რატომ საქართველო და რატომ „ევოლუშენ გეიმინგი“?

რატომ საქართველო და რატომ „ევოლუშენ გეიმინგი“?

ავტორი: გიორგი ღვინჯილია

14 ივლისი 2024

12 ივლისს საქართველოში ყველაზე ფართომასშტაბიანი გაფიცვა დაიწყო. გაფიცულები არც მაღაროელები არიან და არც მეტროს თანამშრომლები, გაიფიცნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და ახალგაზრდები, რომლებიც ონლაინ სათამაშო ინდუსტრიაში არიან დასაქმებულები. ვეცადე გამერკვია რას აკეთებს „ევოლუშენ გეიმინგი“ და როგორ იქცა კომპანია ქართველი ახალგაზრდების უმსხვილეს დამსაქმებლად.

 

„ევოლუშენ გეიმინგის“ გამოცხადებულ ვაკანსიებს რთულად გასაგები სათაური ამშვენებს: „ევოლუშენ გეიმინგი“ მსოფლიოში წამყვანი კომპანიაა, რომელიც B2B კლიენტებს Live გადაწყვეტილებებსა და პროდუქტებს სთავაზობს, თანამშრომლობს თითქმის ყველა წამყვან სამორინესთან  და წლებია, მსოფლიოს მასშტაბით ლიდერის პოზიციებს არ თმობს.“  ციტატა გვეუბნება, რომ დიდუბის მეტროს თავზე განთავსებული კომპანია პირველ ადგილს იკავებს კაზინოებისა და ონლაინ კაზინოების გლობალური ბაზრისათვის ონლაინ მომსახურების მიწოდებაში. ეს უზარმაზარი ბაზარია. 2023 წლის მონაცემების მიხედვით გლობალური სათამაშო ბიზნესის შემოსავალი 292 მილიარდი იყო[1], ეს მაჩვენებელი ყოველ წელს იზრდება. იზრდება „ევოლუშენ გეიმინგის“ მოგებაც.

 

მაინც რამდენად დიდია „ევოლუშენ გეიმინგი“? კომპანია 23 მილიარდის საბაზრო კაპიტალს ფლობს. მისი სათავო ოფისი შვედეთში მდებარეობს, სხვა ოფისები კი ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში. კომპანიის ვებგვერდის მიხედვით ამ ოფისებში ჯამურად 16 000 ადამიანზე მეტია დასაქმებული. მათი ნახევარი, არც მეტი და არც ნაკლები 8 000 ადამიანი, თბილისის ოფისში მუშაობს. კომპანია წინასწარ ემზადებოდა მოსალოდნელი გაფიცვისთვის და ტირილიც წინასწარ დაიწყო – 4 ივლისს თბილისის ოფისის შემოსავლები გამოქვეყნდა, მედიის ინფორმაციით „ევოლუშენ ჯორჯიას“ მოგება სულ რაღაც 11.9 მილიონი ლარი იყო[2]. აქ კი ლოგიკური კითხვა ჩნდება, რატომ არის გლობალური სათამაშო ბიზნესისათვის სერვისის მიმწოდებელი წამყვანი კომპანიის ყველაზე მსხვილი ოფისი დიდუბის მეტროს თავზე? რატომ მუშაობს „ევოლუშენის“ ადგილობრივ ოფისში მასში ჯამურად დასაქმებული ადამიანების ნახევარი?  იქნებ ეს სოციალური დახმარებაა? ქართველი სტუდენტებისათვის გლობალური სათამაშო ბიზნესის მიერ გამოგზავნილი „წითელი ჯვრის“ ნობათი.

 

ყველა მონაცემი აჩვენებს, რომ „ევოლუშენ გეიმინგის“ გლობალური აღზევება მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიამ 2018 წელს თბილისის ოფისი გახსნა და მასში ქართველი სტუდენტების დასაქმება დაიწყო. პირველივე წელს კომპანიაში 1000 ადამიანზე მეტი დასაქმდა, 2020 წელს „ევოლუშენს“ უკვე 3500-ზე მეტი დასაქმებული ჰყავდა, ხოლო საბოლოოდ ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებლად გადაიქცა. ევოლუშენთან თანამშრომლობა სლოტებისა და სამაგიდო თამაშების მიმწოდებელმა უმსხვილესმა საერთაშორისო კომპანიებმა დაიწყეს. თბილისი სტრატეგიულ ადგილად იქცა გლობალური სათამაშო ინდუსტრიისათვის, ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: პირველ რიგში ეს ხელსაყრელი ბიზნეს გარემოა, გადასახადები დაბალია, კომპანიას დასაქმებულების შენახვა იმაზე ბევრად ნაკლები უჯდება ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ოფისებში. ამასთანავე, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა თანაბარი წვდომის საშუალებას იძლევა, როგორც ევროპის, ისე აზიის ბაზრებზე.

