროებით შენარჩუნებას ითვალისწინებდა. ორივე მხარე თანხმდებოდა, რომ ელექტროენერგეტიკის განვითარება ნებისმიერი მოდელისთვის აუცილებელი წინაპირობა იყო.
1920 წლის დეკემბერში, კომისიის მუშაობა ელექტრიფიკაციის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებით დასრულდა. გეგმა, რომელიც გოელროს (ГОЭЛРО) სახელით გახდა ცნობილი, ელექტრიფიკაციის ყველაზე ამბიციური გეგმა გახლდათ ისტორიაში. სამოქალაქო ომის მიერ განადგურებულ ქვეყანაში, გოელროს მნიშვნელობა გასცდა ენერგეტიკას და მთლიანად ეკონომიკის აღდგენისა და გარდაქმნის ხედვად იქცა. ენერგეტიკული განვითარება – როგორც ლენინი წერდა – უნდა გამხდარიყო საბჭოთა კეთილდღეობის წინაპირობაც და ყველაზე ხელშესახები შედეგიც. ელექტრიფიკაცია უნდა ყოფილიყო საბჭოთა მოდერნულობის მედროშე მთელ ქვეყანაში. მას უნდა შეექმნა საბჭოთა წარმატების ეტალონი, ტექნოლოგიისა და შრომითი ძალის მასშტაბური მობილიზებისა და ორგანიზების მაგალითი. ელექტრიფიკაციას უნდა გაექრო განსხვავება ქალაქსა და სოფელს შორის, რაც მარქსისა და ენგელსის ნაშრომებში აღწერილი კომუნიზმის მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მიზანი და შედეგი იქნებოდა.
გოელროს გეგმის მიხედვით, საბჭოთა კავშირი რვა რეგიონად დაიყო. თითოეული მათგანისთვის პრიორიტეტული სადგურებისა და მისაღწევი, დადგმული სიმძლავრეების სია შეიქმნა. პროგრამამ პრიორიტეტი მიანიჭა არსებული საჭიროებების, განსაკუთრებით კი ინდუსტრიული მოთხოვნის დაკმაყოფილებას. შესაბამისად, ყველაზე მეტი სიმძლავრე მიიღეს არსებული მდგომარეობით ყველაზე მძლავრმა, იმ დროისთვის ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანმა რეგიონებმა. „ცენტრალურმა ინდუსტრიულმა“ და „ჩრდილოეთ“ რეგიონებმა 10 პრიორიტეტული, ჯამურად 560 მგვტ სიმძლავრის სადგური მიიღო. გოელროს მიხედვით, კავკასიის რეგიონში, სადაც წარმოებას ეკონომიკაში ჯერ კიდევ უმნიშვნელო წილი ეკავა, პირველ ეტაპზე მხოლოდ ოთხი სადგური უნდა აშენებულიყო, რომელსაც მომავალში კიდევ რვა დაემატებოდა და ჯამურად დადგმული სიმძლავრე 483 მეგავატს მიაღწევდა.
1932 წლისთვის, პირველი ხუთწლედის გეგმის შესაბამისად დადგმულმა სიმძლავრემ 1750 მეგავატს მიაღწია.[3] 1940 წლისთვის, მთლიანად საბჭოთა კავშირის მასშტაბით, გოელროს ფარგლებში განხორციელებული მშენებლობის შედეგად, ელექტროენერგიის წარმოება 500 მილიონი კილოვატ-საათიდან (1920) თითქმის 50 მილიარდ კილოვატ-საათამდე გაიზარდა.[4] აშენდა ვოლხოვის, სვირისა და დნეპრის გიგანტური ჰიდროელექტროსადგურები.
