“მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიქნებით ქალაქის ცენტრში, სკოლის ნაცვლად ბავშვებს ხვალ აქ წამოვიყვანთ, ადგილზე საკვები იქნება დამზადებული და გადმოვინაცვლებთ 24-საათიან რეჟიმში, ვიცხოვრებთ ერთად, როგორც ერთი ოჯახი, გამოვიკვებებით ერთად და ვიბრძოლებთ ერთად ჩვენი ქალაქის გადასარჩენად,” აცხადებს მაღაროელი მერაბ სარალიძე. მისი თქმით, კარვის გაშლასთან დაკავშირებით ჭიათურის მერიას მიმართეს. მერიამ უპასუხა, რომ კარვის გაშლის უფლება არ აქვთ. მაღაროელები ხალხს ხვალ დილიდან შეკრებისკენ მოუწოდებენ, რათა ერთად ქალაქის ცენტრში კარვის გაშლა შეძლონ. 31-ე დღეა ჭიათურლები კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ მაღაროებში მოპოვებითი სამუშაოების შეჩერებასა და 3600-ზე მეტი მშრომელის უხელფასოდ დატოვებას აპროტესტებენ. მაღაროელების თქმით, ქალაქში ჰუმანიტარული კრიზისია. ათასობით ოჯახი შიმშილის ზღვარზეა. თუმცა, ხელისუფლება პასუხისმგებლობას ამ დრომდე გაურბის. ხვალიდან ჭიათურაში პროტესტი ახალ ფაზაში გადავა. ქალაქის ცენტრში კარვის გაშლასთან და რესურსების მობილიზებასთან ერთად, მაღაროელები მომდევნო დღეებში ქალაქის შესასვლელების ბლოკირებასაც აანონსებენ.
ბოლო ამბები