 

წყარო: https://finance.yahoo.com/quote/EVO.ST/

 

ყველაზე დიდი ოფისის თბილისში გახსნის კიდევ ერთი მიზეზი ქართველი ახალგაზრდები არიან. კომპანიამ აღმოაჩინა, რომ მათ ბევრად დაბალი ხელფასის სანაცვლოდ შეუძლიათ ურთულესი სამუშაოს შესრულება, ეს კი პირველ რიგში სოციალური მიზეზებით არის გამოწვეული. კვლევების მიხედვით ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობა უმუშევარია და მშობლებთან უწევს ცხოვრება, ყველაფერთან ერთად მათ სწავლის გადასახადი და სხვა ფინანსური საჭიროებები აწვებათ, ამიტომ გამალებით ეძებენ ისეთ სამსახურს, რომელიც დამოუკიდებლად ცხოვრებისა და სწავლის შესაძლებლობას მისცემდა. მაგალითად, 2023 წლის მონაცემებით 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდების 31% არც სწავლობს და არც მუშაობს (საქსტატი, 2023). ამასთანავე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქვეყანაში დაურეგულირებელი სათამაშო ბაზრის გამო, ახალგაზრდების დიდი ნაწილი მოთამაშის პერსპექტივიდან იცნობს იმ პროდუქციას, რომელსაც ონლაინ კაზინოები საკუთარ მომხმარებელს სთავაზობენ. ერთი სიტყვით, საქართველო იდეალური ქვეყანაა კომპანიისთვის, რომელიც იაფ და ხარისხიან მუშახელს ეძებს აზარტული თამაშების ორგანიზებისთვის.

 

გაფიცულ ქართველ სტუდენტებს აშინებენ, რომ „ევოლუშენ ჯორჯია“ შეიძლება დაიხუროს, სინამდვილეში, კომპანია სარეკორდო მოგებაზეა გასული და გაფართოებაზე ფიქრობს. 2023 წელს მოხსნილი „ბონუსების“ შემდეგ ევოლუშენის გენერალურმა დირექტორმა, მარტინ კარლესუნდმა, მაგიდების რაოდენობის ზრდაზე დაიწყო ზრუნვა. კარლესუნდის თქმით, კომპანია მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვეღარ ახერხებს[3]. საქმე იმაშია, რომ გლობალურად მოქმედი სამორინეების მხოლოდ 10% ოპერირებს ონლაინ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომავალ ათწლეულში ბაზარი თავდაყირა დადგება და კაზინოების აბსოლუტური უმრავლესობა რეალური მაგიდებიდან ვირტუალურზე გადავა. საბაზრო ტენდენცია აზარტული თამაშების ვირტუალურ სივრცეში გადატანისკენ ისეთი სისწრაფით მიდის, რომ კომპანიები მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ, ხოლო “ევოლუშენი” ვირტუალური მაგიდების ყველაზე დიდი მიმწოდებელია.  2023 წელს კომპანიის სუფთა მოგებამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწია[4]. კიდევ უფრო შთამბეჭდავია მიმდინარე წელი, 2024 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების გზები მონახა და სარეკორდო 500 მილიონიან მოგებაზე გავიდა. კარლესუნდის თქმით, „ევოლუშენის“ უახლესი ამოცანა მაგიდების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდაა, იმისათვის, რომ გლობალურ ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნიდან მაქსიმუმის მიღება შეძლოს[5]. მაგიდების რაოდენობის გასაზრდელად კი დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა და ხელფასების დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება არის საჭირო. 2020 წელს კომპანიამ ოფისი სომხეთშიც გახსნა, თუმცა იქ ბევრად ნაკლები ადამიანია დასაქმებული. ამჟამად კომპანია ბულგარეთის და კოლუმბიის ბაზრებზე იწყებს გაფართოებას, სავარაუდოდ, „ევოლუშენის“ ხელმძღვანელობა თბილისის ოფისზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს.