გოელროს ფარგლებში, საქართველოში აშენდა რიონჰესი და ზაჰესი. ეს ორი ჰიდროელექტროსადგური ქვეყნის ელექტრიფიკაციის სიმბოლოდ იქცა – საბჭოთა საქართველოში მათ ხედავდნენ, როგორც ქართული ენერგეტიკის ორ პირველწყაროს. რიონჰესის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ლავრენტი ბერია წერდა: „სურამის უღელტეხილს გამოღმა ლენინური ზაჰესი უკვე მთელი რიგი წლების განმავლობაში უცდიდა თავისი ბევრად უფრო ძლიერი თანამოძმის – სტალინური რიონჰესის დახმარებას.“[5] ამ ორი ჰიდროელექტროსადგურის ისტორიულ კავშირზე წერდა გაზეთი კომუნისტიც:
„რიონჰესზე რომ დავიწყებთ ლაპარაკს, ზაჰესი მოგვაგონდება, ზაჰესზე ჩამოვარდება სიტყვა და რიონჰესი თვალწინ დაგვიდგება. […] ზაჰესი აღმოსავლეთ საქართველოს მშვენებაა, რიონჰესი – დასავლეთ საქართველოსი. ზაჰესი და რიონჰესი, ძმებივით შეტყუპებულნი, ერთიმეორესთან მთლიან ენერგეტიკულ ერთეულად გადაჯაჭვულნი, აგვირგვინებენ საქართველოს ჰიდროსადგურებს. ზაჰესს და რიონჰესს, როგორც უფროს ძმებს, მიჰყვებიან აბჰესი, აჭარჰესი და მთელი რიგი სხვა უმცროსი თანამოძმენი.“[6]
რიონჰესი და ზაჰესი საქართველოს ურბანულ ცენტრებს, თბილისს და ქუთაისს ამარაგებდა, დანარჩენ ქვეყანაში კი ათობით მცირე სადგური აშენდა, რომლებიც მცირე ადგილობრივ მოთხოვნას აკმაყოფილებდა.
გოელროს როგორც მარჯვნიდან, ისე მარცხნიდან აკრიტიკებდნენ პროგრამის დაგეგმვისა და იმპლემენტაციის დასაწყისიდანვე. მემარჯვენეებისთვის, გეგმა არაეფექტური და ზედმეტად ამბიციური იყო,[7] მემარცხენეებისთვის კი საგანგაშოდ ცენტრალიზებული და სოციალური გარდაქმნის თვალსაზრისით, არასაკმარისად ამბიციური.
გოელროს ფარგლებში აშენებული პირველი ჰიდროელექტროსადგურის, ზაჰესის მშენებლობა ავჭალაში
© საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი”.
ევტიხი ჟვანიას შესრულებული ზაჰესის მშენებელთა ფოტოპორტრეტი
© საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი”.
ჯონათან ქოფერსმითის სიტყვებით, „ზოგიერთისთვის არჩევანის გოელროზე შეჩერება განასახიერებდა იმედის ტრიუმფს რეალობაზე. სხვებისთვის გოელრო იყო დაკარგული შესაძლებლობა, სოციალისტური ტრანსფორმაციის ნაცვლად ცარისტული ინდუსტრიალიზაციის გაგრძელება.“[8] გოელროს აკრიტიკებდნენ იმის გამოც, რომ დიდი ელექტროსადგურების აშენებამ რესურსების უდიდესი წილი აითვისა, რამაც სწრაფი და თანაბარი ინდუსტრიალიზაციის ნაცვლად ეკონომიკურად არაეფექტური და უთანასწორო ეკონომიკური ზრდა შექმნა. ნაწილობრივ ამ კრიტიკის, ნაწილობრივ კი რადიკალურად შეცვლილი პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების გამო, გოელროს მოდელი, რომელიც ადრეული საბჭოთა ინდუსტრიალიზაციის უმთავრესი შემადგენელი იყო, ომისშემდგომ საბჭოთა კავშირში განსხვავებულმა ენერგეტიკულმა პოლიტიკამ ჩაანაცვლა. უნდა ითქვას, ამ პერიოდში მნიშვნელოვნად იცვლებოდა ეკოლოგიური ცნობიერებაც, რაც საბჭოთა ენერგეტიკის გარდაქმნის კიდევ ერთი მიზეზი გახდა.
