ენერგოპოლიტიკა ავტორიტარული გადალაგების პირობებში

ენერგოპოლიტიკა ავტორიტარული გადალაგების პირობებში

ავტორები: ლელა რეხვიაშვილი და ალექსანდრა აროშვილი

22 ივლისი 2024

წინამდებარე სტატიების ციკლის გამოქვეყნების სურვილი საქართველოში მიმდინარე ავტორიტარული გადალაგების მიზნებისა და მისწრაფებების კრიტიკული ანალიზის პროცესში წარმოიშვა. ეს სტატიები შეირჩა 2023 წელს, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მიერ ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე საქართველოს პავილიონში წარდგენილი წიგნიდან „იანვარი, თებერვალი, მარტი“.[1] წიგნად შეკრული ეს პუბლიკაცია სხვადასხვა ავტორების სამეცნიერო და ნახევრად-აკადემიური ტექსტებისგან შედგება, რომლებიც წყლის რესურსის, ჰიდროინფრასტრუქტურისა და ზოგადად ენერგოინფრასტრუქტურის პრეისტორიაზე, ისტორიაზე, გეოგრაფიასა თუ დღეს არსებულ პოლიტიკაზე ინტერდისციპლინარულად გვიყვება.

 

საქართველოში მიმდინარე ავტორიტარული გადალაგების მიზანს დიდი ამოცნობა არ სჭირდება: ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ გამჟღავნებული ეკონომიკური და ენერგეტიკული გეგმებით ცხადი ხდება, რომ ამ გადალაგების ერთ-ერთი ამოცანა არსებული განვითარების პოლიტიკის მიმართ წინააღმდეგობის მოსპობაა – რასაც მთავრობა ღიად და პირდაპირ ამბობს და მუდმივად იმეორებს. ამ პოლიტიკას დღეს და მომავალში – ყველაზე მეტად სჭირდება წყალი, წყლის რესურსად და ფინანსურ აქტივად ქცევა, მისგან ენერგიის გამოძალვა და ამ ენერგიით ვაჭრობა. თუმცა, ერთი შეხედვით ქვეყნისთვის შემოსავლებისა და ეკონომიკური სარგებლის პოტენციურ წყაროდ მჟღერი ეს გეგმა, სინამდვილეში კვლავ ადგილობრივი რესურსების მაქსიმალური ათვისებისა და გადინების კიდევ უფრო დახვეწილი სტრატეგიაა, რაც დაუფარავად ვლინდება ქვეყნის ენერგოექსპორტიორად და ენერგოტრანზიტად ქცევის სამთავრობო რიტორიკაში.

 

ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოს ამგვარი განვითარების პოლიტიკას სწორედ ჰიდრორესურსების სასტიკი ექსპლუატაციის წინააღმდეგ მებრძოლი სახალხო  მოძრაობების მხრიდან დაუდგა. თემატურ ორგანიზაციებთან ერთად, ასეთი და ზოგადად, ბუნებრივი რესურსების გარშემო მობილიზებული ადგილობრივი და სოციალური მოძრაობები მომავალში მთავრობის ძალადობისა და აგრესიის ერთ-ერთ ცენტრალურ სამიზნედ მოიაზრება. ამ წინააღმდეგობების მოკვლის მცდელობით, მთავრობა პირდაპირ ესაუბრება პოტენციურ ინვესტორებს – ჰპირდება, რომ საქართველოში ინვესტირების შემთხვევაში, მათ ხელს ვეღარ შეუშლის საპროტესტო ბრძოლები,  როგორც ეს მაგალითად ნამოხვანის, ხუდონის, ნენსკრას და სხვა არაერთი გაუმართლებელი პროექტის შემთხვევაში მოხდა.

 