 

თუ თბილისი ასეთ დოვლათს ქმნის, რატომ არ აკმაყოფილებს კომპანია დასაქმებულთა მოთხოვნებს? აქ რამდენიმე პასუხის შემოთავაზება შეიძლება – პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, რომ „ევოლუშენ ჯორჯიაში“ შექმნილი პატარა და მებრძოლი პროფკავშირი „ევოკავშირი“, რომელიც ხელფასების გაზრდასა და უკეთეს სამუშაო პირობებს ითხოვს, „ევოლუშენის“ გლობალურ ჰეგემონიას უქმნის საფრთხეს, რადგან ეს ჰეგემონია დიდწილად საქართველოსა და ჩვენს მსგავს ქვეყნებში ახალგაზრდების ექსპლუატაციაზეა დამოკიდებული. კომპანიას არაფრის შეცვლა არ უნდა, რადგან დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული სტატუს-კვო არნახული მოგების მიღწევის საშუალებას აძლევს. „ევოლუშენში“ იციან, რომ ქვეყანაში შექმნილი სოციალური მდგომარეობიდან და ახალგაზრდების გადაუდებელი საჭიროებებიდან გამომდინარე დამატებითი მუშახელის მოძიება არ გაჭირდება, სასოწარკვეთილი სტუდენტები ნებისმიერ სამსახურს თანხმდებიან, სხვა შემთხვევაში მათ უმუშევრობა, დამოუკიდებლად ცხოვრების შეუძლებლობა და უნივერსიტეტებიდან გარიცხვა ემუქრებათ.

 

ბაზარზე შემოსვლისთანავე, „ევოლუშენმა“ საკუთარი თავის ახალგაზრდებისათვის ხელმისაწვდომ, სწავლასთან შეთავსებად სამსახურად დაბრენდვა დაიწყო. „ევოლუშენის“ რეკლამები იმეორებდნენ, რომ სხვა დამსაქმებლებისგან განსხვავებით, კომპანია სამუშაო გამოცდილებას არ ითხოვს, რომ აქ მუშაობის დასაწყებად მხოლოდ უცხო ენის ცოდნა და მონდომებაა საჭირო. „ევოლუშენ ჯორჯია“ სტუდენტების „პირველ სამსახურად“ წარმოჩინდა. პროგრესული იერსახე სხვადასხვა დამატებითი ელემენტებით გამყარდა, „პინგპონგის“ მაგიდები და სავარჯიშო დარბაზი, „ქალთა გაძლიერების ლაბი“[6], რომელიც ქალებს „ევოლუშენში“ მუშაობის პარალელურად ბიზნესის წამოწყებაში ეხმარება, „ევოპოლისის“ სახელით ცნობილი რეივები, რომელთა სახითაც კომპანია დასაქმებულებს გასართობ და სოციალიზაციის სივრცეს სთავაზობს.

 