გარემოსდაცვითი ცნობიერების სამი პერიოდი საბჭოთა კავშირში
საბჭოთა კავშირის ეკოლოგიური მემკვიდრეობა ბუნებრივი გარემოსთვის მიყენებულ ღრმა, ხშირად შეუქცევად ზიანს გულისხმობს. საბჭოთა ინდუსტრიალიზაცია არა მხოლოდ მშრომელების, არამედ ბუნების ექსპლუატაციის ხარჯზე განხორციელდა. მოსახლეობა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ინდუსტრიულ ქალაქებში – რუსთავში, ზესტაფონში, სუმგაითში, მაგნიტოგორსკში და სხვაგან – დღემდე ცდილობს გაუმკლავდეს საბჭოთა გარემოსდაცვითი მიდგომების და პრაქტიკის დანატოვარს – ჰაერის, ნიადაგის და წყლის დაბინძურებას, ერთმანეთთან გადაჯაჭვულ საცხოვრებელ და საწარმოო ზონებს, სახელდახელოდ აშენებულ ინფრასტრუქტურას, რომელმაც დროსა და დატვირთვას ვერ გაუძლო. სწორედ საბჭოთა კავშირში მოხდა დედამიწის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტექნოგენური კატასტროფა – ჩერნობილის ტრაგედია, რომელიც მისი დაშლის ერთგვარი კატალიზატორიც გახდა, დაშრა არალის ზღვა, ტოქსიკური ნარჩენებით დაბინძურდა ბაიკალი, ყველაზე დიდი მტკნარი წყლის ტბა მსოფლიოში.
მიუხედავად ამისა, საბჭოთა გარემოსდაცვითი ცნობიერების თაღი არ არის ბუნების უგულებელყოფის უწყვეტი და ერთგვაროვანი ისტორია. როგორც ჯონ ბელამი ფოსტერი წერს,
„საბჭოთა ეკოლოგიის ისტორია სავსეა ირონიით. […] ჰეგემონიური წარმოდგენები საბჭოთა კავშირის გარემოსდაცვითი ისტორიის შესახებ, რომელიც უკიდურესი ეკოლოგიური დეგრადაციის, „ეკოციდის“ უწყვეტ ხაზს მიუყვება 1930-იანი წლებიდან – საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ვერ იხელთებს სინამდვილეში არსებულ, კომპლექსურ ისტორიულ გამოცდილებას. ეკოლოგიური გადმოსახედიდან, საბჭოთა კავშირი მოჩანს საზოგადოებად, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში უმძიმეს ეკოლოგიურ კატასტროფებამდე მივიდა, მაგრამ, ამავდროულად, მან ჩამოაყალიბა ფასდაუდებელი იდეები და პრაქტიკა მატერიალისტურ, დიალექტურ და სოციალისტურ საფუძვლებზე.“[9]
უწყვეტობისა და ერთგვაროვნების ნაცვლად, ფოსტერი საბჭოთა კავშირის გარემოსდაცვით ცნობიერებას სამ პერიოდად ყოფს: პირველი პერიოდი ადრეული საბჭოთა ეკოლოგიაა, როცა ეკოლოგები და ფილოსოფოსები – მათ შორის ვერნადსკი, სუხაჩოვი, სტანჩინსკი, ოპარინი, ვავილოვი და სხვები – რევოლუციურ გარემოსდაცვით თეორიებს აყალიბებენ. იქმნება ნაკრძალები, ე.წ. „ზაპოვედნიკები“, რომლებშიც 2.7 მილიონი ჰექტარი ტერიტორია ერთიანდება.[10] 1924 წელს ფუძნდება პირველი ძლიერი ბუნების კონსერვაციის ორგანიზაცია. ახლადშექმნილი საბჭოთა კავშირის მეცნიერები ეძებენ და პოულობენ იდეოლოგიურ ბმას ეკოლოგიასა და მარქსიზმს შორის. ამ ძიებაში, მათი ნაშრომები ეფუძნება მარქსის, ლენინისა და ენგელსის ტექსტებს ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის შესახებ.