გარდა იმისა, რომ მთავრობა ჩვენი ერთობლივი ბრძოლით შეჩერებული ყველა ენერგოპროექტის აღდგენას აანონსებს, ის უკვე არსებულ წინააღმდეგობებს არა მხოლოდ რეპრესიით ემუქრება, არამედ, ასევე ცდილობს, მათ მიერ შექმნილი კრიტიკის ნაწილსაც უპასუხოს, როდესაც აცხადებს, რომ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების თანამონაწილე გახდება. არსებული ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, ეს მხოლოდ ეფექტური მანიპულაცია შეიძლება იყოს –  ამ სვლით ის მხოლოდ და მხოლოდ ამ პროექტების მიმართ დაგროვილი კრიტიკისა და ამ კრიტიკის ავტორების – მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობების ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის შესუსტებას ცდილობს. სინამდვილეში კი, წყლის რესურსების ათვისების ეს აგრესიული გეგმა სწორედ იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ხეობა აღარ დარჩება, სადაც მდინარე ჯერ კიდევ უბრალოდ მტკნარი წყლის ნაკადებს წარმოადგენს. აღარაფერს ვსაუბრობთ სეისმურ, გეოლოგიურ, კლიმატურ საფრთხეებზე და რაც ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ცინიკურია, სოციალურ და ეკონომიკურ განაჩენზე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სახელმწიფო, რომელთანაც ამ შემთხვევაში გვაქვს საქმე, არ უდრის სახელმწიფოს ინტერესს ან საჯარო სიკეთეს. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ადგილობრივი მთავრობის ხელშეკრულებები კერძო კომპანიებთან გასაიდუმლოებული დარჩება, თუ კვლავ უვარგისი საინჟინრო გეგმებითა და გარემოზე ზემოქმედების შეფასებებებით იხელმძღვანელებენ, თუ სახელმწიფო შევა მშენებლობის პროცესში წილით, ჩვენი გადასახადებითა თუ საპენსიო დანაზოგებით, შემდეგ კი საუკუნოდ გაასხვისებს ჩვენს რესურსებსა და მასზე აგებულ ობიექტებს, ამით მხოლოდ სხვა სახელმწიფოები და ძალები იხეირებენ – რასაც გვიქადის სწორედ მათი ბოლოდროინდელი ურთიერთობების გაღრმავება თურქეთ-ჩინეთთან, როგორც მსხვილ ენერგო და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში ინვესტორ ქვეყნებთან, რომლებიც შემდეგ, ხშირად, ხელში იგდებენ ჩვენი მსგავსი ქვეყნების რესურსებსა და ინფრასტრუქტურას, და, ასევე, ევროკავშირის ინტერესი  – შავი ზღვის ელექტრო კაბელის პროექტის სახით, რის საშუალებითაც მას ენერგია სწორედ საქართველოს გავლით უნდა მიეწოდოს. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ჩვენ არავითარი გარანტია არ გვაქვს, რომ ჩვენი გარემო, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მდინარეები – და ჩვენი ეკონომიკური მომავალი დაცული იქნება ისეთივე, ან გაცილებით უარესი რისკებისა და ტვირთისგან, რის წინააღმდეგაც აქამდე ვიბრძოდით – სინამდვილეში ანტისუვერენული და ანტისახელმწიფოებრივი  გადაწყვეტილებებისგან.

 

ამ უმძიმესი რისკების პირისპირ მდგომებს, ადგილობრივი ხალხების მოძრაობებისა და თემატური ორგანიზაციების კიდევ უფრო მძიმე რეპრესიის დასაწყისის შემყურეებს, გვსურს წყალზე საუბრისკენ დაგაბრუნოთ. როცა უკვე ხშირად ისედაც დატაცებულ წყალს კიდევ მეტად დაიტაცებენ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რა ისტორიული და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამ რესურსს ჩვენი ქვეყნისთვის და მისი სიცოცხლისთვის – არ დავიზაროთ მისი დაცვა არც რეპრესიის და არც ცრუ სიკეთეების დაპირების –  ეფექტური მანიპულაციის წინაშე.

 

სტატიების ამ ციკლით, რომლის ხელახლა გამოქვეყნებაშიც „მაუწყებელი“ გვეხმარება, გიზიარებთ საქართველოს მიერ ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე 2023 წელს წარდგენილი პროექტის ფარგლებში, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მიერ შექმნილ წიგნში „იანვარი, თებერვალი, მარტი“ შესულ ტექსტებს, რომლებიც უტრიალებს წყლის ისტორიულ მნიშვნელობას შრომითი და კულტურული მეტაბოლიზაციის – ანუ ბუნების შრომითა და ტექნოლოგიებით გარდაქმნის პროცესში; საბჭოთა საქართველოში ჰიდროენერგიის განვითარების სხვადასხვა ეტაპებისა და წყლის ჰიდრორესურსად ქცევის ისტორიას; წყლის მნიშვნელობას საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომი ენერგოპლიტიკისთვის; ისევე როგორც, გვიყვება მიმდინარე პროცესებზე, კერძოდ, თუ რა სახის ექსტრაქტივისტული ოპერაციაა წყლის ჰიდრორესურსად ქცევა;  თუ ვინ სარგებლობს წყლის რესურსად და ფინანსურ აქტივად ქცევით; თუ რა სახის აქტივობებში გამოიყენება ელექტროენერგია რომლის მოასპოვებლადაც ჩვენი ხეობები უნდა გაიწიროს; რა სახის გლობალური ეკონომიკური პროცესების ნაწილია საქართველოში წყალზე მიტანილი ექსტრაქტივისტული იერიში;  სად მიმდინარეობს მსგავსი ბრძოლები, როგორ უნდა ვისწავლოთ ამ ბრძოლების გამოცდილებებიდან და სხვა.

კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას თბილისის არქიტექტურის ბიენალეს გუნდს ამ პროექტზე მუშაობისთვის, „მაუწყებელს“ კი ამ ტექსტების გაცოცხლების შესაძლებლობისთვის.

 

[1] პუბლიკაცია “თბილისის არქიტექტურის ბიენალემ” ჟინვალის წყალსაცავის შლამისაგან შექმნილ ნაგებობასთან ერთად წარადგინა, რომელიც  წყალსაცავის აშენების შედეგად წყალში ჩაძირული კულტურული ძეგლის ინტერიერის ფორმას იმეორებდა. “თბილისის არქიტექტურის ბიენალემ” ეს ნამუშევარი რიონის ხეობის მოძრაობას მიუძღვნა.

 

იხილეთ პუბლიკაციის ბმული:

იანვარი, თებერვალი, მარტი