ერთი სიტყვით, „ევოლუშენმა“ ყველაფერი გააკეთა საკუთარი თავის სოციალურ პროექტად წარმოსაჩენად, სინამდვილეში კომპანია ქვეყანაში გაბატონებული უმუშევრობის, საბინაო პრობლემების და განათლების სიძვირის ექსპლუატაციას ეწევა და ამისგან ასტრონომიულ მოგებას იღებს. თამაშების ორგანიზებაში განსაკუთრებულ როლს, რიგითად მუშაობის შემდეგ, დაწინაურებული ქართული მენეჯმენტი ასრულებს. ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში, მენეჯერების ჩათების სქრინები გავრცელდა, რომლებმაც საზოგადოების ფართო ფენების დამსახურებული გულისწყრომა გამოიწვიეს – დაღლილობისგან გულწასულ გოგოებს დასცინიან, სხვებს ამცირებენ და აბულინგებენ, გაფიცვის მსურველებს აჯერებენ, რომ კომპანიასთან დაპირისპირებას აზრი არ აქვს. დღეს ამ დაწინაურებული პერსონაჟების დიდმა ნაწილმა სახელოები დაიკაპიწა და კომპანიაში მოძლიერებული გაფიცვის სულისკვეთების ჩახშობას ცდილობს. კვენტინ ტარანტინოს საკულტო ფილმ „გათავისუფლებულ ჯანგოში“ არის პერსონაჟი, რომელიც  ჩვენში დაწინაურებულ კასტას გვახსენებს, ეს ბრწყინვალე სამუელ ჯექსონის მიერ შესრულებული „სტივენია“, პლანტაციის უფროსი მონა. სტივენი პლანტატორი ქელვინ ქენდის განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი და ყველაზე ერთგული მსახურია. პლანტაციაგამოვლილი „სტივენი“ განსაკუთრებულ სისასტიკეს იჩენს სხვა მსახურებისადმი, ის ჭკვიანია და ადამიანებით მანიპულირება შეუძლია, სტივენი პირდაპირი მნიშვნელობით კივის, როდესაც მის ბოსს საფრთხე ემუქრება. რატომ არის ჯექსონის პერსონაჟი ასეთი შთამბეჭდავი? სინამდვილეში სტივენი ყველგან არის, სადაც ექსპლუატაციაა, ის სისტემის დამანგრეველ ძალას განასახიერებს. დაწინაურების შემდეგ ჩაგრული და ექსპლუატირებული ადამიანი შინაგან მდგომარეობას იცვლის, მან ექსპლუატაციის ბნელი კათარზისი გაიარა და ექსპლუატატორის, მჩაგვრელის როლში გადაინაცვლა, დღეს სტივენი სხვების ჩაგვრის ორგანიზატორია. კანის ფერის მიუხედავად, ჯექსონის პერსონაჟი გულგრილი ხდება და ბრმავდება შავი რასის საერთო ჩაგვრის მიმართ. ჩვენი მენეჯერებიც „სტივენივით“ წარმატებულები, გულგრილები და ცინიკურები გახდნენ, ისინი ვერ ხედავენ, რომ „პასუხისმგებლობიანი დამსაქმებლის“ ნიღბით საკუთარი საზოგადოების ჩაგვრასა და ძარცვას აორგანიზებენ და პირდაპირი მნიშვნელობით კივიან, როდესაც ვიღაც მათი პლანტაციისკენ ხელს იშვერს. წამით გამოფხიზლების შემთხვევაში ეს დაწინაურებული მენეჯერები გაფიცულ თანამშრომლებთან ერთად მოითხოვდნენ ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გამოსწორებას სათავო ოფისისგან. რამდენიმე მენეჯერი უკვე შეუერთდა გაფიცულთა მთხოვნებს, რისთვისაც განსაკუთრებული დაფასება ეკუთვნით.

 

უნივერსიტეტში სწავლა სტუდენტებს შრომითი ბაზრისათვის ამზადებს, რაც უფრო რთულ პროფესიას დაეუფლებიან სტუდენტები, მით უფრო რთული ამოცანების შესრულება შეეძლებათ ეკონომიკისათვის. ყოველი წუთი, რომელიც ქართველი სტუდენტების განათლებას აკლდება და მათ მომავალ შრომას ამარტივებს, ასუსტებს ეკონომიკის ძალას, პოტენციალს, რომლის განვითარებაც ქვეყანას შეუძლია. სინამდვილეში „ევოლუშენი“ და მისი მსგავსი კომპანიები, სტუდენტებს კი არ ეხმარებიან, არამედ მათ გასაჭირსა და იმ დროზე პარაზიტირებენ, რომელიც განათლებას უნდა მოხმარდეს. „ევოლუშენი“ არა მხოლოდ კონკრეტულ სტუდენტებს, არამედ მთლიანად საზოგადოებას აზიანებს. გაფიცვის გამარჯვება მაგალითს მისცემდა სხვა ახალგაზრდებსაც, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის გამოსწორებაზე ხელი აქვთ ჩაქნეული, ამასთანავე მრავალმილიარდიანი ბიზნესისგან გამოიბრძოლებდა იმ ელემენტარულ საარსებო პირობებს, რომლებიც ჩვენს სტუდენტებს უკეთესი განათლებისათვის სჭირდებათ. „ევოლუშენში“ დაწყებული მასობრივი გაფიცვის მონაწილეები ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან, მათდამი სოლიდარობა ჩვენი ვალდებულებაა.

 

შენიშვნები

[1] https://www.ibisworld.com/global/market-size/global-casinos-online-gambling/

[2] https://www.bpn.ge/article/126945-ra-mogebaze-mushaobs-evolushen-jorjia-romlis-menejerebsac-dasakmebulebis-damcirebashi-adanashauleben/

[3] https://igamingbusiness.com/finance/quarterly-results/evolution-new-studios-support-live-casino-record-q3/

[4] https://igamingbusiness.com/finance/full-year-results/evolution-revenue-growth-pushes-net-profit-up-2023/

[5] https://igamingbusiness.com/finance/evolution-progress-continues-operating-revenues-top-e500m/

[6] https://www.youtube.com/watch?v=chzm9-ojM1w