ეს პერიოდი სტალინის აღზევებასთან ერთად სრულდება. 1930-იანი წლებიდან, იწყება ეკოლოგებისა და გარემოსდამცველების დევნა. კონსერვაციაზე ორიენტირებულ მიდგომებს სტალინისტური პრომეთეანიზმი, ბუნების დამორჩილებისა და ბუნებაზე ბატონობის პრინციპები ანაცვლებს. ამ პრინციპებს ეფუძნება სწრაფი სტალინისტური ინდუსტრიალიზაციაც. პირველი საბჭოთა ნაკრძალები, რომელთა რიცხვმაც 1933 წლისთვის 33-ს მიაღწია, თანდათან არა კონსერვაციის, არამედ ექსპერიმენტაციის სივრცეები ხდება. სტანჩინსკის, რომელიც ნაკრძალების დაცვას შეეცდება, ორჯერ დააპატიმრებენ და აწამებენ. ვავილოვისა და არაერთი სხვა ადრეული საბჭოთა ეკოლოგის მსგავსად, სტანჩინსკიც ციხეში გარდაიცვლება. სტალინის შემდეგ, გვიანი სოციალიზმის პირობებში, საბჭოთა ეკოლოგია, როგორც დარგი, სტალინიზმის მსხვერპლებივით – ნაწილობრივ რეაბილიტირდა. საკვანძო თანამდებობები, ინდუსტრიალისტების ნაცვლად, გარემოს დაცვაზე ორიენტირებულმა ეკოლოგებმა დაიკავეს, ზაპოვედნიკები კი ისევ ნაკრძალებად იქცა. საკავშირო მასშტაბის ბუნების კონსერვაციის ორგანიზაცია, რომელიც სტალინის პერიოდში თითქმის წევრების გარეშე დარჩა, ხელახლა შეივსო და 1959 წელს 900,000-მეტი წევრი მიიზიდა. ამავე პერიოდში თავი იჩინა სწრაფი ინდუსტრიალიზაციის ეკოლოგიურმა შედეგებმაც – პოსტსტალინისტურ, შედარებით თავისუფალ პოლიტიკურ გარემოში საბჭოთა მოქალაქეებმა უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყეს მათი საცხოვრებელი და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის შესახებ. ამ წუხილებს იზიარებდა საბჭოთა ინსტიტუტებიც. 1950-იანი წლების ბოლოდან, ბუნების დაცვა ოფიციალური დისკურსის ნაწილი გახდა. ლიტერატურულ გაზეთებში იწერებოდა, რომ ბუნების დაცვა „ჭეშმარიტი საბჭოთა პატრიოტის“[11] საქმეა. მეცნიერების აკადემიის პრეზიდენტი გაზეთ „პრავდაში“ წერდა, რომ „ბუნების დაცვის პროპაგანდა უნდა განცხორციელდეს ყველა მიმართულებით – ლექციებში, პოლიტიკურ და სამეცნიერო საქმიანობაში, პრესაში, გაზეთებში, სამეცნიერო ფანტასტიკაში, ლიტერატურულ გამოცემებში, ფილმებში და რადიოში.“[12] საბჭოთა ხელისუფლება აღიარებდა, რომ სწრაფი ინდუსტრიალიზაციის დროს, ზრდა ხშირად ბუნების ხარჯზე მიიღწეოდა (ეს კრიტიკა დესტალინიზაციის დისკურსსაც ერგებოდა), რაც განვითარებული სოციალიზმისთვის მიუღებელი უნდა ყოფილიყო.[13]
თუმცა, ხრუშჩოვის გვიანი სოციალიზმის მოდელში, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სამომხმარებლო სიკეთეების დაგროვება იყო – მეტი კომფორტი, მეტი პროდუქტი, მეტი კეთილდღეობა. ხრუშჩოვისეულ რეფორმებზე დასავლეთში წერდნენ, რომ
„მოსკოვმა მოულოდნელად და ერთიანად გვერდით გადადო „ლენინისტური კანონი“, რომლის მიხედვითაც ინდუსტრია საბჭოთა ეკონომიკის უმთავრესი დარგია. […] პირველად მის ისტორიაში, ქვეყნის მმართველებს უთხრეს, რომ მათ უნდა შეექმნათ ახალი ეკონომიკური გეგმა, რომელიც პრიორიტეტს მიანიჭებდა ადამიანების მზარდ მატერიალურ და სულიერ საჭიროებებს.“[14]
1960-იანი და 70-იანი წლების საბჭოთა ელექტროენერგეტიკული ინდუსტრია ამ წინააღმდეგობრივი ისტორიული ხაზების კვეთის წერტილში ჩამოყალიბდა: ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი იყო სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თუმცა, მეორე მხრივ, მეტი ყურადღება უნდა დათმობოდა გარემოს დაცვას; უნდა გადააზრებულიყო ეკონომიკის სტალინისტური მოდელი, მაგრამ საბჭოთა კავშირი კვლავ ჩართული იყო კონკურენციაში დასავლეთთან – კონკურენციაში, რომელმაც, ცივი ომის ეპოქაში, ეკონომიკური რბოლის სახე მიიღო.
გვიანი სოციალიზმის ენერგეტიკული პოლიტიკა საქართველოში
გვიანი სოციალიზმის პირობებში ენერგეტიკული ინდუსტრიის განვითარება საწყის ეტაპზე არა ჰიდროელექტროსადგურების, არამედ თბოელექტროსადგურების ხარჯზე დაიწყო. ჰესების აშენება რომ ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესია, ეს ჯერ კიდევ გოელროს ოპონენტთა არგუმენტი იყო პროგრამის შემუშავებისას. ეს საკითხი ხელახლა წამოიჭრა 50-იან წლებში, ენერგეტიკული გეგმების შემუშავებისას.
„ამჟამად, საბჭოთა ენერგეტიკოსების წინაშე დასმულია გრანდიოზული ამოცანა – დაახლოებით 15 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის წარმოების დონე გაიზარდოს არანაკლებ 800-900 მილიარდ კილოვატ-საათამდე წელიწადში“ – წერდა პავლე შენგელია 1959 წელს. „თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ამჟამად საბჭოთა კავშირში ელექტროენერგიის წარმოების ბალანსში ჰიდროენერგიის ხვედრითი წონა დაახლოებით 18%-ს შეადგენს, გასაგები გახდება, რომ აღნიშნული ამოცანებისუმოკლეს დროში და მინიმალური კაპიტალური დაბანდების პირობებში გადაწყვეტა შესაძლებელია, როგორც ეს ამხ. ნ. ხრუშჩოვის მოხსენების თეზისებშია აღნიშნული, უპირატესად თბოელექტროსადგურების მშენებლობით, ჰიდროელსადგურების მშენებლობის ტემპების რამდენადე შენელების ხარჯზე.“[15]
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შეჩერებამ და მათ ნაცვლად თბოელექტროსადგურების განვითარებამ მნიშვნელოვნად დაასუსტა როგორც ზოგადად საბჭოთა, ისე ქართული ჰიდროენერგეტიკა. უმაღლეს დონეზე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება მალევე აისახა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. არაერთი ჰესის ისტორია შეიცავს ხანგრძლივ პაუზას, რომელიც 60-იანი წლებიდან იწყება. მაგალითად, 1963 წლისთვის, უკვე არსებობდა ჟინვალჰესის პროექტი, კაშხლითა და სადერივაციო გვირაბით, მოსახლეობის განსახლების გეგმით. 1963 წლის აპრილში ჟინვალჰესზე მომუშავე ინჟინრები მიუთითებდნენ, რომ ადგილზე მშენებლობა „უახლოეს მომავალში დაიწყება.“[16] იმავე წლის მაისში, გაზეთი კომუნისტი მკითხველს ამცნობდა, რომ „თბილჰიდროპროექტის მთელი კოლექტივი აღფრთოვანებულია ახალი საპარტიო ამოცანით და სრული შეგნებით შეუდგა სამუშაოთა შესრულებას. უკვე გაშლილია საგამოკვლევო სამუშაოები, გაყვანილია ელექტროგადამცემი ხაზი, დაწყებულია ბურღვითი და სხვა მოსამზადებელი სამუშაოები. თბილჰიდროპროექტის კოლექტივი ერთსულოვნად მუშაობს იმისთვის, რათა მოამზადოს სათანადო ნიადაგი ჟინვალჰესის მშენებლობის უახლოეს პერიოდში დაწყებისათვის.“ სინამდვილეში, ჟინვალჰესის ამუშავებდამდე, ამ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 წელზე მეტი გავიდა. სამაგიეროდ, 1963-1965 წლებში ამოქმედდა წიაღისეულ საწვავზე მომუშავე თბილისის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის პირველი ენერგობლოკები.
მიუხედავად იმისა, რომ საწყისეტაპზე არჩევანი თბოელექტროსადგურებზე შეჩერდა, 60-იანი წლების ბოლოს და 70-იანი წლების დასაწყისში, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაც განახლდა. ჰიდროელექტროსადგურები ნაკლებად შრომატევად და ეკოლოგიურად უფრო სუფთა ტექნოლოგიად ჩაითვალა.
წყალსაცავების აშენება, ელექტროენერგიასთან ერთად, ქმნიდა სასმელი და საირიგაციო წყლის დაგროვების საშუალებასაც, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მზარდი სექტორისთვის საქართველოში.[17] ამასთან, კავკასიის საერთო ენერგეტიკულ ქსელში, რომლისთვისაც აზერბაიჯანის ნავთობი და გაზი საბაზისო ენერგეტიკულ მომარაგებას უზრუნველყოფდა, შესაძლებელი იყო საქართველოს წყლის რესურსების პიკური მოხმარების პერიოდებში გამოყენება გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.[18]
1935 წლის რუკაზე დატანილია უმსხვილესი ენერგეტიკული და საწარმოო ბიექტები საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკაში
© საქართველოს გეოგრაფიის ინსტიტუტის არქივი.
ოფიციალურად, „ენგურჰესის“ მშენებლობა 1961 წელს დაიწყო, თუმცა, აქტიურ ეტაპზე პროცესი მხოლოდ ათი წლის შემდეგ გადავიდა. 271 მეტრის სიმაღლის ენგურჰესის კაშხლის მშენებლობა, რომელიც დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში, 1987 წელს დასრულდა. ენგურჰესის მშენებლობის პარალელურად, ჩამოყალიბდა ჰიდროენერგეტიკის კვლევითი კომპლექსი. 1971 წელს, საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტიც ჩამოყალიბდა ათზე მეტი სამეცნიერო განყოფილებით, განვითარდა დარგის კათედრები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ამ პერიოდისთვის, საქართველოს ენერგეტიკის ინდუსტრიაში 21,000-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა.[19] 1961 წლიდან – 1990 წლამდე, ყველა სახის ელექტრო- სადგურის სიმძლავრე 4.6-ჯერ გაიზარდა. 1970 წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად დაფიქსირდა სრულად ენერგოდამოუკიდებელი წელი.[20] თბოელექტროსადგურების წილი თანდათან შემცირდა, ჰიდროელექტროსადგურების წილი კი გაიზარდა.
80-იან წლებში, აღმავლობის პერიოდს მშენებლობის ტემპის შენელება მოჰყვა.[21] საბჭოთა ეკონომიკის კრიზისთან ერთად, შენელდა ენგურჰესის მშენებლობის ტემპიც. საწყის ეტაპზევე შეჩერდა ხუდონჰესის მშენებლობაც. 1980 წლიდან, კვლავ ჩნდება ელექტროენერგიის დეფიციტი.[22] შემდგომი მოვლენების გათვალისწინებით, 1960- 1980 წლების პერიოდის მშენებლობები უფრო მეტად გამონაკლისია, ვიდრე ხანგრძლივი და თანმიმდევრული ენერგოპოლიტიკის ერთი ეპიზოდი.
საქართველო არასდროს ყოფილა საბჭოთა კავშირში ენერგეტიკულად დაწინაურებული რესპუბლიკა. „მოსახლეობის ერთ სულზე ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების მხრივ, ყოფილ საბჭოთა კავშირში, საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილზე იმყოფებოდა და მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა საშუალო საკავშირო მაჩვენებელს. 1990 წელს, საქართველოში ერთ მცხოვრებზე წარმოებული იყო 2,611 კვტ.სთ ელექტროენერგია, მაშინ, როდესაც საშუალოდ სსრ კავშირში იგი 5,999 კვტს.სთ-ს უდრიდა. ე.ი. საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე იწარმოებოდა 2,3-ჯერ ნაკლები ელექტროენერგია, ვიდრე საბჭოთა კავშირში.“[23]
***
რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური პროექტები რომ ხშირად მსგავს ენერგეტიკულ პროექტებად ითარგმნება ხოლმე, ეს საბჭოთა კავშირშიც დადასტურდა და პოსტსაბჭოთა ტრანზიციის შემდეგაც. ვოლგისა და კოლუმბიის მდინარეების „ათვისება“ ოციანი წლების საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისტორიული პერსპექტივიდან პარალელურ პროცესებად მოჩანს, რომლებსაც, მკვეთრად განსხვავებული პოლიტიკური და ეკონომიკური საფუძვლების მიუხედავად ბევრი საერთო აქვთ ფიზიკურ და ეკოლოგიურ ნაწილში.[24] ასეთი პარადოქსული პარალელიზმები მეოცე საუკუნის ისტორიოგრაფიის ნაწილია, არქტიკის ისტორიიდან[25] – ატომური ინდუსტრიის ისტორიამდე.[26]
პოსტსაბჭოთა ტრანზიციის პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა: პოლიტიკურად და ეკონომიკურად – თითქმის ყველაფერი, მაგრამ არ შეცვლილა ბუნებრივი რესურსებისკენ მიპყრობილი მზერა. შეიცვალა მიზანი და ტექნოლოგია, მაგრამ უამრავი რამ – ადგილობრივი მოსახლეობის გამორიცხვა, ლოკალურის გლობალურისთვის დაქვე- მდებარება, ათვისება ეკოსისტემების მდგრადობის ხარჯზე – ენერგეტიკული პროექტების განხორციელების თანმდევ პრობლემებად დარჩა.
დიდი საბჭოთა ჰესების პროექტები პოსტსაბჭოთა საქართველოში გაცოცხლდნენ არა როგორც გაერთიანებული კავკასიის ენერგეტიკული ქსელისთვის საჭირო ობიექტები ან როგორც საბჭოთა ინდუსტრიალიზაციისთვის აუცილებელი ენერგიის მიმწოდებლები, არამედ, როგორც ფინანსირებული, კომერციული პროექტები, რომლებმაც დამოუკიდებელ საქართველოში ინვესტიციები უნდა მოიზიდონ. ზოგიერთი პროექტი, მაგალითად „ნამახვანჰესი“, იმავე რუსული სახელწოდებით დაბრუნდა, რომლითაც მას ოფიციალური საბჭოთა დოკუმენტები მოიხსენიებდნენ.[27] ლანდშაფტი, რომელიც საბჭოთა კავშირში ჯერ სწრაფი ინდუსტრიალიზაციის, შემდეგ კი გვიანი სოციალიზმის კეთილდღეობის შენების სამსახურში ჩადგა, დღეს მომგებიან ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალად ითარგმნა, რომელიც საქართველომ უნდა აითვისოს.
საბჭოთა კავშირშიც და დღესაც, ელექტროენერგია უფრო მეტია, ვიდრე დანადგარებისა და ტექნიკისთვის აუცილებელი რესურსი. სხვადასხვა დროს, ელექტროენერგიის წარმოება ადამიანის მძიმე ფიზიკური შრომისგან გათავისუფლებას, კეთილდღეობას, საჯარო სიკეთეს, ეკონომიკურ განვითარებას, ინდუსტრიალიზაციის წინაპირობას, ბუნებრივი გარემოს დაცვას, სამუშაო ადგილების შექმნას, უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობას და სიმდიდრეს ნიშნავდა.[28] უნდა ვიფიქროთ, ნაწილს გულწრფელად სწამდა, რომ ელექტროენერგეტიკის განვითარება ახალ და უკეთეს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჰორიზონტს მოემსახურებოდა; ნაწილი კი, ისევე, როგორც დღეს, ამ არგუმენტებს ცინიკურად და რიტორიკულად, საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებდა. ტექნოუტოპისტური იმედები ნაწილობრივ გამართლდა, თუმცა გამართლდა მათი შიშებიც, ვინც მასშტაბურ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე მიუთითებდა. საბჭოთა ენერგოპოლიტიკის წარმატებაც და წარუმატებლობაც, მისი უტოპიურობაც და დისტოპიურობაც დღეს ერთიანი, ამბივალენტური ენერგეტიკული მემკვიდრეობის ნაწილია, რომელსაც პოსტსაბჭოთა საქართველო უნდა დაეყრდნოს და გაუმკლავდეს.
ბიბლიოგრაფია:
[1] Wells, Herbert George. Russia in the Shadows. George H. Doran Company, 1921
[2] იქვე
[3] Coopersmith, Jonathan. “Soviet electrification: The roads not taken.” IEEE Technology and Society Magazine 12, no. 2 (1993): 13-20
[4] Lapin, G. G. “70 years of Gidroproekt and hydroelectric power in Russia.” Hydrotechnical Construction 34, no. 8-9 (2000): 374-379.
[5] ლომთაძე, დ. „რიონჰესი“. კომუნისტი. 1944 წლის 11 აგვისტო. გვ. 2.
[6] იქვე
[7] Coopersmith, Jonathan. “Soviet electrification: The roads not taken.” IEEE Technology and Society Magazine 12, no. 2 (1993): 13-20.
[8] Coopersmith, Jonathan. “GOELRO: The Creation of a Dream, 1920–1921.” In The Electrifica- tion of Russia, 1880–1926, pp. 151-191. Cornell University Press, 2016. გვ. 152
[9] Foster, John Bellamy. “Late Soviet ecology and the planetary crisis.” Monthly Review 67, no. 2 (2015).
[10] Douglas R. Weiner, Models of Nature (Bloomington: Indiana University Press, 1988), 23; “The Changing Face of Soviet Conservation,” 252–56.
[11] Leonid Leonov, “V zashitu les” Literaturnaia gazeta, March 30, 1954, 2. RGAE, fond 544, opis’ 1, delo 15: 68.
[12] Roe, Alan Daniel. “INTO SOVIET NATURE: TOURISM, ENVIRONMENTAL PROTECTION, AND THE FORMATION OF SOVIET AND RUSSIAN NATIONAL PARKS, 1950s-1990s.” PhD diss., George- town University, 2016.
[13] იქვე
[14] Khrushchev Orders Help for Consumer. The New York Times. Oct. 11, 1964
[15] შენგელია, პავლე. „გუმათჰესი.“ მეცნიერება და ტექნიკა. 1 იანვარი, 1959.
[16] თომაძე, ა. „არაგვის დიდება.“ კომუნისტი. 11 აპრილი. 1963.
[17] გეგელია, თ. „დიდი რეზერვების წყარო: არაგვის კომპლექსურად გამოყენების პრობლემა.“ კომუნისტი. 23 მაისი. 1963.
[18] ოპიცი. პ. „განახლების საჭიროება: ენერგეტიკა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში.“ საზღვრებს მიღმა. ბიოლის ფონდი. 2017
[19] ჩომახიძე, დ. „საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება.“ 2003 გვ. 175
[20] იქვე. გვ.91.
[21] იქვე
[22] იქვე. გვ. 111.
[23] იქვე. გვ. 110.
[24] Brain, Stephen. “The great Stalin plan for the transformation of nature.” Environmental History (2010). გვ.16
[25] Demuth, Bathsheba. Floating coast: an environmental history of the Bering Strait. WW Norton & Company, 2019.
[26] Brown, Kathryn L. Plutopia: Nuclear families, atomic cities, and the great Soviet and American plutonium disasters. Oxford University Press, USA, 2013.
[27] რეხვიაშვილი. ჯიმშერ. „საქართველოს ჰესსტორია საბჭოთა ფესვებით“. რადიო თავისუფლება. 2021
[28] White. R. The Organic Machine. Hill & Wang. 1995. გვ.59
იხილეთ პუბლიკაციის ბმული: